ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას

როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა ,,დავითიანნმა“ (ხელმძღვანელი კონსტანტინე სვანაძე) მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,  უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო, რაც ხალხმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მრევლს ეკონომიურად უჭირს, მაინც ყველა ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გაჭირვებაში მყოფი ხალხის დასახმარებლად.

ჯერ ერთი კვირაც არ არის გასული და უკვე 10 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი და 3000 ერთეული სამედიცინო დანიშნულების ნივთი და მედიკამენტი შეგროვდა და ეს პროცესი კვლავაც უწყვეტად მიმდინარეობს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ შემომწირველს, - სასულიერო თუ საერო პირს, ასევე ორგანიზაცია ,,დავითიანნს“ და  ,,საქართველოს ფოსტას“ (გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე), რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით ტვირთის უკრაინაში გადატანას.

6 მარტს გაიგზავნება პირველი 5 ტონა დახმარება  და შემდგომ დღეებშიც ამდენივე წონის ტვირთი.

ამანათს აწერია:

უკრაინელ ხალხს

საქართველოს მოსახლეობისგან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

 

ღმერთმა დალოცოს უკრაინა და მშვიდობა მიმადლოს მას.