საკვირაო ქადაგება ( 2 ივლისი, 2006 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 2 ივლისი, 2006 წ.
„ადამიანს უნდა ჰქონდეს ის
სულიერი ძალა, რომ შეძლოს სხვა ადამიანს გაუადვილოს გზა, რომელზეც დგას“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ყოველმა ადამიანმა უნდა განვლოს თავისი გზა. ძალიან ხშირად ეს ძნელად გასავლელი
გზაა, იგი მოფენილია ეკლით, უხეში ქვებით, მაგრამ შენ მაინც ბოლომდე უნდა მიიტანო
ის ჯვარი, რომელიც უფალმა მოგცა. დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნში ამბობს: „მაუწყე
მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. – მრავალი გზა არსებობს და ჩვენ ძალიან ხშირად
არ ვიცით, რომელია ჩვენი გასავლელი გზა. ერთი სასულიერო პირი ამბობდა, რომ მძიმეა
ის ჯვარი, რომელსაც უფალი აძლევს ადამიანს, მაგრამ აუტანლად მძიმეა ის ჯვარი,
რომელსაც ადამიანი საკუთარი ნებით იღებს თავის თავზე.

დღეს ჩვენ ვლოცავთ ჩვენს ბავშვებს, რომლებცი უნდა შეუდგნენ ცხოვრების გზას. მათ
უნდა გააცნობიერონ, როგორ უნდა განვლოს ადამიანმა თავისი ამქვეყნიური ყოფა. ჩვენ
ყველაფერს ვასწავლთ ჩვენს შვილებს, ვაძლევთ განათლებას, უფრო სწორად განათლებას კი
არა, ცოდნას, დაგვყავს სპორტზე, მუსიკის გაკვეთილებზე, უცხო ენებზე, მაგრამ
ცხოვრებას არ ვასწავლით; არ ვასწავლთ იმას, თუ რა განსაცდელი შეიძლება შეხვდეთ მათ
და აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ.

ის პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ჩვენი ბავშვებისთვის, არის სიახლე, კარგი
წამოწყებაა და მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ დავფიქრდით ცხოვრებისეულ
პრობლემებზე და ამ საკითხებით მოზარდების დაინტერესებაზე, თუ რა არის ცხოვრება? რა
არის განსაცდელი? რა არის ოჯახი? როგორ უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს? დღეს
გაჭირვებული ხომ ძალიან ბევრია ჩვენს შორის.

მე მახსენდება ერთი ოჯახის ცხოვრება (ეს წიგნშია აღწერილი), მშობლები
პატარაობიდანვე უშვებდნენ ქუჩაში და ეუბნებოდნენ, რომ სადაც გაჭირვებულ და მათხოვარ
ადამიანს ნახავდნენ, შინ მიეყვანათ. მართლაც, ეს ბავშვები დადიოდნენ თავიანთი
სახლის გარშემო ქუჩებში და ეძებდნენ გაჭირვებულ ადამიანებს; როცა ვერ პოულობდნენ,
დამწუხრებულები ბრუნდებოდნენ უკან და ამბობდნენ, ვერ ვნახეთო. ის დღე სამწუხარო დღე
იყო მთელი ოჯახისათვის; მაგრამ როცა ნახავდნენ მათხოვარს, სიხარულით მოჰყავდათ
სახლში და პირველი, რასაც მშობლები აკეთებდნენ, იყო ის, რომ გაჭირვებული შეჰყავდათ
აბანოში, ბანდნენ, აძლევდნენ ახალ ტანსაცმელს და ასადილებდნენ. შემდეგ კი,
მისცემდნენ სამგზავროდ საჭმელს და ისე ისტუმრებდნენ სახლიდან.

ეს იყო აღზრდის ერთ-ერთი სახე. არიან ადამიანები, რომელთაც სურვილი უჩნდებათ,
გაიზიარონ სხვა ადამიანის მძიმე მდგომარეობა, ეს ჩვენს ბუნებაშია; არც ერთ ერს არ
აქვს ასეთი საოცარი გამოთქმა: „შენი ჭირიმე“. ე.ი. ადამიანი იღებს სხვა ადამიანის
გაჭირვებას თავის თავზე, ანდა „შენ გენაცვალე“ ე.ი. თუ შენ გიჭირს, მე მზად ვარ,
შეგენაცვლოო.

მინდა, მოგყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. ეს ხდება რევოლუციის დროს, რუსეთში, ციხეში
იმყოფებოდა მოძღვარი და პატიმრები მას უყვებოდნენ თავის წარსულზე. ერთ-ერთმა თავისი
ოჯახის შესახებ შემდეგ უამბო: მას ჰყავდა საყვარელი ცოლი, მაგრამ არ ჰყავდა
შვილები. ამ ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მოხდა ისე, რომ მეზობელს
შეუყვარდა ამ კაცის ცოლი, დაუწყო ლაპარაკი და ათასი ხრიკებით ეცადა მის მოხიბვლას.
ეშმაკმა მრავალი განსაცდელი დაუდო წინ ქალს, მაგრამ იგი მაინც თავისი ქმრის ერთგული
იყო და ყველაფერს აკეთებდა, რომ არ ჩავარდნილიყო ცოდვაში. ერთხელ ეს ქმარი შინ
ბრუნდება და ხედავს საშინელებას: მოკლულ ცოლს, რომელის წინ დგას ის მეზობელი,
რომელსაც უყვარდა ეს ქალი. „პირველი აზრი, რომელიც მე დამებადა, – ამბობდა ქმარი
აღსარებისას, იყო ის, თუ რით მომეკლა ეს კაცი. ამას რომ ვფიქრობდი, ვუყურებდი
მიცვალებულს, მკვლელმა მეზობელმა, დაიჩოქა და მეუბნება, მე მოვკალი შენი ცოლი,
რადგან ძალიან მიყვარდა და ყველაფერზე უარს მეუბნებოდა!“ ამ სიტყვებმა ქმარზე
იმდენად იმოქმედა, რომ მეზობელს უთხრა, შინ წასულიყო, თავად კი დაკეტა სახლი,
წავიდა პოლიციაში და განაცხადა, მე მოვკალი ჩემი ცოლიო, ე.ი. სხვისი ცოდვა თავის
თავზე აიღო. ამის გამო იგი გაასამართლეს და ციხეში გაუშვეს.

ასეთი ადამიანები, მართალია, იშვიათია, მაგრამ მაინც არსებობენ. ადამიანს უნდა
ჰქონდეს ის სულიერი ძალა, რომ შეძლოს სხვა ადამიანს გაუადვილოს ის გზა, რომელზეც
დგას. თუ ადამიანს არ შეუძლია მატერიალური ან სულიერი დახმარება, ხომ შეუძლია
იმედის სიტყვა უთხრას, ანუგეშოს მეორე და ამით შეუმსუბუქოს მას ცხოვრება. აი, ჩვენი
ბავშვები, რომლებიც აქ დგანან, სწორედ ამისათვის არიან მოწოდებულნი და მინდა,
შევთხოვო უფალს, რომ უფალმა ძალა და მადლი მოგცეთ; უფალმა გაგიხსნათ გონება, რომ
დაინახოთ სხვა ადამიანის გაჭირვება. პავლე მოციქული ამბობს: „ერთმანეთის სიმძიმე
იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი!“

დღეს, ჩვენო სულიერო შვილებო, წმინდა სამება გლოცავთ თქვენ და მინდა, რომ გადმოგცეთ
სახარება და წმინდა გიორგის ხატი, რომელიც იქნება თქვენი მფარველი და ყოველდღე
გევალებათ, წაიკითხოთ პატარა ნაწილი მაინც სახარებიდან. მე ასევე ბედნიერი ვარ, რომ
აქ ჩამოსულია გუნდი ბათუმიდან. დღეს ჩვენმა პატარა ბავშვებმა დაგვატკბეს თავისი
გალობით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მე განსაკუთრებით მიყვარს ბათუმი და
აჭარა, რადგან ჩემი სამღვდელო სამსახური სწორედ ბათუმიდან დაიწყო.

მინდა გითხრათ, რომ ხვალ მივემგზავრებით მოსკოვში და დავბრუნდებით პარასკევს. იქ
სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისა და მეთაურების მეტად მნიშვნელოვანი
შეხვედრაა; ისინი იმსჯელებენ იმ დაძაბულ მდგომარეობაზე, რომელიც შეიქმნა მთელ
მსოფლიოში. მინდა, გთხოვოთ ყველას, ილოცოთ ჩვენთვის და მშვიდობისათვის.

ასევე მინდა, გაუწყოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ივერიის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის ხატმა, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ ათონის მთიდან, შემოიაროს მთელი
საქართველო; მოეწყობა საზეიმო გადასვენება ეკლესიიდან ეკლესიაში, რაიონიდან
რაიონში. თქვენ იცით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეს ხატი სიონშია
დაბრძანებული. შაბათს, 12 საათზე დაიწყება მისი გადმოსვენება წმინდა სამების
ტაძარში და აქ პეტრე-პავლობამდე იქნება, შემდეგ დავასვენებთ სვეტიცხოველში და ასე
შემოუვლის იგი მთელ საქართველოს. ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა
გადააფარა თავისი კალთა ივერიას და კიდევ დაიცავს და დაიფარავს საქართველოს ხილული
და უხილავი მტრებისაგან. ასე რომ, მომავალ შაბათს, 12 საათზე სიონიდან დაიწყება ამ
ხატის გადმოსვენება, აქ დავაბრძანებთ და ყოველდღე იქნება პარაკლისები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და
გაამთილანოს საქართველო.

მინდა, კიდევ ერთხელ, დავლოცოთ ჩვენი ბავშვები, ბევრი სიკეთე გაგაკეთებინოთ უფალმა.
საქმე, რომელსაც თქვენ იწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, უფალი
შეგეწევათ. მინდა მოგცეთ ასეთი დავალება, აუცილებლად დღიურიუნდა გქონდეთ და
ყოველდღე ჩაიწეროთ, რას აკეთებთ, თქვენი განცდები, სურვილები და შემდეგ, რომელიც
კარგი იქნება, შეიძლება გამოქვეყნდეს კიდეც.

დალოცვილი და გახარებული იყავით!

ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27,
2006 წ.