საკვირაო ქადაგება ( 25 ივნისი, 2006 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 ივნისი, 2006 წ.
„ისტორიულად და დღესაც ერთადერთი
ძალა, რომელიც ამთლიანებს ჩვენს ერს, – არის საქართველოს ეკლესია!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

უფალი ბრძანებს: „სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“. ყველა ადამიანის
წინაშე და ზოგადად კაცობრიობის წინაშე დგას კითხვა: რა არის ჭეშმარიტი საუნჯე?
სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად უყურებს ამ საკითხს. ზოგი ფიქრობს, რომ
საუნჯე, ეს არის ცოდნა, ეს არის მეცნიერება; ზოგს მიაჩნია, რომ ეს არის მატერიალური
სიმდიდრე; ზოგი კი დარწმუნებულია, რომ საუნჯე სულიერია, ანუ ეს არის რწმენა,
მოწყალება, კეთილი საქმე. ჩვენმა დიდმა წინაპარმა, წმინდა ილია მართალმა
შესანიშნავად გამოთქვა სამ სიტყვაში, ჩვენი სულიერი საუნჯის არსი – „ენა, მამული,
სარწმუნოება“.

ალბათ, ყველაზე დიდი საუნჯე საქართველოსთვის, – ეს არის ქართველი ადამიანი. თუ
ქართველი ადამიანი გადაგვარდა, არანაირ საუნჯეს ჩვენთვის ფასი აღარ ექნება. ამიტომ
ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ გარკვეული პირობები შევუქმნათ მას არსებობისათვის.


ამქვეყნად ყველაზე დიდი საიდუმლო არის ადამიანი. ძველი რომაელები ამბობდნენ: Gnoste
te ifsun
– შეიცან თავი შენი. ეს კი ითქვა, მაგრამ ადამიანმა მაინც ვერ შეიცნო თავისი თავი და
ალბათ, ვერც შეიცნობს ბოლომდე,
იმდენად რთულია მისი სულიერი თუ ფიზიკური სამყარო. ზოგადად, ადამიანის გონება
ვერასდროს მისწვდება, თუ ვინ არის ადამიანი. ჩვენ უეჭველად ვიცით ერთი რამ, რომ
ადამიანი არის ღვთის ქმნილება და ქმნილებათა გვირგვინი, იგია შექმნილი ხატად
ღვთისა, ხოლო მსგავსებას მან თავად უნდა მიაღწიოს.

მე არაერთხელ მომიყოლია თქვენთლს ცნობილი ფიზიოლოგის – პავლოვის შესახებ. თქვენ
იცით, რომ იგი მღვდლის შვილი და დიდად მორწმუნე და სათნო პიროვნება იყო. როცა
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი, მქონდა ბედნიერება, პირადად გავცნობოდი
პავლოვის მოსწავლეს. იგი ჩვენთან ჩამოვიდა, უკვე ღრმად მოხუცებული. მან მიამბო, რომ
ერთხელ პავლოვს საუბარი ჰქონია ბოლშევიკური მთავრობის უმაღლესი
თანამდებობის პირთან და თურმე მას უკითხავს პავლოვისთვის: „თქვენ, მსოფლიოში ცნობილი
მეცნიერი ბრძანდებით და ნუთუ მორწმუნე ხართო?“ პავლოვს ასე უთქვამს: „როცა ჩვენ
ადამიანის სისხლს ვსწავლობთ, მორწმუნე კი არა, შეიძლება, ადამიანი წმინდანი გახდეს, იმდენად
ამტკიცებს ეს ღვთის არსებობასო“. ანუ პავლოვის აზრით, მარტო სისხლის შესწავლაც
საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი მარტო მორწმუნე არა, რწმენისთვის თავდადებული
გახდეს. ამიტომ ადამიანმა მთავარი ყურადღება თვითონ პიროვნებას უნდა მიაპყროს. ამ
ბოლო დროს მსოფლიო ფილოსოფიაში მთელი სიმწვავით დაისვა საკითხი იმის შესახებ, თუ რა
არის უპირატესი – პირველი რიგში ადამიანი უნდა იყოს სათნო, მორწმუნე, სულიერი
პიროვნება, თუ იგი უნდა იღწვოდეს იმისათვის, რომ ჰქონდეს აგარაკები, მილიონები,
მანქნები და ა.შ.? რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი სულიერი პიროვნება
უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვები,
რომელმაც, ამასოფლის საზომით, ცხოვრებაში ძალიან ბევრს მიაღწია, – მან დატოვა
ასეთი სიტყვები: „დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია“.

ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ დღეს ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ჩვენი
სულიერებისა და მეცნიერების სავანისთვის ვლოცულობთ. თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი უნდა იყოს მაგალითი არა მარტო მეცნიერებისა, ცოდნისა, არამედ ასევე
მაღალი სულიერებისა და სიმშვიდისა, უნივერსიტეტმა უნდა უჩვენოს მთელ საქართველოს
მაგალითი სიკეთისა, შენდობისა, ურთიერთმიტევებისა. დღეს პრობლემების წინაშე დგას ეს
სასწავლებელი და უპირველეს ყოვლისა, ეს პრობლემები შეეხება კონკრეტულ ადამიანებს.
ჩვენ გვესმის, რომ არ შეიძლება ერთსა და იმავე მდგომარეობაში რჩებოდეს ესა თუ ის
პიროვნება და არც თუნდაც უნივერსიტეტი.

უფალმა შესანიშნავი სიტყვები წარმოთქვა: „იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი
ზეციერი სრულყოფილ არს“. დიახ, განვითარება დაუსრულებელია, მაგრამ, ცხადია, ეს იმას
არ ნიშნავს, რომ ადამიანი როდესმე მიაღწევს უზენაეს სიმაღლეს, მისწვდება
მამაზეციერს. ეს სიტყვები უბრალოდ იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანს მუდმივი და
დაუსრულებელი განვითარების შესაძლებლობა აქვს და ასევეა ნებისმიერი საზოგადოებაც.
როცა ჩვენმა დიდმა წინაპრებმა უნივერსიტეტი დააარსეს და როცა უწმინდესმა და
უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა აკურთხა ეს
სასწავლებელი, იმ დღიდან დაიწყო უნივერსიტეტის განვითარება. მე უნივერსიტეტის
დამაარსებელ ადამიანებს, მამებს ვუწოდებ. მათ კარგად ახსოვდათ წმინდა დავით
აღმაშენებლის სიტყვები, რომელიც მან გელათის აკადემიის დაარსებისას წარმოთქვა:
„გელათის აკადემია უნდა გახდეს მეორე ათინა თავისი დიდი მეცნიერებით და იგი უნდა
იყოს ახალი იერუსალიმი თავისი დიდი სულიერებითო“. ჩემთვის გასაგებია განათლების
სამინისტროსა და რექტორის სურვილი, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გაახდეს უფრო ძლიერი,
უფრო მაღალ დონეზე ავიდეს თავისი აკადემიურობითა თუ ინტელექტით, შეიძლება,
სულიერებითაც, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ძალა და შემადგენლობა
უნივერსიტეტისა, – ეს არის ჩვენი სათაყვანებელი და პატივცემული
პროფესორ-მასწავლებლები. უპირველეს ყოვლისა, ისინი ადამიანები არიან, რომელთა
უკანაც დგას ოჯახები, მათი შვილები და შვილიშვილები. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის
დიდი დამსახურება, რომელიც მათ მიუძღვის ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე, ჩვენი
ქვეყნისა და მსოფლიო მეცნიერების წინაშე.

მახსენდება უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს პერიოდი, როცა ეკლესიაც იდევნებოდა
და მეცნიერებაც. მიუხედავად ამისა, ქართველი მეცნიერები მაინც ახერხებდნენ იმას,
რომ ხუთშაბათობით კათოლიკოს-პატრიარქს შეხვედროდნენ. ისინი სტუმრობდნენ პატრიარქს
და მასთან სამეცნიერო და სულიერ საკითხებზე საუბრობდნენ.

იყო დრო, როცა სასულიერო პირს ეკრძალებოდა უნივერსიტეტში მისვლაც კი. უფრო მეტიც,
ამის უფლება არც კათოლიკოს-პატრიარქს ჰქონდა. ეს ხუთშაბათობები გრძელდებოდა უკვე
ჩემი პატრიარქობის დროსაც. პატრიარქთან საუბრის შემდეგ პროფესორ-მასწავლებლები
მიდიოდნენ ლექციებზე და სტუდენტებს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, ისინი საუბრობდნენ
იმ საკითხებზე, რომელიც მათ პატრიარქთან საუბრისას ჰქონდათ. ეს ყველაფერი კი იმაზე
მეტყველებს, რომ მთელ ერს ჰქონდა ერთი სული, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება
ცდილობდა, გაეყო და დაეყო ერი სხვადასხვა პარიტებად, სხვადასხვა საზოგადოებებად, –
იქნებოდა ის მორწმუნე, ურწმუნო თუ ადეპტი სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობისა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი და ეკლესია ამთლიანებს. ისტორიულად და დღესაც
ერთადერთი ძალა, რომელიც ამთლიანებს ჩვენს ერს, – არის საქართველოს ეკლესია!
ვცდილობთ, რომ ერთსულოვნება არსებობდეს ჩვენ შორის. დიდსა და პატარას უნდა
ახსოვდეს, რომ თანამდებობა დროებითია და უფლის წინაშე ყველაფრისათვის პასუხი უნდა
ვაგოთ ნებისმიერმა ადამიანმა, – პასუხი უნდა გავცეთ ღმერთს, ჩვენს ერს, ჩვენს
წინაპრებს, ყოველი ჩვენი საქმისთვის.

იმედი მაქვს, რომ ის გაუგებრობა და დაპირისპირება, რომელიც შეიქმნა რექტორატსა და
მეცნიერებებს შორის დაიძლევა. ჩვენ უნდა გავიგოთ ერთმანეთს და საკუთარი თავი ისე არ
უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს სიმართლე მხოლოდ ჩვენს მხარეზეა. ერთ პროფესორს
ჰკითხეს: „რა არის ადამიანისთვის ყველაზე საშიში?“ და მან უპასუხა: „ყველაზე საშიში
არის კატეგორიული აზროვნება“. და ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანი
ფიქრობს, რომ მხოლოდ ის არის მართალი, როცა ადამიანი თვითონ ლაპარაკობს და სხვას
ვერ უსმენს. ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ, რომ გვქონდეს დიალოგის კულტურა, უნარი
ერთმანეთის მოსმენისა. ეს ყველას გვეხება – იქნება ეს მინისტრი, მთავრობის
წარმომადგენელი, პატრიარქი, მღვდელმთავარი, მღვდელი თუ ნებისმიერი სხვა რიგითი
ადამიანი. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს და თუ სხვისი აზრი უკეთესია, უნდა
მივიღოთ იგი და გავითავისოთ.

დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი უნივერსიტეტის მშვიდობის, კეთილდღეობისა და
ურთიერთგაგებისათვის. უნდა ვეცადოთ, რომ გავუგოთ ერთმანეთს. ამასთან, უნდა
გვახსოვდეს, რომ პროფესორ-მასწავლებელი ვერ გავა სავაჭროდ, ვერ ჩაებმება ბიზნესში,
– მას შეუძლია მხოლოდ ის, რომ ემსახუროს მეცნიერებას.

მე მინდა, ჩვენი ეკლესიის სახელით დიდი მადლობა მოვახსენო ჩვენს მეცნიერებს,
ყველანი ქედს ვიხრით თქვენს წინაშე. თქვენ დიდი ადამიანები ბრძანდებით და ეს
სიდიადე ბოლომდე უნდა შეინარჩუნოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო!

შევთხოვ უფალს, დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლინოს ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტი და
მშვიდობა და კეთილდღეობა მისცეს რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და
მთელ საქართველოს.

დალოცვილი და გახარებული ყოფილიყავით!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26,
2006 წ.