მეფე ერეკლეს სულის საოხად გადახდილი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა პარაკლისი სვეტიცხოველში

2022 წლის 4 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მეფე ერეკლე II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.

ღვთისმსახურება აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღასრულა. თანამსახურებდნენ: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და სხვა სასულიერო პირები.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა დავითმა მრევლს ქადაგებით მიმართა და წინაპართა ღვაწლის მნიშვნელობაზე, მეფე ერეკლეს პიროვნებასა და დამსახურებაზე ისაუბრა:

,,დღეს ჩვენი დიდი წინაპრის, მეფე ერეკლე II-ის სულის სახსენებელი პანაშვიდი გადავიხადეთ. გადავიხადეთ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ძმებს, დებს, სასულიერო დასს, კრებულს, შევახსენოთ ამ დიდი წინაპრის შრომა და ღვაწლი.

დღეს ჩამოლოცვაში ბევრი მოწამე ვახსენეთ, რომელთაც ჩვენი ერი დაიცვეს სულიერი გახრწნისაგან. მათ დასდეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიყოთ ღვთის ერთგულნი, აქედან გამომდინარე, ჩვენი თანამემამულისა და ზოგადად მოყვასისადმი მოყვარულნი, რადგან სიყვარული შეჰკრებს, ხოლო ეშმაკი - განაბნევს. სიყვარული თავად ღმერთია.

განსაცდელის ჟამს ღმერთს ვთხოვთ ერთ მთავარს - ჭეშმარიტი რწმენისა ერთგულნი დავრჩეთ ბოლომდე...

დღეს ჩვენი ერი, მსგავსად მოწამეებისა, გავდივართ იმ გზას, არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვეთაყვანებით ქრისტეს და მისი სიყვარულისთვის ავიტანთ ყველა შეურაცხყოფას, ყველა შევიწროებას, ყველა დაცინვას... თუ ამ შეურაცხყოფათა სანაცვლოდ ვუღალატებთ ღმერთს...

დღეს არჩევანი ჩვენთვის ნათელია და შეურყეველი, რადგან რომ არა ჩვენი წინაპრების სწორი არჩევანი, სწორი სულიერი ხედვა, მაშინ ჩვენ დღეს არ გვექნებოდა ენა, მამული, სარწმუნოება. ეს დიდებული ტაძრები და აქ დავანებული სიწმინდეები მეტყველებენ იმაზე, რომ მხოლოდ ქრისტესთან ერთგულებითა და მეგობრობით შეიძლება გადარჩეს ის სულიერი და მატერიალური სიწმინდეები, რომლებიც დღეს გვაქვს: ტაძარი, წმინდა ჯვარ-ხატები, მთავარი - ჩვენი რწმენა, ენა, რომლითაც ვადიდებთ ღმერთს და მიწა, რომელიც ღმერთმა გვარგუნა. სხვანაირად შეუძლებელია. ეს დიდებული ტაძარი დიდი საღვთო გამარჯვებების მოწმეა...

თუკი მეგობარი ამ წუთისოფელში უნდა შევიძინოთ ბევრი განსაცდელის ერთად გამოვლის შემდეგ, მაშინ ჩვენ ქრისტეს მეგობრობა შევიძინეთ უამრავი მოწამის სისხლით, მათი ერთგულების მიბაძვით. ექვსი ათასი გარეჯელი მამა აღდგომა დღეს, როგორც ზვარაკნი, ისე დაიკვლა. ასი ათასი მოწამე, რომელთაც არ შეაგინეს წმინდა ჯვარ-ხატებს, ქეთევან დედოფალი, რომელმაც მთელი თავისი შემდგომი პერიოდის ჩვენი ერის ცნობიერება გადაარჩინა იმ წამლეკავი, შეურაცხმყოფელი ცოდვისაგან, რომელიც არის უშვრება და დაცინვა სიწმინდისა...

დღეს თუ ჩვენ გვყვედრიან და სურთ, იმ ძირს, საღვთო ფესვს მოგვწყვიტონ, რომელიც არის პატივისცემა ჩვენი წინაპრებისა, ჩვენი რწმენისა და ჩვენი წმინდა ადგილებისა, ეს ღვთით დაშვებული საკურნებელი წამალია, რომ თითოეული ჩვენგანი გამოვიფხიზლდეთ, გავიაზროთ, თუ რა სიკეთე გვიყო ჩვენ ღმერთმა. ეს სიკეთე არის ჩვენი წინაპრების ერთგულება ქრისტესთვის და მათგან ნაკურთხი დღევანდელი ჩვენი მეტყველება ქართულად, ტაძარში სიარული, აღსარების შემდეგ ზიარება და მამული, რომელიც უნდა დავიცვათ და სამომავლოდ იმ კეთილგონიერ თაობებს გადავცეთ, რომლებიც ასევე შეინახავენ ძველს, განავითარებენ დღევანდელს და მომავალში იქნებიან ღირსეული მემკვიდრენი თავისი ქვეყნისა, იქნებიან ღირსეული წევრნი იმ კეთილგონიერი მსოფლიოსი, რომელსაც უყვარს ღმერთი და სამშობლო.

დღეს ჩვენ უფალს შევავედრეთ მეფე ერეკლეს უკვდავი სული. ეს არის ნამდვილად თითოეული ჩვენგანის აღმსარებლობაც, შეიძლება ასე ითქვას, და აღიარებაც. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ დღესაც საქართველოში და, განსაკუთრებით - თელავში, ძალიან ბევრ პატარას არქმევენ ირაკლის და ერეკლეს. ეს არის მადლიერი თაობის მადლიერების გამოხატვა თავისი დიდი წინაპრის მიმართ...

ამბობენ, მეფეს 80 ჭრილობა ჰქონდა სხეულზე. ე.ი. სულ ცოტა 60 დიდი ომი მაინც აქვს გადახდილი.

საქართველო წარსულშიც, დღესაც და მომავალშიც გვწამს, იქნება ფორპოსტი, ბურჯი იმ დანარჩენი მსოფლიოსი, რომელიც ჩვენგან ევროპისკენ არსებობს..."

ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა მრევლს კიდევ ერთხელ შეახსენა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის წარსულის ცოდნას, წინაპართა ღვაწლის პატივისცემას და ღირსეულ ქრისტიანულ ცხოვრებას:

,,დღეს ჩვენი თაობის ვალია, შევისწავლოთ ჩვენი ძირი, თუ საიდან მოვდივართ, ვიყოთ მხნე აღმსარებელნი დღევანდელობაში ჩვენი ტრადიციული რწმენისა, ვიყოთ მოქალაქენი იმ კეთილგონიერი მსოფლიოსი, რომელსაც არ უყვარს ომი და უყვარს ღმერთი მშვიდობისა, ვიყოთ მომავალი მსოფლიოს ღირსეული წევრები, რომლებმაც დღეს უნდა ავაშენოთ მომავალი სამშობლო... დღესაც მეფე ერეკლეს გახსენებით საკუთარ თავს მოვუწოდებთ, გვიყვარდეს ღმერთი...

გილოცავთ დღევანდელ დღეს, მოწამეთა ხსენებას, ჩვენი წინაპრების გახსენებას. ღმერთს ვთხოვთ, რომ დაიცვას ჩვენი ერი, ჩვენი ეკლესია, მთელი მსოფლიო, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრების ლოცვით, სასულიერო დასის ერთგულებით ღვთისადმი მსახურებაში და ერისა და მრევლის სიმრავლით ღვთის დიდებაში აწ და უკუნისამდე!"

ღვთისმსახურების დაწყებამდე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში შეკრებილ ჟურნალისტებთან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა:

,,დღეს შესრულდება პანაშვიდი მეფე ერეკლეს სულისთვის და წმინდანებისთვის, რომლებიც აქ არიან დასვენებული, აღევლინება პარაკლისი. მსახურებას მღვდელმთავრები შეასრულებენ. ესწრება მრევლი როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

დროდადრო ყველაზე სენსიტიურ თემებზე გაკეთებული მოუფრთხილებელი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს დაპირისპირებას, ადამიანების წყენას, გულისწყრომას და საჭიროა, იყოს ერთსულოვნება და ლოცვით გადავლახოთ ხოლმე ყოველგვარი უკმაყოფილება ჩვენს შიგნით. იცით, რომ ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში და ამას მოჰყვა ეს".

ერთი დღით ადრე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა მორწმუნეებს, აგრესიითა და წყენით არ ეპასუხათ პროვოკაციული შეკითხვებისათვის. ჟურნალისტის კითხვას, თუ რა იყო ამ განცხადების გავრცელების საფუძველი, დეკანოზმა ანდრიამ მიუგო:

,,ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, არაერთხელ ყოფილა ამის პრეცედენტი, როდესაც მსახურების დროს იყო არასწორად დასმული შეკითხვები, ამას მოჰყვა რამდენჯერმე მსახურების ჩაშლაც კი. ჩვენ გვახსოვს დაპირისპირება ქუჩაში, როდესაც ერთმანეთის არ ესმის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს და თვითონ შეკითხვაშიც კი ძალიან ხშირად შეურაცხმყოფელი შტრიხი ჩანს ხოლმე. შეიძლება ზოგჯერ მიზანმიმართული არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, ეს კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ყურადღებით იყვნენ და რაიმე მსგავს უსიამოვნებას ემოციურად არ აჰყვნენ", - დასძინა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მოამზადა თამარ ასათიანმა

ფოტო: ნინო სოზაშვილი