სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (07.02.2022)

იღუმენია გეორგიას გარდაცვალების გამო

მინდა გამოვხატო ჩვენი საერთო გულისტკივილი იერუსალიმის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის (გორნინსკის) წინამძღვრის იღუმენია გეორგიას (შჩუკინა) გარდაცვალების გამო.

მარადიულობის მკვიდრი გახდა დიდი ადამიანი, უფლის სამსახურში დამაშვრალი დიდი მოღვაწე, მაღალი სულიერების მქონე, თავმდაბალი, სიკეთით სავსე პიროვნება, რომელიც თავის დედობრივ მზრუნველობას არავის აკლებდა და ამასთან, ღირსებას ღირსეულად ინარჩუნებდა.

მას გამორჩეულად უყვარდა საქართველო და ქართველები. ჩვენს მორწმუნეებსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ მისდამი.

დღეს და შემდგომაც მრავალი სანთელი აინთება და მრავალი ლოცვა აღევლინება იღუმენია გეორგიას სულის საოხად.

ჩვენც შევთხოვთ უფალს მის დაუბრკოლებლად სვლას უფლის სავანისაკენ, რათა მართალთა შორის დაიმკვიდროს მან და თავისი შეწევნა იქიდანაც არ მოგვაკლოს.

ღმერთმა დალოცოს ყაზანის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის ამჟამინდელი წინამძღვარი, იღუმენია ეკატერინე და მონასტრის დები, ყველა, ვისთვისაც ძვირფასია დედა გეორგია და მისი ხსოვნა.

 

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი