სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე (27.09.2022)

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.

არის დღესასწაული, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, არის დღესასწაული, როცა მწუხარებასაც განვიცდით. ახლა მინდა მოგილოცოთ სამი დღესასწაული, - ქეთევანობა, წამება მისი, ჯვართამაღლება და ალავერდობა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, და უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად.

აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, და მაინც იმედის თვალით უნდა ვუყუროთ მომავალს.

ჯვართამაღლება - საოცარი დღესასწაულია.

საერთოდ ადამიანი თავისი ცხოვრებით უნდა გამოსახავდეს ჯვარს, რომლის ერთი ხაზი მიდის უფალთან, მეორე ხაზი კი - ადამიანებთან. ღმერთთან და მოყვასთან კავშირით კი ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, იმედს გამოვხატავთ.

საუკუნეთა მანძილზე მრავალთ უნდოდათ დაემხოთ ჯვარი, მაგრამ ვერ შეძლეს, - ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია. ამიტომ ჯვრის ძალითა და იმედით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და გამარჯვებულნი იქნებიან.  

დღეს არის მწუხარების დღეც, - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ; მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემას შეცვლის ამაღლება!

ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას!

ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჯვარი უფლისა იყოს მფარველი თქვენი და მთელი მსოფლიოსი!

ჩვენთან არს ღმერთი!