"უფალი ყველას ეპატიჟება და ადამიანზეა დამოკიდებული... გაიხარებს თუ არა უფალთან ერთად..."

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან მეთოთხმეტე კვირას

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს თქვენ მოისმინეთ სახარების მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია იგავი საქორწინო ნადიმის შესახებ.

უფალი იესო ქრისტე მოგვითხრობს, რომ ერთმა მეფემ მოამზადა საქორწინო ნადიმი თავისი შვილისთვის და პატიჟებს სტუმრებს. წმინდა ეკლესიის მამების განმარტებით, აქ საუბარია სულიერ ნადიმზე. მეფე გახლავთ მამა ჩვენი ზეციერი, ძე მისი, მეფისა, გახლავთ ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ხოლო ნადიმი - ეს არის მარადიული სიხარული ზეცათა სასუფეველში, ღვთის სასუფეველში, თანაზიარება საღვთო ცხოვრებასა და საღვთო ბუნებასთან. ასევე, ნადიმი გახლავთ ის, რაც დღეს აღესრულა ჩვენს ეკლესიაში, ეს არის წმინდა ევქარისტია, რომლის მონაწილენი ჩვენ ყველა ვიყავით და ვართ, როდესაც ვეზიარებით უფალ იესო ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, ქრისტეს სისხლისა და ხორცის მეშვეობით კი ვეზიარებით ცათა სასუფეველს.

აი, ეს ნადიმი მოაწყო უფალმა, ნადიმი სიყვარულისა, მარადიული სიხარულისა და სთავაზობს ყოველ ჩვენგანს, კაცობრიობას. საოცარი ის გახლავთ, რომ მიუხედავად ამ დიდი სიკეთისა, უფალი აწყდება სასტიკ უარს ადამიანთაგან. იგი ყველას ეპატიჟება და ადამიანზეა დამოკიდებული, შევა თუ არა ამ მარადიულ სიხარულში, მიიღებს თუ არა, გაიხარებს თუ არა უფალთან ერთად, მაგრამ აი, უარს ამბობენ. დღევანდელი სახარება ამას მოგვითხრობს და შესანიშნავად გადმოსცემს ჩვენს სულიერ მდგომარეობას, თუ რატომ ხდება, რომ ადამიანი უარს ამბობს ღმერთზე, არ აინტერესებს ღმერთი, არ აინტერესებს მარადიული ცხოვრება. მრავალ ადამიანს არ სჭირდება სასუფეველი ღვთისა და არც აინტერესებს. ამიტომ წმინდა წერილის სიტყვები მათ მიღმა რჩება, ისინი ამას არ ისმენენ და, შესაბამისად, ჩაფლულნი არიან და ვართ, შეიძლება ჩვენზეც ითქვას ეს, რომ უფრო მეტად ჩაფლულნი ვართ მიწიერ პრობლემებში.

ამ სახარებაში ჩანს, რომ ეს მოწვეული სტუმრები რიგრიგობით იწყებენ უარის თქმას. ერთი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი შევიძინე და მაპატიე, გამათავისუფლე, იმიტომ, რომ პატრონი გავხდი მიწისა, რომელსაც დამუშავება სჭირდება. მე მაქვს ჩემი სიხარული და შენი სიხარულისთვის, უფალო, ამჟამად არ მცალია. მეორე ამბობს, რომ ვიყიდე ხუთი წყვილი ხარი და მეც, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო მაქვს ამ დედამიწაზე, შემოქმედება მაქვს. ეს კაცი თითქოს ისე ამბობს, იგავურად, ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, რომ იგი დაკავებულია და მისთვის უფლის სიხარულში მონაწილეობა უსაქმურობადაც კი შეიძლება იყოს აღქმული. ამიტომ ისიც ზრდილობიანად ბოდიშს იხდის და უარს ეტყვის უფალს. მესამე ამბობს, რომ ცოლი შევირთე. ჩემი პირადი სიხარული, ალერსი, სიყვარული მაქვს და, რა თქმა უნდა, ეს მეტია, ვიდრე ის, რასაც შენ მთავაზობ, უფალო. აი, ასე ნელ-ნელა ყველა ზურგს აქცევს, უარს ეუბნება, რატომ? - იმიტომ, რომ, მათი აზრით, ყოველმა მათგანმა იპოვა ამ დედამიწაზე რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უფალი სთავაზობს, ვიდრე არის უფლის მარადიული სიხარული და სასუფეველი. ასეთი საოცარი იგავია დღეს წარმოდგენილი.

და დღეს ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენც ხომ არ გვეხება ეს იგავი, ვინაიდან ალბათ ჩვენი ცხოვრებაც ასე წარიმართება, უფალი ჩვენც გვთავაზობს ამ დიდ საოცრებას - თავის ნადიმს, მარადიულ სიხარულს, მარადიულ ცხოვრებას, რომ შევიდეთ მასში და გავიხაროთ, მაგრამ ჩვენც, აი, ამ მოწვეულთა მსგავსად, ვეუბნებით მას, რომ ჯერ ადრეა ჩვენთვის, უფალო, ჩვენ გვაქვს რაღაც ჩვენი მიწიერი მიჯაჭვულობა, სიყვარული, სიხარული, რომელსაც ჯერ ვერ დავთმობთ. მოვა დრო, როდესაც ჩვენ ამას მოვილევთ და აი, მაშინ გაგვახსენდება, რომ შენ გვეპატიჟებოდი და მაშინ მოვალთ შენთან. ჩვენ ვიცით, რომ მრავალ ადამიანს აქვს სხვადასხვა გატაცება, თავდავიწყებამდე არიან ადამიანები გატაცებული მრავალი საქმით. იმდენად, რომ ავიწყდებათ ეს ყველაფერი, უარს ამბობენ ამ დიდ სიხარულზე, ცხოვრება კი მიდის, დრო მიდის. უფრო სწორად, როგორც ერთმა ბრძენმა თქვა, დრო კი არ მიდის, ჩვენ მივდივართ, ეს ყველაფერი რჩება, დრო მარადიულია. ჩვენ მივდივართ და ჩვენ ამ ყველაფერს, აი, ამ დიდ სიკეთესა და ბედნიერებას, გვერდს ვუვლით.

ამაზე გვაფიქრებს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი სახარება. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, გვმართებს, რომ ვიფიქროთ, ჩვენ პასუხს ვცემთ აი, ამ დიდ მოწოდებას უფლისგან? იმიტომ, რომ ჩვენც გვეძახის უფალი ამ თავის ნადიმზე. ამიტომ ამბობს იგი, რომ „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა“. შემდეგ კი არ დასძენს, რომ „დანარჩენი ყველაფერი წაგერთმევათ თქვენ“, არამედ, პირიქით, ამბობს, რომ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ თქვენ.

შემდგე ეს იგავი საკმაოდ მკაცრი სიტყვებით სრულდება. უფალი ამბობს, რომ „მრავალნი არიან მოწვეულნი, მაგრამ მცირედნი რჩეულნი“. ე.ი. ბევრია მოწვეული, მაგრამ მცირედი შედის ამ ნადიმზე. იმიტომ კი არა, რომ უფალი მცირედს მიიჩნევს ღირსად, ნადიმის წევრები გახდნენ, არა, არამედ, პირიქით, მცირედნი მიიჩნევენ ღირსად უფალს, რომ მისი გულისთვის, მისი სიყვარულისთვის დათმონ თავიანთი დრო, თავიანთი გარკვეული საქმიანობა, მიწის ნაკვეთი თუ პირადი წარმავალი, წამიერი სიყვარული და ა.შ.

ასევე, ვინც უგულებელყოფს მეფის მოწვევას ამ ნადიმზე, შეურაცხყოფს მას, კადნიერდება და არასაქორწინო შესამოსლით მივა ამ ნადიმზე (საქორწინო შესამოსელს ადარებენ კეთილ საქმეებს, სინანულს, იმიტომ რომ მარტო ქრისტიანის სახელით ვერ შეხვალ ამ ნადიმზე, თუ შენს სახელს საქმეებიც არ ახლავს), უფალი ამბობს, რომ შეუკარით მას ხელები და ფეხები და ჩააგდეთ იგი „ბნელსა მას გარესკნელსა“. რას ნიშნავს „ბნელსა გარესკნელსა“? გარესკნელი ნიშნავს იმ სივრცეს, რომელიც არის ნადიმის მიღმა, სასუფევლის მიღმა და, რა თქმა უნდა, იქ სიბნელეა, „სადაც არის ღრჭენა კბილთა“.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი საოცარი მონაკვეთი იყო დღეს წაკითხული, საიდანაც ჩანს, რომ ადამიანი თავად ირჩევს, რა უნდა და სად იქნება, „ბნელსა მას გარესკნელსა“ თუ საქორწინო შესამოსლით დამშვენებული უფალ იესო ქრისტესთან ერთად მარადიულ ნადიმზე და მარადიულ სიხარულში, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ილოცება შინჯიკაშვილთა გვარი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი

18 სექტემბერი, 2022 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა