უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება ბარბარობის დღესასწაულზე

წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 17 დეკემბერი 2004 წ.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ბარბარობას. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, რომ ეს დღესასწაული არის ბედობის დღეც. ღმერთმა მშვიდობა, სიხარული და სიყვარული დაგიბედოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ ქვეყანას! წმიდა ბარბარე არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მფარველი. წმიდა ბარბარე გარდაცვალების წინაც უზიარებლად არ ტოვებს არავის, ვინც მას ლოცვით მიმართავს. იგი დიდი სასწაულთმოქმედია. მაგრამ საჭიროა, ადამიანები მივიდნენ მასთან რწმენით, სიყვარულით, თავმდაბლობით და იგი მათ თხოვნას აუცილებლად აუსრულებს.
ნათქვამია, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რა ცვლილება არის შესაძლებელი და მისაღები დროსთან ერთად. ჩვენი ცხოვრება მსგავსია კიბისა. ადამიანი ამ კიბეზე ან მაღლა ადის ან დაბლა ეშვება, რადგან იგი ერთ დონეზე ვერ დარჩება. ბედნიერია ის, ვინც უფლისაკენ ისწრაფის. ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია, შეიცნოს თავის თავი, მაგრამ მარტო დანახვა ნაკლისა არ არის საკმარისი, საჭიროა შინაგანი ფერიცვალება, საჭიროა სულიერ კიბეზე ასვლა.
აი, ჩვენს წინაშე ორი პიროვნებაა: წმიდა ბარბარე და მისი მამა. ერთი მათგანი, შვილი სულიერ საფეხურებზე მაღლა ადის, ხოლო მამა დაბლა ეშვება. ასე გაიყო მათი გზები.
ბარბარე იყო დიდგვაროვანი კაცის ერთადერთი ასული; იგი ადრე დაობლდა დედით. მამამ მისი გაგებით ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბარბარეს კარგი აღზრდა მიეღო. გოგონა სპეციალურად მისთვის აშენებულ კოშკში ცხოვრობდა და ვერ ხედავდა ვერაფერს, ვერ ხედავდა ხალხის გაჭირვებას. მიუხედავად ასეთი ცხოვრებისა, მის გულში უფალმა დაისადგურა. და როცა დადგა დრო მისი გათხოვებისა, ბარბარემ უარი განაცხადა, რადგან იგი უკვე იყო ტაძარი სულისა წმიდისა და ის უკვე სულ სხვაგვარად ხედავდა ამ ქვეყანას. მამამისმა იმ მიზნით, რომ გაეცნო თანატოლები, მისცა უფლება კოშკიდან გამოსვლისა. მოხდა ისე, რომ წმიდა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანები და ეზიარა ქრისტიანულ სარწმუნოებას. მალევე მოხდა ასეთი ფაქტი:
ერთხელ მამამისი სადღაც გაემგზავრა. ბარბარე კი სახლში დარჩა. მათ მამულში იმხანად აბანო შენდებოდა. მშენებლებს ისეთი მითითება ჰქონდათ მიცემული, რომ მასზე ორი სარკმელი უნდა დაეტანებინათ, სიმბოლო მზისა და მთვარისა. ბარბარემ კი უბრძანა, რომ მათ ორი კი არა, სამი სარკმელი ჩაეტანებინათ წმიდა სამების სახელზე, რადგან იცოდა, რომ შემოქმედი ცისა და ქვეყანისა არის ერთი ღმერთი წმიდა სამების სახით. ამით მას უნდოდა გამოეხატა თავისი რწმენა.
როდესაც დაბრუნდა მამა, ჰკითხა შვილს მიზეზი სამი სარკმლის არსებობისა. პასუხად კი მიიღო: ეს არის შედეგი იმისა, რომ იგი არის ქრისტიანი.
აი, აქედან იწყება დევნა და წამება წმიდა ბარბარესი. ანუ აქედან იწყება მისი სულიერი ზესვლა სრულყოფის კიბეზე.
შეხედეთ, სულიერ ფასეულობას მამა ხედავს იმაში, რომ დაიცვას წარმართობა, კერპთაყვანისმცემლობა (რადგან თავად კერპთაყვანისმცემელი იყო). ბარბარე კი სულ სხვაში _ ქრისტიანობაში, სულიერ ამაღლებაში. ასეთი განსხვავებულია მათი ხედვა. როგორ დაინახოს ადამიანმა, სად არის ჭეშმარიტება?
უფალი ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგეს ამ გზაზე. ამასთან, უმთავრესია „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ზოგიერთი ამას ყურადღებას არ აქცევს. და პირიქით, სულ განკითხვაშია. ასეთი პიროვნება სრულყოფილ კიბეზე ვერ ავა, თუნდაც რომ რწმენა ჰქონდეს, რადგან როგორც წმიდა მამები ამბობენ, რწმენა არ არის საკმარისი, აუცილებელია ასევე სიყვარული და თავმდაბლობა. ეშმაკსაც სწამს, რომ ღმერთი არსებობს, რომ ღმერთი შემოქმედია, რომ იგი ძლიერია, მაგრამ ეშმაკს სიყვარული არ გააჩნია. ამიტომ მისთვის ცხონება შეუძლებელია. მაშ, შეიცანი თავი, რათა შენში შესცვალო ბოროტება სათნოებით და მოემზადო მარადიული ცხოვრებისათვის. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ამქვეყნიური ყოფა ურთულესი პროცესია. იგი გამოცდაა თითოეული ჩვენგანისათვის. მრავალტანჯული იობი სწორედ ამას ამბობს ბიბლიაში. როგორ გაუძლებს ამ გამოცდას ესა თუ ის პიროვნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სულიერი ძალა გააჩნია მას.
ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფოსები ამბობდნენ: ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა; ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა. ეს მართლაც ასეა. ამიტომაც, როცა დაეცემა ადამიანი, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს. ღვთის ძალით უნდა მოიკრიბოს ძალა და ისევ გააგრძელოს თავისი ცხოვრების გზა.
გეწეოდეთ წმიდა ბარბარე თქვენ და სრულიად საქართველოს. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ საჭიროა ლოცვის გაძლიერება. უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, მარხვა და ჩვენი სულიერი მოღვაწეობა.
უფალი ბრძანებს, სასუფეველი ცათა იიძულების. ანუ სასუფეველი ცათა იძულებით მოიპოვება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სულიერი შრომით მოიპოვება და ვინც აიძულებს თავის თავს, წერია საღმრთო წერილში, იგი მიიტაცებს მას. რადგან ვინც აიძულებს თავის თავს და შეძლებს სულიერად შრომას, იგი მიიტაცებს სასუფეველს, ე.ი. გახდება მკვიდრი სასუფეველისა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და წმიდა ბარბარეს ლოცვით მოგცეთ მშვიდობა და სიხარული თქვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დაამშვიდოს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა. ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II