"მთავარი რამ, რითაც ჩვენ შეიძლება გავახაროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, არის ის, რომ დავიცვათ მისი საყვარელი და საღმრთო ძის მცნებები და მისი ეკლესია"

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე

„ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და თქვენ იცით, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ყოველი დღე თავისი მნიშვნელობით უტოლდება აღდგომის დღეს. ასევე დღეს არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული და აი, ამ დიდებული და შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულიც. გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს.

დღეს ჩვენ ვადიდებთ და ვნატრით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისი წყალობისთვის, მისი სიყვარულისთვის და ვფიქრობთ, თუ რაოდენ განადიდა იგი უფალმა, რომ ზეაღამაღლა იგი უმეტეს ანგელოზებისა, მთავარანგელოზებისა, ქერუბიმებისა და სერაფიმებისა.

ის ხატი, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვნიშნავთ, გახლავთ ერთ-ერთი ყველზე დიდი სიწმინდე საქრისტიანოში. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულთმოქმედ ხატებს შორის, რაც საქვეყნოდ ცნობილი ხატებია, დიდი უმეტესობა არის სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. აი, მაგალითად, ძალიან იშვიათია ასეთივე სასწაულთმოქმედი ხატები მაცხოვრისა, შეიძლება სულ რამდენიმე გავიხსენოთ მსოფლიოში, ან, მაგალითად, მოციქულების, იოანე ნათლისმცემლის. ხატები კი ბევრია, მაგრამ აი, ასეთი სასწაულთმოქმედი ძალიან ცოტა შეიძლება გავიხსენოთ. წმინდა გიორგის სასწაულთმოქმედი ხატი სულ რამდენიმეა ძალიან ცნობილი, მაგრამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი უამრავია მთელ მსოფლიოში.

რატომ ხდება ასე? რატომ აღასრულებს უფალი ამდენ სასწაულს ღვთისმშობლის ხატების მეშვეობით?

თქვენ ალბათ იცით, რომ აი, ამ სასწაულებს, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უკავშირდება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარი, თავისი ძალებით არ აღასრულებს, ისევე როგორც წმინდანები და ანგელოზები, არამედ მათი ყველა სასწაული აღსრულდება უფლის ძალითა და მადლით. ე.ი. თვითონ უფალი, თვითონ სულიწმიდა მოქმედებს ღვთისმშობლის მეშვეობით. აი, ასე განადიდებს ღმერთი მას. ეს ნიშნავს, რომ ღმერთს სურს, ჩვენი გულები მიაპყროს ღვთისმშობლისკენ, რომ ჩვენ შევიყვაროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უფლისთვის სათნოა ეს, რომ ჩვენ მთელი გულით შევიგრძნოთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, ჩვენი ზეციური მფარველი. აი, ამიტომ განადიდებს, ასრულებს ამდენ სასწაულს უფალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებიდან.

და ის, რომ ღვთისმშობლის მადლი და წყალობა არის მის ხატებზე, ჩვენ ვიცით გადმოცემიდანაც, როდესაც ლუკა მახარებელმა მის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანა და აჩვენა ღვთისმშობელს, ყოვლადწმინდა ქალწულმა ასეთი სიტყვები თქვა: „მადლი ჩემგან შობილისა ძისა და წყალობა ჩემი ყოფილიყოს ამ ხატსა ზედა“.

შემდეგ ჩვენ ყოველ ცისკარზე ვგალობთ ასეთ საგალობელს, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავად წარმოთქვა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ, აჰა, ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი“. ე.ი. თვითონ ყოვლადწმინდა ქალწული ბრძანებს, წინასწარმეტყველებს, რომ ამიერიდან ყველა ერი და ყველა ხალხი შენატრის მას.

და მართლაც ასეა, შესრულდა ეს წინასწარმეტყველება - ჩვენ მას შევნატრით, ვადიდებთ, იმიტომ რომ მას მიეცა ეს საოცარი, დიდი კადნიერება, იყოს შუამდგომელი ღმერთის წინაშე, იყოს მეოხი ჩვენი და ჩვენ მისი აი, ამ კადნიერებით ვსარგებლობთ, რა თქმა უნდა, და მივართმევთ ჩვენს ლოცვებს, მთელ ჩვენს სასოებას მასზე ვამყარებთ. აი, ამიტომ გვიყვარს ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მისი უსაზღვრო სიმდაბლისთვის, დიდი სიწმინდისთვის, დიდი სიყვარულისთვის; და ამიტომ, აი, ამ თვისებების გამო განადიდა იგი უფალმა.

დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, კიდევ ერთი საბაბი არსებობს. იგი ყველასთვის დედაა, ყველასთვის ზეციური მფარველია, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ მოცემული დიდი ნუგეშის სახით ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, ჩვენ ვართ წილხვედრი ქვეყანა მისი.

თქვენ გახსოვთ ეს, როდესაც მოციქულებმა წილი იყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს საქადაგებლად შეხვდა ივერია, საქართველო, და მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა მიიჩნევა ღვთისმშობლის ქვეყნად და ყოველთვის გვმფარველობდა ჩვენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ყოველთვის იცავდა ჩვენს ქვეყანას, მხოლოდ ამით შეიძლება ავხსნათ, რომ ჩვენ გადავრჩით ამდენი საუკუნის განმავლობაში, ამდენი მტრის გარემოცვაში, მხოლოდ სასწაულებით შეიძლება ეს აიხსნას და, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც იგი ჩვენ დაგვიფარავს და ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს.

მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ისტორიის მაგალითებიც, რისთვის გვმფარველობდა ჩვენ ღვთისმშობელი? ფორმალურად, მარტო იმიტომ, რომ წილხვდომილი ქვეყანაა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემთხვევაში შეგვეწევა.

ღვთისმშობელი გვმფარველობდა ჩვენ იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით გვეერთგულა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ქრისტიანობისთვის, მისი საღვთო ძის ეკლესიისა და მცნებებისთვის. და აი, როგორც კი ჩვენ ვკარგავდით ერთობას, როგორც კი ვქუცმაცდებოდით, როგორც კი ერთმანეთს ვეთიშებოდით, როგორც კი განვუდგებოდით უფლის მცნებებს, როდესაც ჩვენი მთავრები, ხალხი თუ მეფეები ეფლობოდნენ ცოდვებში, მაშინ ჩვენს ერზე მოიწეოდა ძალიან მძიმე განსაცდელი. თქვენ ეს გახსოვთ. და როგორც კი ვერთიანდებოდით, ისევ ვუბრუნდებოდით ეკლესიას, მაშინ ჩვენი ერი იმარჯვებდა, ერთიანდებოდა და ღვთისმშობლის წყალობა ყოველთვის ჩვენთან იყო. ეს გაერთიანება ხდებოდა სულიერი მოღვაწეების მიერ, სულიერი მოღვაწეების გარშემო, ეკლესიის გარშემო და კეთილმსახური ხელმწიფეების მიერ. ამიტომ ჩვენთვის ეს არის დიდი გაკვეთილი.

სხვათა შორის, უფლის რჩეული ერის, ისრაელის, ისტორიაც სავსეა ამ მაგალითებით, ლაიტმოტივად გასდევს ბიბლიას სწორედ ეს ამბავი.

ეს არის ჩვენთვის მაგალითი მომავლისთვის, რომ ჩვენი გადარჩენის საწინდარი - ეს არის ჩვენი ერთობა, ჩვენი გაერთიანება, ჩვენ მიერ სარწმუნოების დაცვა, ეკლესიის დაცვა და გაერთიანება ეკლესიის გარშემო. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობის გამო გვფარავდა ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი; მხოლოდ მართლმადიდებლობის გამო დაგვიფარა ჩვენ უფალმა და სამსჯავროს ჩვენი ერის მომავლის შესახებ მხოლოდ ამიტომ შეიცვლება წყალობად და მოწყალებად, თუკი ჩვენ დავიცავთ ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს ღირებულებებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ამრიგად, აი, ეს არის მთავარი რამ, რითაც ჩვენ შეიძლება გავახაროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ვესათნოოთ მას, რომ დავიცვათ მისი საყვარელი და საღმრთო ძის მცნებები და მისი ეკლესია.

დღეს ჩვენ მივმართოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ვევედროთ მას, რომ მიართვას ჩვენი ლოცვები მის საღმრთო ძეს და უფალსა ჩვენსას იესო ქრისტეს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, მან შეიწყალოს და აცხონოს სულნი ჩვენნი, ამინ!

მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა და მოლოცვა. მინდა, რომ თქვენთან ერთად მას განსაკუთრებულად მივულოცო ეს შესანიშნავი დღე, ვინაიდან მის ღვაწლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე გახლავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ჩვენი სიყვარულის აღორძინება, მოწიწების აღორძინება, რაც მან, ღვთის მადლით, მოახერხა და დღეს რომ ჩვენ აქ, ამ შესანიშნავ ტაძარში ვართ და ეს ტაძარიც არის აშენებული, მისი უწმინდესობის დიდი ღვაწლის შედეგია.

ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!“

მახათას მთა, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

26.04.2022

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა