ცათა სასუფეველს იმკვიდრებენ ადამიანები, ვინც თავის თავში ცოდვა დაამარცხა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყველიერის - მიტევების კვირას

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღვთის მადლით, როგორც იქნა, მივაღწიეთ დიდი მარხვის დასაწყისს. იცით, რომ ხვალიდან იწყება დიდი მარხვა და აი, ამ დღევანდელ კვირა დღეს ეწოდება შენდობის, მიტევების კვირა, იმიტომ, რომ დღეს იკითხება სახარება მიტევების შესახებ.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღევანდელ სახარებაში არის ასეთი სიტყვები: „თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი თქვენს შეცოდებებს, ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც მამათქვენი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“.

აი, ასეთ პირობას გვიდებს წმინდა ეკლესია ჩვენ დიდი მარხვის წინ, პირობას მოწყალების შესახებ, რომ ჩვენი მსხვერპლი მარხვისა და ლოცვისა ამ დიდ მარხვაში იყოს შეწირული.

აი, რომ დავაკვირდეთ ამ სიტყვებს, შეიძლება ვიფიქროთ: ნუთუ შსაძლებელია, რომ ღმერთს, რომელიც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებისამებრ, თავად სიყვარულია, შეუძლია, არ გვაპატიოს ცოდვები?! ან მავანმა შეიძლება ასეც იფიქროს: ნუთუ ნაცვალმიგების პრინციპით გვიდგება უფალი, რომ აი, შენ თუ არ აპატიებ, მეც არ გაპატიებ, ნუთუ შურისძიებაა ეს? შეიძლება ვინმემ ასე იფიქროს, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის, რადგან როგორც იაკობ მოციქული ამბობს, უფლისთვის უცხოა ყოველგვარი ცვალებადობა. შესაბამისად, ვერცერთი ადამიანის ცოდვა ვერ დაარღვევს ღვთის სიმშვიდეს.

მაშ, რასთან გაქვს საქმე? რას ნიშნავს ეს გამონათქვამი? ერთ-ერთი უდიდესი მამა, წმინდა ბასილი დიდი ამაზე მსჯელობს და ამბობს, რომ როდესაც წმინდა წერილში წინააღმდეგობრივი გამონათქვამები გვხვდება, არ უნდა მივიღოთ ეს სიტყვასიტყვით, პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ რომ უფალი არის სიყვარული, უფალი არის სახიერი, უფალი არის უცვალებელი, მასში არ არის არანაირი ცვლილება, მით უმეტეს, არც ვნება, არც რისხვა და ა.შ. ასე რომ, ასეთი გამონათქვამები როცა გვხვდება, - ხშირად არის ეს წმინდა წერილში, რომ უფალი მრისხანებს, იჩენს რისხვას, გულისწყრომას, უფალი ნანობს, უფალი მწუხარებს და ა.შ., - წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, რომ ამ დროს უნდა დავფიქრდეთ, რა არის ღრმა აზრი ამ გამონათქვამისა, რატომ არის გამოყენებული ეს სიტყვა. იმიტომ, რომ ღმერთმა გონება ამისთვის მოგვცა და ამისთვისაც დაუშვა ასეთი შეფარული, იგავური ფორმით გამონათქვამები, რომ ვიფიქროთ, რომ ჩვენში აღძრას გონებრივი მუშაობა, გონებრივი საქმიანობა.

ამრიგად, თუნდაც ავიღოთ ეს ღვთის რისხვა, ღვთის გულისწყრომა, რაზეც მოგახსენეთ, ესეც არ უნდა გავიგოთ პირდაპირ, არამედ უნდა გავიგოთ გადატანითი მნიშვნელობით, როგორც გვასწავლის ბასილი დიდი; ეს ნიშნავს, როდესაც ჩვენზე ესა თუ ის მოქმედება, რომელიც შეიძლება იყოს, მაგალითად, მკაცრი მხილება ან ძლიერი შეგონება ღვთისაგან, როგორც მოსიყვარულე მამისაგან მოცემული გაკვეთილი, თუ გნებავთ, ზოგჯერ მწარე წამალიც, რომელიც ჩვენში აღძრავს გულის სიტყვების, ფიქრების მღელვარებას, აი, ამას შეიძლება ეწოდოს წმინდა წერილში რისხვა, გულისწყრომა და ა.შ. შესაბამისად, დღევანდელი სიტყვებიც მიტევება-არმიტევების შესახებ ასე უნდა გავიგოთ.

რას ნიშნავს, „უფალი არ მოგიტევებთ თქვენ თქვენს შეცოდებებს, თუ თქვენ არ მიუტევებთ“? რა შემთხვევაში მიეტევება ადამიანს მისი ცოდვები?

ამაზეც მსჯელობს წმინდა ბასილი დიდი. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი შეიძენს ისეთ სულიერ განწყობას, როდესაც იგი უკუაგდებს ცოდვას, მარტო რჩება, მოწმეების გარეშე და მას აქვს შესაძლებლობა, შესცოდოს საქმით თუ ფიქრით, ფიქრით ისედაც ყოველთვის შეუძლია, მაგრამ გაურბის ამას მარტოობაშიც კი, როგორც უდიდეს ბოროტებას. როგორც წმინდა დავით მეფსალმუნე ამბობს: „ცოდვა მოიძულე და მოიძაგე“. ასეთი განწყობა როცა ეუფლება ადამიანს, როცა მიაღწევს უკვე ამას, აი, მაშინ ხდება ცოდვათა მიტევება, მაშინ ხდება იგი ღირსი, რომ შენდობის მადლი მიიღოს.

