"...ნურაფრის ნუ გვეშინია, იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტე იყო, არის და მუდამჟამს იქნება ჩვენთან. მთავარია რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სარწმუნოება, და შევინარჩუნოთ სიყვარული იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესიისა..."

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დალოცვას.

უფალი იესო ქრისტე აფრთხილებდა თავის მოწაფეებს, რომ იგი ამაღლდებოდა ზეცად. და ამაღლების მნიშვნელობაზე იგი თავადაც საუბრობდა. უფალი იესო ქრისტე ამბობს რომ „მე მივდივარ რომ მოგიმზადოთ თქვენ ადგილი და კვლავ მოვალ რომ წაგიყვანოთ ჩემთან, რომ სადაც მე ვიქნები თქვენც იქვე იყოთ". ასევე ამბობს, რომ როდესაც ავმაღლდები ქვეყანით, ყველას მოვიზიდავ ჩემსკენ. და მართლაც, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მოციქულებთან ერთად, მოძღვრავდა მათ, სარწმუნოების შესახებ, ეკლესიის მოწყობის შესახებ, და აი მე-40 დღეს იგი ამაღლდა ზეცად, და წმინდა წერილი გვაუწყებს რომ მოციქულები ამის შემდეგ სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.

რა იყო ეს მათი სიხარული, თითქოს ხომ განშორება იყო, მათ საყვარელ მოძღვართან. როგორ შეიძლება სიხარული იყოს საყვარელ ადამიანთან განშორებაში, მაგრამ ეს სიხარულია რომელიც დღემდე გრძელდება, და განსაკუთრებით ამაღლების დღესასწაულზე, ამაღლების დღესასწაულზე ვლინდება. რაში იყო ეს სიხარული, სიხარული მდგომარეობს იმაში, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ზეცად ამაღლდა ადამიანური ბუნება, ისეთივე როგორც ჩვენ გვაქვს, მაგრამ განღმრთობილი ქრისტეს მიერ. ზეცად მაღლდებოდა ეს ბუნება, იქ, სადაც არის ღვთაება. სადაც არის მამა ღმერთი და დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. მაგრამ, თქვენ ალბათ გესმით რომ მარჯვენით ჯდომა არ გაიგება ასე, პირდაპირი გაგებით არ მიიღება, იმიტომ რომ ღმერთი გარეშემოუწერელია, შეუძლებელია ღმერთს ჰქონდეს მარჯვენა მხარე ან მარცხენა მხარე არა? ეს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ შეზღუდულ არსებას, ამიტომ, ეს ნათქვამია არა ადგილის მიხედვით, არამედ, დიდების და პატივის მიხედვით, რომელიც მიიღო უფალი იესო ქრისტეს კაცობრივმა ბუნებამ. იესო ქრისტე როგორც ღმერთის ძე მარადიულად არის მამასთან, მაგრამ განკაცების შემდეგ, უკვე გაცობრივადაც, მას შემდეგ რაც ხორცი შეისხა, აი, იგივე დიდება მიიღო ვინაიდან ქრისტეში ღვთაებრივი ბუნებაც და კაცობრივი ბუნებაც თანაბრად განიდიდება და თაყვანისიცემება ჩვენგან.

აი, ასეთი საოცარი დღე არის და ამიტომ უხაროდათ მოციქულებს. უფალმა იესო ქრისტემ თავისი ამაღლებით ჩვენ გაგვიხსნა ზეცა, დაგვიბრუნა ზეცაში ჩვენი ადგილი, და როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, იგი გახდა წინამორბედი ჩვენი, ვინაიდან, ზეციურ წმიდათა წმიდაში შებრძანდა როგორც წინამორბედი ჩვენი.

ამასთან ერთად, უფალი იესო ქრისტე იმასაც ქადაგებდა რომ, მისი წასვლა უმჯობესია მთელი სამყაროსთვის, მისი ამაღლება, ვინაიდან, იგი თუ ამაღლდება, მოვა სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი, რომელიც თავისი ნიჭებით გვაცხოვნებს ჩვენ. და აი ანგელოზებიც დღეს ეტყვიან მოციქულებს რომ, იმავე გზით, როგორც ამაღლდა უფალი, იმავე გზით მოვა მეორედ განსჯად ადამიანთა. იმავე გზით მოვიდა ასევე სულიწმინდა მოციქულებთან, ზეციდან მოვიდა სულიწმინდაც თავისი მაცხოვნებელი ნიჭებით. და უფალი იესო ქრისტეც იმავე გზით მოვა რომ განსაჯოს ადამიანები, თუ ვინ რამდენად მიიღო ყველაფერი ის რაც უფალმა დაგვიტოვა ჩვენ, თავისი მადლის სახით, ეკლესიის სახით, რასაც გვაძლევს დღესაც სულიწმიდის მადლით ეკლესიაში, ვინ რამდენად შეიყვარა და ვინ რამდენაც მიიღო. აი, სწორედ ამის განსასჯელად მოვა უფალი იესო ქრისტე მეორედ მოსვლის ჟამს. აი, ეს ყველაფერი უხაროდათ მოციქულებს და დღეს ჩვენც გვიხარია, ამიტომ ვზეიმობთ ძვირფასო ძმებო და დებო. და თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი სულიერი თვალით ჩვენც ვხედავთ უფლის ამაღლებას და გვესმის მისი სიტყვები რომ მე თქვენთან ვარ, არ დაგიტევებთ თქვენ ობლად, მე თქვენთან ვარ და ვინ შემძლებელ არს ვნებად თქვენდა. ე.ი. ვის შეუძლია რომ გავნოთ თქვენ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, და მართლაც, ნურაფრის ნუ გვეშინია, იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტე იყო არის, და მუდამჟამს იქნება ჩვენთან. მთავარია რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სარწმუნოება, და შევინარჩუნოთ სიყვარული იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესიისა. და გული გავუხსნათ სულიწმინდის მოსვლას, რომელიც აი სულ მალე აღინიშნება ასევე წმინდა ეკლესიაში და მართლაც, თუ ასეა, რომ უფალი მუდამ ჩვენთან არის, ვისი უნდა გვეშინოდეს? ვინაიდან იგი არის მფარველი ჩვენი. ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ.

განსაკუთრებით მსურს დღევანდელი დღე მივულოცო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, თქვენთან ერთად, ვინაიდან, მთელი მისი მოღვაწეობა, მიძღვნილია ჩვენი ერის სულიერი ამაღლებისადმი. და ღმერთმა ინებოს რომ მისი ლოცვით და წინამძღოლობით ჩვენ მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას, გაძლიერებას და ამაღლებას, ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ."

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

2 ივნისი, 2022 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადა ანზორ ჩიქობავამ

ფოტო: ნინო სოზაშვილი