სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქის მილოცვა წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიას 19.10.2024

15 წელი შესრულდა, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია დაფუძნდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ა.წ. 19 ოქტომბერს გიმნაზიაში ჩატარდა კონცერტი და გაიმართა შემოდგომის ფესტივალი. საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები: ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, ხალხურ საკრავთა ანსამბლი, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,არსიანი". მოეწყო სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა და პროფესიული კოლეჯის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენაც. გიმნაზიის მოსწავლეებმა პედაგოგებისა და მშობლების თანადგომით წარმოადგინეს შემოდგომის მრავალფეროვნება და საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ნაირსახეობანი. სასწავლებელს მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მაც.

,,წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიას, მის ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და მომსახურე პერსონალს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს გულითადად ვულოცავ სასწავლებლის დაარსებიდან 15 წლისთავს. მადლობა ღმერთს, საქართველოს საპატრიარქოს წიაღში არაერთი სკოლა და გიმნაზია ფუნქციონირებს, სადაც, მართლაც, დიდი შრომა იდება მომავალი თაობების სწორად განვითარებისათვის. ამ დაწესებულებებს შორის გამორჩეული ადგილი გიკავიათ თქვენ, რადგან აქ განათლებას იღებენ როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი ბავშვები და ამ ორი რელიგიის წარმომადგენელთა აღზრდა და პიროვნებებად ჩამოყალიბება ერთ სივრცეში ხდება, რაც მათი მეგობრობისა და ურთიერთ სიყვარულის საფუძველია.

მადლიერნი ვართ, რომ ამ საქმეს თქვენი კოლექტივი წარმატებით ანხორციელებს. ამის მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ გიმნაზიის ხელმძღვანელობა კარგად იცნობს მუსლიმურ გარემოს, აჭარის მთიანეთს და ისინიც ნდობით არიან თქვენდამი განმსჭვალულნი. თქვენ ნდობა დაიმსახურეთ ფერეიდნელებისაც, ჰერელებისაც, თურქეთში მცხოვრები ქართველებისაც…, რომ აღარაფერი ვთქვათ თბილისის ადგილობრივ მოსახლეობაზე.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ამ სასწავლებელში ისევე, როგორც ჩვენს სხვა ბევრ სკოლაში, პრობლემები (განსაკუთრებით ფინანსური) არის, მაგრამ სითბოსა და სიყვარულის გარემო ყველაფერს წონის; ყველაფერს წონის ისიც, რომ აქ ბავშვები მუსიკალურ განათლებასაც იღებენ და სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას ეუფლებიან…

ინებოს ღმერთმა, ამ სივრცეში გატარებული წლები მათთვის იყოს სწორი ორიენტირის მიმცემი მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე.

წმ. თამარ დედოფლის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგლოცოთ და დაგიცვათ თქვენ ყველანი, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდები და მათი აღმზრდელები; დალოცოს ჩვენი მომავალი თაობა და სრულიად საქართველო.

 

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და

მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის

 

19.10.2024