"9 აპრილს და შემდგომ დღეებში, ჩვენ გვქონდა საოცარი ერთობა, ამ ერთობისთვის თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, ჟურნალისტებთან ამ ტრაგედიასა და ჩვენს ისტორიაში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, იგი დღეს უკრაინელი ხალხის ბრძოლასაც შეეხო და ბრძანა:

„ვინც საკუთარი თვალით ვნახეთ და შევესწარით ამ დღეს, 1989 წლის 9 აპრილი ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად და მუდმივად დარჩება, მაგრამ ვისაც არ უნახავს, მათ აუცილებლად კარგად უნდა ესმოდეთ მისი მნიშვნელობა.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გვახსენდება ქართველი ერის საოცარი ერთსულოვნება, საოცარი მოლოდინი გათავისუფლებისა, თავისუფალი, ერთიანი საქართველოსი. ის ხალხი, ვინც ტრაგიკულად გარდაიცვალა, მუდამ დარჩება თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ".

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის დღეს ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მთავარი და აქტუალური, დეკანოზმა ანდრიამ ბრძანა:

,,ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა უმთავრესი გვრჩება ხოლმე, რაღაც წარმავალი პრობლემების გამო ხდება პოლარიზება და დაპირისპირება, ამ დროს კი ერთად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.

დღევანდელ სიტუაციაში ჩვენ მაგალითიც შეიძლება ავიღოთ უკრაინელი ერისგან. ეს არის ის გაერთიანება, რაც მათ შეძლეს.

იმ დროს, 9 აპრილს და შემდგომ დღეებში, ჩვენ გვქონდა საოცარი ერთობა, ამ ერთობისთვის ალბათ თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს”, - დასძინა ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.