ჟამთააღმწერელი მოგვითრობს:
„ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი“. ღმერთმა სჯულის გამაუკუღმართებელ და და საღმრთო სინანულის დამვიწყებელ ერს დიდი განსაცდელი მოუვლინა: „გულისწყრომით გვამხილა და რისხვით გვასწავლა“ ღვთის სიმართლე: ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინის დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა.
ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი“.
ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა: „არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს.
სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.
ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.
„ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ – კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე, – „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის“… სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედებს შვილებს აკვლავდნენ. „ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი“. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.
ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ზედ თავისი „ბილწი საჯდომელი“ დადა. შემდეგ ბრძანება გასცა, სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაეწვინათ ხატები და თბილისში მყოფ ქართველებს უბრძანა „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“, ხოლო ვინც მის განკარგულებას არ აღასრულებდა „წარკუეთა თავთა“.
ასი ათასმა ქართველმა თავი შეწირა ქტისტეს სარწმუნოებას და ხატების შეურაცხყოფაზე მტკიცე უარი განაცხადა. მორწმუნეთა ასი ათასი წამებულის სხეული მტერმა მდინარე მტკვარს გაატანეს. ამ დღიდან, სხვადასხვა სოციალური ფენისა და პროფესიის ასი ათასი მფარველი წმინდანი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება „ქებით აღესრულების“.
ტროპარი: არა დასთრგუნეთ ხატი უფლისა იესუისი და უხრწნელისა დედისა მისისაი, არამედ ვითარცა კრავნი უბიწონი, მისთვის დაიკლენით, რომელმან ხატებითა თვისითა საღმრთოითა პატივ-გცა თქუენ, წამებისა გვირგვინითა ღმრთივშუენიერად შეიმკუენით და სისხლითა თქუენითა ცოდვანი ერისანი წარჰხოცენით: ათნო ბევრნო მამანო და დედანო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.