ინებოს უფალმა, რომ ეს დიდი მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის სულიერი გაზაფხულის ჟამი, განწმენდის ჟამი...

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდმარხვის პირველი კვირის ხუთშაბათს

„დღეს ჩვენ დავასრულეთ ღირსი ანდრია კრეტელის სინანულის კანონის კითხვა.

რა თქმა უნდა, ვფიქრობთ მარხვაზე, სინანულზე. დიდი მარხვა - ეს არის განსაკუთრებული პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში და ეს არ არის პერიოდი მარტო საკვების შეცვლის თვალსაზრისით, ეს არის ჟამი, როცა ვუღრმავდებით საკუთარ თავს, ვიკვლევთ ჩვენს თავს, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი და რას ვხედავთ ჩვენს გულსა და სულში ასეთ დროს, თუ მართლა გვსურს სინანული? - ცოდვათა უფსკრულს, უამრავ ცოდვას ვხედავთ; მაგრამ ჩვენი ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ, რომ საკმაოდ სახიფათოა სულიერად, საკუთარ თავში მხოლოდ ამ ცოდვის დანახვით შემოვიფარგლოთ, იმიტომ რომ შეიძლება ეს ძალიან ცუდად დამთავრდეს ადამიანის სულისთვის, ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, სევდაში და ა.შ.

ამიტომ სინანული სხვა რამეში მდგომარეობს. ვიმეორებ, ეს არ არის შემოფარგვლა, ჩაკეტვა მარტო ცუდის დანახვაში, როგორც ერთგვარ საპყრობილეში, არამედ სინანულის დროს ადამიანი აი, ამ ცუდ, ბნელ მხარესთან ერთად ხედავს ნათელსაც, ხედავს სიკეთეს და სწორედ იმიტომ ვხედავთ აი, ამ სიბნელეს, რომ ჩვენ ვიცით - არსებობს კეთილი, არსებობს ნათელი და არსებობს წმინდა.

აი, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს“. აი, ბნელში, რაც ჩვენს სულშია, წყვდიადში ჩანს ეს ნათელი, ნათელი ღვთის დიდებისა და ნათელი იმისა, რაც არის ყველაზე დიდი რამ ადამიანისთვის, რაც მიანიჭა უფალმა ყოველ ჩვენგანს და რაც არის ჩვენი მოწოდება და დანიშნულება. ეს არის ღმერთთან თანაზიარების მადლი, ღმერთთან თანაზიარების ნათელი, ღვთის დიდება.

აი, ჩვენ ამას ვხედავთ. ეს არის ნამდვილი სინანული და ამიტომ ეწოდება ამ მარხვას მარხვა სიხარულისა. სიხარულის მარხვაა ეს სწორედ ამიტომ, აი, ამ მწუხარებასთან ერთად შეზავებული არის აი, ასეთი სიხარული, რომელშიც იხილვება ის, რაზეც მოგახსენეთ - ყველაზე დიდი, წმინდა და ნათელი რამ და ზეაგვამაღლებს, ასე ვთქვათ, აი, ამ მიწიურ ცხოვრებაზე და ამ სიხარულს მოგვანიჭებს.

თქვენ იცით, ალბათ გსმენიათ, რომ წმინდა მამები დიდმარხვას ასევე უწოდებენ სულიერ გაზაფხულს, როგორც განახლებას, როგორც ახალი ძალების მოკრებას და ინებოს უფალმა, რომ ეს დიდი მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის სულიერი გაზაფხულის ჟამი, განწმენდის ჟამი, რომ სიხარულით შევეგებოთ აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

10 მარტი, 2022 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა