„უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი... ისე ვიცხოვროთ ამ წუთისოფლის წყვდიადში, რომ შეძლებისდაგვარად ვანათებდეთ ჩვენი სულებით, ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი."

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

დღევანდელ დღეს ჩვენ ვფიქრობთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებზე, რომლებიც მან უთხრა თავის მოციქულებს, რომ არიან თქვენ შორის ზოგიერთები, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს. მას მერე რამდენი საუკუნე გავიდა, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ვინ იხილა სასუფეველი, ძლიერებით მოსული?! ეს წინასწარმეტყველება ეხებოდა იქ მდგომ ზოგიერთ მოწაფეთაგანს და აღსრულდა სულ რამდენიმე დღეში, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ თავისი საყვარელი სამი უახლოესი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე - წაიყვანა თაბორის მთაზე, მათ წინაშე ფერი იცვალა და გამოაჩინა და გამოაბრწყინა თავისი საღვთო დიდება. და მათ ეს იხილეს, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, როგორც შეეძლო მოკვდავ ადამიანს ამის დანახვა.

მათ ასევე იხილეს ორი დიდი წმინდანი ძველი აღთქმისა - მოსე და ილია, რომლებიც მუხლმოდრეკით ესაუბრებოდნენ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. გახდნენ რა მომსწრე და მჭვრეტელნი აი, ამ მოვლენისა, შეიძლება ითქვას, რომ მათ იხილეს სწორედ ღმერთის სასუფეველი, მოსული ძლიერებით. აი, აქ აღსრულდა მაცხოვრის წინასწარმეტყველება, მან დაანახა მათ ეს.

რატომ? ვინაიდან რა არის მართალთა საუკუნო ცხოვრება ღმერთის სასუფეველში? ეს არის, პირველ რიგში, სიახლოვე ღმერთთან, კავშირი ღმერთთან, საუბარი ღმერთთან, შემეცნება საღვთო ჭეშმარიტებისა სულ უფრო მეტად და უფრო ღრმად, თაყვანისცემა უფლისა სულით და ჭეშმარიტებით. ეს არის სასუფეველი ღვთისა.

რა თქმა უნდა, მათ დაეუფლათ საოცარი ნეტარების, ბედნიერების გრძნობა და ამ დროს ზეციდან, ღრუბლიდან, რომელიც მათ აჩრდილებდა, გაისმა მამაღმერთის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ“.

აი, ასეთი საოცარი დღე გახლავთ დღეს. საერთოდ, ათორმეტთაგანი დღესასწაულები ყოველთვის დაკავშირებულია ისეთ მოვლენასთან, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი სულის გადარჩენისთვის. ამდენად, ამ ათორმეტთაგან დღესასწაულებს აქვთ არა მხოლოდ ის მნიშვნელობა, რომ ჩვენ ვიგონებთ და ვიხსენებთ რაღაც დიდ ისტორიულ მოვლენას, არამედ, თუ შეიძლება ითქვას, მათ აქვთ აღსრულებითი მნიშვნელობაც, ანუ რაც აღსრულდა მაშინ, ის სრულდება დღესაც. რა აღსრულდა მაშინ? - აი, ეს საღვთო ბრწყინვალება გამოჩნდა, საღვთო სიდიადე, ეს შუქი, ნათელი თაბორისა, რომელიც მართალია მაშინ, ცოტა ხნის შემდეგ ჩაქრა, როცა დასრულდა ეს ჩვენება, მაგრამ ის დარჩა ამ სამყაროში მარადიულად, მარადის ბრწყინავს თავისი საღვთო ძალითა და მადლით და ფერს უცვლის უხილავად სამყაროს, ფერს უცვლის ადამიანთა სულებს. ამის დასტურია ის უზარმაზარი დასი წმინდანებისა, რომლებმაც ფერი იცვალეს, რომლებიც შეიცვალნენ, განიწმინდნენ და დიდ სასწაულებს ახდენდნენ. ამის ნიშანი გახლავთ ჩვენს ფრესკებსა და ხატებზე შარავანდედის გამოსახვაც, როგორც გამოვლინება ამ მშვენიერებისა, დიდი მადლისა და სიწმინდისა. ამიტომაც ვამბობთ დღევანდელი დღის ტროპარში, რომ „გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი“, ე.ი, ჩვენ ვთხოვთ უფალს, მაგრამ რას ვთხოვთ? რომ ჩვენც დავინახოთ ეს საღმრთო შუქი ქრისტეში? მარტო ამას ვთხოვთ უფალს? - არ ვთხოვთ მარტო ამას. ამის გარდა, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენშიც, ჩვენს სულშიც გამობრწყინდეს ეს თაბორის შუქი. და რა გვაძლევს ამის საბაბს, რომ ეს ბედნიერება ვინატროთ და ამისთვის ვევედროთ უფალს? - თვითონ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები. შეგახსენებთ, როდესაც იგი განმარტავდა იგავს იფქლისა და ღვარძლის შესახებ. გახსოვთ, ბოლოს იგი როგორ დასძენს, რომ როგორც ყანის პატრონი ხორბალსა და ღვარძლს ერთმანეთისგან განყოფს, განაშორებს, ასე იქნება სოფლის აღსასრულსაცო. უფალი მოავლენს თავის ანგელოზებს, ისინი გამოარჩევენ ყოველგვარ საცდურს და ურჯულოების მოქმედ ადამიანებს და ცეცხლის ქურაში დაწვავს მათო. ბოლოს კი ამბობს: „ხოლო მართალნი, როგორც მზე, ისე გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში“.

დღევანდელი დღესასწაულის მთავარი თემა არის აი, ეს ბრწყინვალება, ეს შუქი, ნათება და სინათლე. დავიმახსოვროთ უფლის ეს სიტყვები, რომ „მართალნი, როგორც მზე, ისე გაბრწყინდებიან გარდაცვალების შემდეგ თავიანთი მამის სასუფეველში“.

ეს ნიშნავს, რომ იგივე ბრწყინვალება ექნებათ მათაც, როგორც გაბრწყინდა უფალი იესო ქრისტე თაბორის მთაზე. ამის დასტური რა არის, ძვირფასო ძმებო და დებო? ჩვენ გვახსოვს მოსე წინასწარმეტყველი, როგორ გაბრწყინდა მისი სახე, როდესაც სინის მთიდან ბრუნდება იგი, როდესაც უფალმა მას უბოძა სჯულის ფიცარნი; თვალთათვის აუტანელი იყო მისი ეს ბრწყინვალება. ჩვენ ვიცით არაერთი წმინდანი, რომლებიც ჭვრეტდნენ თაბორის ამ შუქს ლოცვის დროს და თვითონაც იხილვებოდნენ, როგორც მოსილნი აი, ამ საოცარი შუქით. ამიტომ ვლოცულობთ ჩვენ ასე, რომ „ჩვენც გამოგვიბრწყინე, უფალო, ეს ნათელი“.

ასე რომ, ყველა ქრისტიანს ეხება უფლის სიტყვები, რომ „თქვენ ხართ ნათელი სოფლისა“, ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეს და მოსიყვარულეს უფლისა და ღვთისა განეკუთვნება მისი სიტყვები, რომ „ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. ყველას ეხება ეს.

გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ჩვენც ისე ვიცხოვროთ ამ წუთისოფლის წყვდიადში, რომ შეძლებისდაგვარად ვანათებდეთ ჩვენი სულებით, ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი. ხოლო გარდაცვალების შემდეგ, როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვბრწყინავდეთ, როგორც მზე, ჩვენი ზეციური მამის სასუფეველში, რაშიც შეგვეწიოს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, თაბორის მთაზე საღვთო შუქით გაბრწყინებული უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

19 აგვისტო, 2022 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა