პატრიარქის ნათლულების გუნდი 5 წლისაა (06.06.2022)

პატრიარქის ნათლულების გუნდის დაარსებიდან 5 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ა.წ. 5 ივნისს მისი უწმინდესობის ნათლულთა გუნდმა საიუბილეო კონცერტი ჩაატარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ღონისძიებაზე შესრულდა საგალობლები, ქალაქური და ხალხური სიმღერები, ასევე პატრიარქის დაწერილი ,,წმინდაო ღმერთო“ და ,,კირიელეისონ“.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ნათლულების გუნდი ,,საგალობელი“ 2017 წელს შეიქმნა. დღეისთვის გუნდში 120 მოზარდია გაწევრიანებული. ბავშვების დიდი სურვილისა და დაინტერესების გამო ქ-ნ მაია მიქაბერიძის ხელმძღვანელობით პატრიარქის ნათლულების გუნდები რეგიონებშიც შეიქმნება.

ნათლულების გუნდს იუბილე მიულოცა და დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

,,ჩემი ნათლულების ანსამბლს

ჩემი ნათლულების ფოლკლორულ ანსამბლს გულითადად ვულოცავ დაარსებიდან 5 წლის იუბილეს. ეს დრო, მართალია, მეტად მცირეა სახელის დასამკვიდრებლად, მაგრამ თქვენი ხელმძღვანელის, ქ-ნ მაია მიქაბერიძის თავდაუზოგავი, უანგარო შრომით, თქვენ უკვე თითქმის ყველა გიცნობთ როგორც ქართული გალობისა და სიმღერის გამორჩეულ  შემსრულებლებს.

მინდა გითხრათ, რომ დღეს აღვნიშნავთ საქართველოს პირველი წმინდა მეფე-დედოფლის, მირიანისა და ნანას, მეფეყოფილი დამიანეს, - ღირსი დემეტრეს და მცხეთისა და სრულიად ივერიის წმინდა მთავარეპისკოპოს იოანეს ხსენებას; ასევე დღეს (შაბათ-კვირას) არის წმინდა დავით წინასწარმეტყველის (მეფსალმუნის) დაბადებისა და გარდაცვალების დღე და მოსე წინასწარმეტყველის მიერ ათი მცნების მიღების დღე.

გილოცავთ და გლოცავთ!

შევთხოვ ღმერთს, ამ წმინდანთა მეოხებით არ მოგკლებოდეთ უფლის შეწევნა, იმრავლოს ,,ნათლულების“ რიცხვმა და იყავით წარმატებული, განსაკუთრებით სულიერ ცხოვრებაში, რათა ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად და ქართული ტრადიციების დამცველებად აღიზარდოთ."

 

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი