გიორგობა ჰერეთში (06.05.2023)

ა.წ. 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახისა და ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებს ეწვია.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვართან, - დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.  

საზეიმო წირვას ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ მრევლთან ერთად დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე, პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში გივი მეტრეველი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა  და მერიის წარმომადგენლები.

მეუფე თეოდორემ ადგილობრივ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა, მიულოცა გიორგობის დღესასწაული და შეკრებილთ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ამავე დღეს მიტროპოლიტმა თეოდორემ დელეგაციის წევრებთან ერთად ისტორიული ჰერეთის გამორჩეული სიწმინდე, - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცა და სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის სალოცავია. აქ აღსრულებულ დიდ სასწაულთა გამო დღესასწაულზე სალოცავად ამოდიან როგორც ჰერეთში მცხოვრები ქრისტიანები, ისე მუსლიმები. ასე იყო წელსაც.

მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ვიზიტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ, მუბარიზ გურბანლის, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს საელჩოს  აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში.  მანვე აღნიშნა, რომ გიორგობის დღესასწაულზე ისტორიულ ჰერეთში ეს უკვე მისი მესამე ვიზიტია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც მოეწყობა მსგავსი ღონისძიებები.