ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსები სტუმრად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან (31.03.2022)

ა.წ. 31 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსები მარკუს შოხი და როლფ ბარაისი თანმხლებ პირებთან ერთად ეწვივნენ.

ეპისკოპოსი მარკუს შოხი საქართველოში ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მის უწმინდესობას გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წლების მანძილზე გამოჩენილი მეგობრული დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა; აღნიშნა ისიც, რომ გული სწყდება ჩვენი ქვეყნის დატოვების გამო და არასოდეს დაივიწყებს ქართულ სტუმართმოყვარეობას.

ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და მღვდელმთავრებს თავისი შემცვლელი - ეპისკოპოსი როლფ ბარაისი წარუდგინა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და დალოცა ისინი.