როგორ მოქმედებს შენდობის მადლი? ამის შესახებაც ვკითხულობთ წმინდა წერილში. მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი ამბობს, რომ თუ თქვენ, ისრაელს, მის მთავრებსა და ხალხს ეუბნება, შეინანებთ და მობრუნდებით ღვთის მცნებებისკენ, მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკებ. აი, როგორ მოქმედებს ეს მადლი სინანულისა - უფალი მოდის თავისი მადლით, იგი აღხოცავს ჩვენს ცოდვებს და ასპეტაკებს, ფერს უცვლის ჩვენს სულს და წმენდს მას.

აი, ასეთი საოცარი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს. ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელიც წერს, რომ სანამ ჩვენთვის დამახასიათებელი ცოდვები, რაც ჩვენ ყველას გვაქვს, ჯერ კიდევ გვაწუხებს, ხან გვაწუხებს, ხან - არა, ხან გვამარცხებს და ხან ვერ გვამარცხებს, მაგრამ სანამ ეს არის, მანამდე უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ სრულყოფილი მიტევა ჯერ არ მიგვიღია.

შესაბამისად, რას ნიშნავს დღევანდელი სახარებისეული სიტყვები მიტევება-არმიტევების შესახებ? რას ნიშნავს „არ მოგიტევებთ“? თუ ჩვენში არის მიუტევებელი წყენა, რა გრძნობები აქვს ადამიანს? - აღშფოთება, გაღიზიანება, მრისხანება, როცა ვერ აპატიებ და დიდხანს გინარჩუნდება ავმეხსიერება თუ ძვირისხსენება, ეს ერთი და იგივეა, თუ დროზე არ მოვთოკეთ, ეს გადაიზრდება სიძულვილში, შურისძიების სურვილში, შემდეგ კი - საქმით შურისძიებაშიც. ამ თვისებების აი, ასეთი ნაკრებით თუ თაიგულით, როგორც გნებავთ, რომელიც ჩვენს სულშია, ვერ შევალთ სასუფეველში. უფრო სწორად, სასუფეველი ვერ შემოდის ჩვენში. უფალი ხომ ამბობს, თქვენშია სასუფეველიო. ვერ შემოდის, ვინაიდან სულიწმიდა ვერ შემოდის, ჩვენ თავად ვუკეტავთ ჩვენი გულის კარის სულიწმიდას და თუ სულიწმიდა ვერ შემოდის, შესაბამისად, ეს განწმენდაც და აღხოცვაც ვერ ხდება, ცოდვებიც არ გვეპატიება. აი, ამ შეუძლებლობას უფალმა უწოდა - „მე თქვენ არ გაპატიებთ“. ბავშვებს როგორც ველაპარაკებით იგავური ფორმით, აი, დაახლოებით ასე საუბრობდა უფალი იესო ქრისტე თავის მსმენელებთან, თორემ ღმერთს უნდა, რომ ყველა აცხონოს და ყველა გადაარჩინოს, მაგრამ ჩვენ თვითონ, ვიმეორებ, ხელს ვუშლით ამას და არც გვსურს. რატომ? იმიტომ, რომ ცათა სასუფეველს იმკვიდრებენ ადამიანები, ვინც თავის თავში ცოდვა დაამარცხა და ეს დამარცხება, რის შესახებაც ახლა გესაუბრეთ, მხოლოდ ადამიანის მეცადინეობით არ მიიღწევა, რამდენიც უნდა იშრომო, შენით შენ შეიძლება გარეგნულად მიაღწიო გარკვეულ გამოსწორებას, აღარ ჩაიდინო რაღაც, ისიც ყველა არა, რაღაც ნაწილი ცოდვებისა, შენი ზრდილობიდან ან წვრთნიდან, მეცადინეობიდან გამომდინარე, მაგრამ ის, რომ შინაგანად შევიცვალოთ, ფერი ვიცვალოთ, განვიწმინდოთ, ეს ადამიანს თავისი ძალებით არ შეუძლია, არამედ მხოლოდ ღვთის მადლის მეშვეობითა და დახმარებით.

ამ წყენის მიტევებაც, რომელზეც დღეს არის საუბარი, ცოდვების მიტევებაც, შეგვიძლია მხოლოდ ღვთის შეწევნით, რომ ვაპატიოთ წყენა. განსაკუთრებით - პატივმოყვარენი ვინც ვართ, უფრო გვიჭირს ამ წყენის, შეურაცხყოფის დათმენა და პატიება.

აი, ასეთი სახარებაა, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ამიტომაც არის, რომ უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვიშოროთ ეს წყენა. იგი ამბობს: „ილოცეთ მაწყევართა და შეურაცხმყოფელთა თქვენთათვის“. არ ამბობს, რომ შური იძიეთ მათზე, არამედ ილოცეთ მათთვის. ეს არის ხერხი და გზა, საშუალება, რომ ჩვენს სულში დავამარცხოთ წყენა, მრისხანება და აი, ეს მძიმე ცოდვა.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვინც ვაპირებთ, რომ დიდი მარხვის ამ სარბიელს შევუდგეთ, შევისმინოთ დღეს უფალ იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული სიტყვები სახარებიდან: „თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი", რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!

დღეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ილოცება ორი გვარი: სამაშვილები და გურჯიძეები.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!“

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი 

6 მარტი, 2022 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა