მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქართველების შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში (30.08.2022)

ა.წ. 30 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლეს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს კოვიდპანდემიის დროს ჩვენს თანამემამულეთა თანადგომის საქმეში.

მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ბექა ოდიშარია და საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოეთში მცხოვრები ქართველების პრობლემებსა და საჭიროებებს, ხაზი გაესვა კავშირების განმტკიცების აუცილებლობას და ქართული სათვისტომოების გაძლიერებას.

ბ-ნმა ბექა ოდიშარიამ ისაუბრა კოვიდ პანდემიის დროს უცხოეთში მოღვაწე ქართველების მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომის შესახებ როგორც იქ მყოფი ქართველი ემიგრანტების, ისე საქართველოში მყოფთა მიმართ.  

მღვდელმთავრებმა დალოცეს ჩვენი თანამემამულეები, მადლობა გადაუხადეს სხვა ქვეყნებში ქართული ტრადიციებისა და სულიერ-კულტურული ღირებულებების შენარჩუნებისათვის, მხარდაჭერის გაძლიერება აღუთქვეს ქართული სამრევლოებისა და საკვირაო სკოლების ჩამოყალიბების საქმეში და სთხოვეს, თავიანთი გამოცდილება და პროფესიონალიზმი აქტიურად მოახმარონ სამშობლოს.