ქადაგება წმიდა ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღეს (16 ნოემბერი 2004 წელი; ურბნისი)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
ქადაგება წმიდა ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღეს
ურბნისი, 16 ნოემბერი 2004 წ.
„ვინც დღეს ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს, იგი ებრძვის მის სიწმინდეს, ებრძვის
ღმერთს.
და რა შედეგი ექნება ამ ბრძოლას, ჩვენ უკვე ვიცით, – ისინი დამარცხდებიან,
იმიტომ რომ უფალი მეფობს!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ დიდი მღვდელმთავრის, ნეოფიტე ურბნელის დღესასწაულს. ნეოფიტე
ურბნელი არის ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგანი, რომელიც აღამაღლა უფალმა ერისაგან
თვისისა.
ყველაზე დიდი საიდუმლო ამქვეყნად ადამიანია. მისი ვალდებულებაა, იცოდეს, რისთვის
მოვიდა ამქვეყნად. ამასთან, უნდა იცოდეს, ვინ იყო მისი ერი წარსულში, რა უნდა
აკეთოს მან დღეს და რა – მომავალში. ეს ყველაფერი გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს
თითოეულ ჩვენგანს, მითუმეტეს, რომ დღეს, ძალიან ხშირად ჩვენს სულიერებას, ჩვენს
ეკლესიას უხეშად ეხებიან, ცდილობენ დაამცირონ მისი დღევანდელი მნიშვნელობა და მის
ღვაწლს მხოლოდ წარსულში ხედავენ. რა უნდა გააკეთოს დღეს ეკლესიამ?
ეკლესიის მოვალეობა, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ სულიერად გადაარჩინოს
ჩვენი ერი. ჩვენ გვაქვს სულიერი, ეროვნული, კულტურული ფასეულობანი, რომელთაც
საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ჩვენი ხალხი. დღეს ზოგიერთი უარყოფს ამ
ფასეულობებს და ფიქრობს, რომ ღირებულია მხოლოდ ის კულტურა, რომელიც შემოდის
დასავლეთიდან.
ჩვენ აუცილებლად უნდა გავარჩიოთ თეთრი და შავი, ჩვენ უნდა გავარჩიოთ, რა არის
სიკეთე და რა – ბოროტება, და უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სულიერი და ეროვნული საუნჯე.
აი, ამისთვის არის მოწოდებული დღეს ჩვენი ეკლესია. და მე მინდა გითხრათ, რომ ჟამი
ახლოს არის. უფალი უკვე არჩევს, ვინ დადგება მარჯვნივ და ვინ – მარცხნივ.
ბედნიერია, ვინც იცის და აღიარებს, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის „გზა,
ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“
ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რომლითაც უვლია წმიდა ნეოფიტე ურბნელს, წმიდა ნინოს,
წმიდა გიორგის, ჩვენს დიდებულ მეფეებს, ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქებს, ჩვენს
წმიდანებს.
დიდი მადლი დააბერტყა უფალმა საქართველოს. და ამ მადლს უნდა გავუფრთხილდეთ. ხოლო
ვინც დღეს ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს, იგი ებრძვის მის სიწმინდეს, ებრძვის
ღმერთს. და რა შედეგი ექნება ამ ბრძოლას, ჩვენ უკვე ვიცით, – ისინი აუცილებლად
დამარცხდებიან, იმიტომ რომ უფალი, შემოქმედი ცათა და ქვეყანასა, მეფობს, უფალი
ძლიერია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს. მეტად მახარებს, რომ ასეთი სიმრავლე ერისა
შეიკრიბა ამ წმიდა ტაძარში, რათა უფალთან ერთად ჩვენც აღვამაღლოთ რჩეული ერისაგან
ჩვენისა.
წმიდა ნეოფიტე ურბნელის ლოცვა- კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №43(301), 2004 წ.