„სიწმინდე არის ადამიანის პიროვნების გამრთელება, გამთლიანება, გაჯანმრთელება..."

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდი მარხვის მე-5 კვირას, ღირს მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღევანდელ კვირა დღეს ეწოდება ღირსი მარიამ მეგვიპტელის კვირა, ვინაიდან მისი ხსენება გახლავთ.

ამ დიდი წმინდანის ხსენებით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ გვაუწყებს, თუ რამდენი სიკეთე და სიდიადეა ადამიანის ბუნებაში.

თქვენ იცით, რომ იგი ცნობილი იყო თავისი ცუდი, უწმინდური ცხოვრების წესით. ერთხელაც გაემგზავრება იერუსალიმში და მოისურვებს აღდგომის ტაძარში შესვლას, მაგრამ შეატყობს, რომ რაღაც ძალა ხელს უშლის, შევიდეს. რამდენჯერმე ცდის, ვერ შედის და ხვდება, რომ თვითონ ღმერთი აყენებს მას, ხელს უშლის, ტაძარში შევიდეს, მისი ცოდვების გამო; იმდენად ცოდვილია, რომ ღირსიც კი არ არის, ტაძარში შევიდეს. აი, ამას გააცნობიერებს, ევედრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომლის ხატიც იყო დაბრძანებული შემოსასვლელში, გლოვით, ცრემლით და უფალი დაუშვებს მას ტაძარში. იგი მოილოცავს ტაძრის სიწმინდეებს, დასტირის თავის ცოდვილ ცხოვრებას, ევედრება ღმერთს, დაეხმაროს, რომ გადარჩენის გზას დაადგეს და შემდეგ, როდესაც გამოდის ტაძრიდან, იქაც აგრძელებს ღვთისმშობლისადმი ლოცვას.

თქვენ იცით, რომ მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება დაწერა წმინდა პატრიარქმა სოფრონ იერუსალიმელმა. ის აღწერს ამ ყველაფერს.

და აი, ღირს მარიამს მოესმა შემდგე ხმა, რომ თუ გადახვალ მდინარე იორდანეს, მიიღებ განსვენებას, ნუგეშს. მართლაც, იგი ტოვებს ყველაფერს, თავის ცოდვილ ცხოვრებას, მიდის უდაბნოში და იქ იწყებს ძალიან ფიცხელ და მძიმე მოღვაწეობას.

მისი ცხოვრება ჩვენ გვასწავლის ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ სულიწმიდის მადლი ყოველთვის ჩვენთან არის, ახლოს არის და გვეუბნება, რა არის სწორი და რა არ არის არასწორი ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ხშირად ჩვენ არ ვპასუხობთ მას, როგორც მარიამ მეგვიპტელმა უპასუხა, რომ მთელი თავისი ცხოვრება შეცვალა. ჩვენ აი, ასე არ ვპასუხობთ ხოლმე, მარიამმა კი ეს გულისხმაჰყო და გადაწყვიტა მთელი ცხოვრების შეცვლა. იწყებს ძალიან დიდ ღვაწლს. იგი 47 წელი მოღვაწეობდა უდაბნოში და მიაღწია დიდ სიწმინდეს. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ მასთან მიდის, შეხვდება ბერი ზოსიმე, რომელიც იხილავს მას ლოცვის დროს ჰაერში ზეაწეულს. შემდეგ იგივე მამა ზოსიმე როდესაც მიდის დედა მარიამის საზიარებლად უკვე მისი გარდაცვალების წინ, იქ ხედავს, რომ ღირსი მარიამი მისკენ მოდის მდინარე იორდანეზე სვლით, როგორც მშრალზე. აი, ასეთ დიდ სიწმინდეს მიაღწია მან, ასე შეიცვალა ღირსი მარიამ მეგვიპტელი.

სწორედ ეს ცვლილება არის სინანული. თქვენ იცით, ბერძნულად რას ნიშნავ სინანული. სინანული ეს არის ცვლილება, შეცვლა ყველაფრისა - აზროვნებისა, ცხოვრებისა, მოქმედებისა.

რა ცვლილებაა ეს? რომელ ცვლილებაზე ვსაუბრობთ ჩვენ? როგორ შეცვალა დედა მარიამმა თავისი ცხოვრება - უწმინდური ცხოვრებიდან მოვიდა სიწმინდემდე.

და აი, ჩვენ ვსვამთ ასეთ კითხვას: რა არის სიწმინდე? ბევრს არ ესმის ეს და ჰგონია, რომ სიწმინდე არის მარტო ხორციელი ვნების, სიძვის დამარცხება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სიწმინდე. მრავალმა ადამიანმა დაამარცხა ხორციელი ვნება, სიძვის ვნება, მაგრამ სიწმინდისთვის არ მიუღწევია, ეს არ არის საკმარისი. სიწმინდე სულ სხვა რამ არის. რა თქმა უნდა, ესეც შედის მასში, მაგრამ სიწმინდე არის მთელი ადამიანის პიროვნების გამრთელება, გამთლიანება, გაჯანმრთელება, როდესაც სულიც, სამშვინველიცა და სხეულიც სრულად მიმართულია ღმერთისკენ, სულიწმიდისკენ.

როდესაც ვსაუბრობთ სიწმინდეზე ადამიანის ცხოვრებაში, ჩვენ ვსაუბრობთ სულიწმიდაზე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი თავისი არსებით მიმართულია ღმერთისკენ, სულიწმიდისკენ და მასში იმკვიდრებს სულიწმიდა, იგი ხდება სულიწმიდის ჭურჭელი. აი, ეს არის ნამდვილი სიწმინდე და აი, ამას მიაღწია ღირსმა დედა მარიამ მეგვიპტელმა. ყველა ადამიანისთვის არის ეს მოცემული, თუ მოისურვებს ამის მიღწევას.

აი, ასეთი მაგალითია, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენთვის ეკლესიის მიერ მოცემული ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის სახით.

დიდი მარხვა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ეკლესია გვაძლევს ასეთ დიდ მაგალითს ადამიანისა, რომელიც ცოდვის უფსკრულში იმყოფებოდა და მიაღწია სათნოების მწვერვალს, ადამიანისა, რომელიც ასევე მოგვმართავს ღირსი ანდრია კრეტელის დიდი კანონის სიტყვებით.

გაგახსენებთ ამ სიტყვებს: „სულო, ძალუძს ღმერთსა კეთროვნისა ცხორებისა კუალად განწმენდად და შემკობად. ნუ უდებ ხარ, დაღათუ განკეთროვნდე“. „დაღათუ განკეთროვნდე“, „ნუ უდებ ხარ“, ესე იგი, კეთროვანიც რომ იყოო. აი, ასეთი საოცარი სიტყვებია ანდრია კრეტელის კანონში.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენშიც გაძლიერდეს ეს სიწმინდის სული. მთელი მარხვის გამავლობაში ვითხოვდით ამ სულს ეფრემ ასული ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა და მოთმინებისა მომმადლე მე, მონასა შენსა“. აი, ეს „სული სიწმინდისა“ რომ მივიღოთ, ამისთვის საჭიროა ღვაწლიც, ძალისხმევაც, ნებისყოფაც, მაგრამ მარტო ნებისყოფა არ არის საკმარისი, უნდა იყოს ძალისხმევაც და იძულებაც საკუთარი თავისა. ხომ გახსოვთ უფლის სიტყვები, რომ „სასუფეველი იიძულება“?! აი, ამიტომ ჩვენ შეიძლება ნება გვაქვს, მაგრამ ეს ძალისხმევა გვაკლია. თუ ჩვენ ვცდით ამას, მოვუხმობთ ამ ძალისხმევას, დავინახავთ, თუ რა არის ეს „სული სიწმინდისა“, როგორ დიდ ბედნიერებას, სიხარულს გვანიჭებს ჩვენ ამავე მიწიერ ცხოვრებაში და რა არის გამოსვლა ამ სიბნელიდან, ცოდვიდან და საღმრთო ბრწყინვალებასთან, შეხება საღმრთო ცხოვრებასთან, რისთვისაც ვართ ჩვენ ყველა მოწოდებული.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ღირს დედა მარიამ მეგვიპტელის ლოცვით, ღმერთმა გააძლიეროს ჩვენს ქვეყანასა და ყოველ ჩვენგანში სული სიწმინდისა, ამინ! გაიხარეთ!“

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

10 აპრილი, 2022 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა