სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეიხულისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე ,,მეგობრობის ორდენით" დააჯილდოვა (22.07.2022)

ა.წ. 22 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხულისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი – „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა, რომელზეც გამოსახულია ლოტის მიერ დარგული მამამთავარ აბრაამისთვის ანგელოზისგან მიცემული სამი ხის კვერთხისგან აღმოცენებული სასწაულებრივი ხე - ნიშანი ღვთის შეწყალებისა და მფარველობისა.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას 25-ზე მეტი უმაღლესი ჯილდო და ორდენი აქვს მიღებული და მათ შორის განსაკუთრებულად ძვირფასი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გადაცემული ,,მეგობრობის ორდენია“.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ ქართველთა საჭიროებები, ასევე დავით გარეჯის საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ძმური დამოკიდებულებით მშვიდობიანად და წარმატებით გადაილახება ნებისმიერი დაბრკოლება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გაიმართა საზეიმო ვახშამი, რომელსაც ჩამოსულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი.