საკვირაო ქადაგება (8 ოქტომბერი, 2006 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 8 ოქტომბერი, 2006 წელი
„ურთიერთობა საქართველოსა და სინას მთას შორის
ამით არ დაწყებულა, ეს კავშირი საუკუნეებს მოიცავს!“
თქვენო უნეტარესობავ, დამიანე, მთავარეპისკოპოსო სიანისა და რაითისა, ჩვენო,
ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო!
ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით ეკლესიის, წმინდა სინოდისა და ჩვენი
მორწმუნე ერის სახელით!
განვლო 20 წელიწადმა მას შემდეგ, რაც თქვენ სტუმრობდით საქართველოში. მაგრამ
ურთიერთობა ჩვენს ეკლესიებს შორის ამით არ დაწყებულა, – ეს კავშირი საუკუნეებს
მოიცავს. სინას მთა არის ერთ-ერთი უძველესი წმინდა ადგილი დედამიწაზე. სინა არის
ის წმინდა მთა, სადაც ღმერთმა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება მისცა. წმინდა
ეკატერინეს მონასტერი, რომელიც სინას მთაზეა აგებული საუკუნეების მანძილზე იყო არა
მარტო დიდი სულიერების სავანე, არამედ მეცნიერების დიდი ცენტრი. ქართველი სასულიერო
პირები, ბერები მოღვაწეობდნენ იქ და ამიტომაც მონასტერში არაერთი საოცარი ქართული
ხელნაწერია დაცული.
მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულებში სინას მთაზე აღმოჩენილმა ქართულმა ხელნაწერებმა
უდიდესი ინტერესი გამოიწვია მთელ საქრისტიანოში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც.
ქართველი მეცნიერები მათი შესწავლის მიზნით გაემგზავრნენ სინაზე და მისი
უნეტარესობის დიდი ხელშეწყობით დაიწყეს მუშაობა.
მინდა განსაკუთრებული მადლობა შევსწირო არქიმანდრიტ დემეტრიოსს, რომელმაც დიდი
დახმარება გაუწია ჩვენს მეცნიერებს. და აი, შედგა და გამოიცა შესანიშნავი კატალოგი,
რომელიც არ არის მხოლოდ კატალოგი, – ეს არის მეცნიერული ნაშრომი. და ჩვენ დიდ
მადლობას გწირავთ პირადად თქვენ, უნეტარესო დამიანე იმ სიკეთისათვის, რაც
საქართველოს საპატრიარქოსთვის გააკეთეთ. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო
საბერძნეთის ხელისუფლებას დაფინანსებისთვის, რომელიც ამ კატალოგის გამოცემისთვის
გაიღო.
შევთხოვ უფალს, დაგლოცოთ თქვენო უნეტარესობავ მრავალსა წელსა! თქვენი სტუმრობა
საქართველოსთვის არის დიდი წყალობა, ეს არის დიდი კურთხევა ღვთისა!
ასევე მინდა შევთხოვო უფალს, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და სინას შორის
გაგრძელდეს მრავალი საუკუნის განმავლობაში. დღევანდელი დღე მოწმობს, რომ ჩვენ ერთად
ვართ და ჩვენს შორის არის ერთობა, – ჩვენ ხომ ერთი ბარძიმიდან ვეზიარეთ. დაე, ასე
გაგრძელდეს, მრავალჟამიერ! ჩვენ ახლა ვიმყოფებით წმინდა მთაზე, რომელზეც აშენდა
ყოვლადწმინდა სამების ეს საკათედრო ტაძარი და რომელსაც ეწოდება წმინდა ელია
თეზბიტელის მთა. თქვენო უნეტარესობავ, ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა და
სიყვარულისა გადმოგცემთ წმინდა ელია წინასწარმეტყველის მინანქრით შესრულებულ ხატს.

დაე, იყოს იგი თქვენი მფარველი! ასევე მინდა საჩუქრად მოგართვათ უნიკალური
წიგნი, რომელსაც ეწოდება „ნათელი ქრისტესი“ და რომელიც არის ისტორია საქართველოსი.

ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №37(390),
2006 წ.