იაპონიის ელჩმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა საქართველოს საპატრიარქოს ეზოში იაპონიის სიმბოლო, - საკურას ნერგები დარგეს (30.03.2022)

ა.წ. 30 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი იმამურა აკირა და მისი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ასევე უკრაინაში მიმდინარე ომს და გამოითქვა მისი დასრულების იმედი.  

მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იაპონიის კულტურისა და ფილოსოფიის განსაკუთრებული და გამორჩეული როლი მსოფლიო ცივილიზაციაში და მადლიერება გამოთქვა წლების მანძილზე იაპონიის მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

იაპონიის ელჩმა თავის მხრივ გაიხსენა 2011 წელს ცუნამის დროს საქართველოს მიერ გამოხატული თანადგომა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადასცა საკურას ნერგები, რომელიც სიცოცხლისა და მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება.

ნერგების ნაწილი საქართველოს საპატრიაქოს ეზოში, ნაწილი კი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაირგვება.

ეს ღონისძიება იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 30 წლისთავს ეძღვნება.