საკვირაო ქადაგება (30 ნოემბერი, 2003 წელი; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II საკვირაო ქადაგება
სიონის საპატრიარქო ტაძარი, 30 ნოემბერი, 2003 წელი
„უნდა გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ერთსულოვნება სუფევდეს
საქართველოში!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ფსალმუნში ვკითხულობთ: „წყალობაი შენი, უფალო, თანა მავალ მეყავნ მე ყოველთა
დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“ ბედნიერია ის ადამიანი, ის ერი, რომელსაც უფალი
წყალობასა და მადლს ანიჭებს. მადლი და წყალობა – ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა. და
მათ ის ადამიანი იმსახურებს, რომელიც ესავს უფალს, რომელსაც აქვს ჭეშმარიტი
სარწმუნოება, გააჩნია სიყვარული, თავმდაბლობა და „განცდაი თვისთა ცოდვათა“.
დღეს იყო წაკითხული ლუკას სახრებიდან იგავი უგუნურ მდიდარზე. თქვენ იცით ამ
იგავის შინაარსი. იყო ერთი მდიდარი, რომელმაც კიდევ უფრო მეტად მოინდომა გამდიდრება
და გადაწყვიტა: „დავანგრევ საუნჯეთა მათ და აღვაშენებ უფრო დიდს, და ვეტყვი სულსა
ჩემსა: სჭამე, სვი და იხარე.“ საოცარია ეს სიტყვები – „ვეტყვი სულსა ჩემსა“, ანუ
თავის სულს ეუბნება ადამიანი ამას და ავიწყდება, რომ სული კაცისა სულ სხვა საუნჯეს,
სულ სხვა სულიერ საზრდოს საჭიროებს; და არად უღირს ის მიწიერი კეთილდღეობა,
რომელსაც ასე ესწრაფვიან ამქვეყნად ადამიანები.
თითოეული ჩვენგანი დგება არჩევანის წინაშე, თუ რა ფასეულობები დავიუნჯოთ.
უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სულიერი საუნჯეს მოპოვება გვმართებს.
ყველაზე დიდი საუნჯე არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული. მაგრამ, როგორც
ამბობს იაკობ მოციქული, სარწმუნოებასაქმის გარეშე, მკვდარია. და აი, ამიტომ, როცა
ვამბობთ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი, – ეს ჩვენი სიყვარული საქმეში
უნდა გამოვავლინოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ რწმენა არ არის საკმარისი. ღმერთი
ეშმაკსაც სწამს, მაგრამ მას სიყვარული არ გააჩნია.
ჩვენს ცხოვრებას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ სიყვარული ნაკლებია ჩვენში,
მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლის სარწმუნოება – ქრისტიანობა სუფევს საქართველოში.
20 ასწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში იქადაგეს მოციქულებმა ანდრია
პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა; 17 საუკუნეა, რაც საქართველოში წმიდა ნინომ
იქადაგა. ჩვენ მუდამ ვამაყობდით და ვამაყობთ იმით, რომ უძველესი ქრისტიანული ერი
ვართ, მაგრამ ჩვენი საქმენი ამაზე არ მეტყველებს. ძალიან ხშირად ჩვენ წარმართებივით
ვიქცევით.
მოგეხსენაბათ, რა მძიმე დღეები გამოიარა სულ ახლახანს ჩვენმა ქვეყანამ. დიდი
წყალობა ღვთისა იყო ჩვენზე, სწორედ ამ წყალობამ გადაარჩინა საქართველო
სისხლისღვრისაგან. ეს ჩვენი დამსახურება არაა. ყველა გაოცებულია ამ ფაქტით.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ვიყავი მიწვეული ოთხი ქვეყნის რელიგიურ ლიდერთა
შეხვედრაზე: რუსეთის პატრიარქი, სომხეთის პატრიარქი, აზერბაიჯანის შეიხი და მე. იქ
იყო საუბარი კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ. მე იქ დავაყენე აფხაზეთისა
და სამაჩაბლოს საკითხი; ვუთხარი მათ, რომ ის მდგომაერეობა და უცნაური ვითარება,
რომელიც ამ მხარეებშია, ძალიან ამძიმებს საქართველოს, რადგან – არც მშვიდობაა და
არც ომი; და რომ ასე არ შეიძლება გაგრძელდეს.
იმავე შეხვედრაზე გამოითქვა გაკვირვება, რომ საქართველო სისხლისღვრას გადაურჩა.
თუმცა, ის საშიშროება, რომლის წინაშეც ვიდექით, რეალური იყო და ეს იმაზე
მეტყველებს, რომ სულიერად ჩვენ ძალიან დაბალ დონეზე ვართ, რომ სიყვარული და
ურთიერთგაგება ნაკლებადაა ჩვენში, ერთმანეთის მოსმენა გვიჭირს.
დღეს ისეთი დროა, რომ ადამიანი ძალიან ბევრს ლაპარაკობს და ნაკლებად ისმენს.
ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ ის ღაღადებს ჭეშმარიტებას და მხოლოდ მის მხარეზეა
სიმართლე, სხვა კი ტყუის ან ცდება. აი, ასეა დამძიმებული თანამედროვე ადამიანის
სული. შევთხოვთ უფალს, განაქარვოს ეს სულიერი ბურუსი, ეს მძიმე ცოდვა ჩვენგან.
ალბათ, ჩვენ ერს უნდა გამოევლო ეს განსაცდელი.
იმედი მაქვს, ღვთის მადლით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით და არა ჩვენი
დამსახურებით, საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. მაგრამ ამისთვის ჩვენ
აუცილებლად უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები. უნდა გვესმოდეს,
რომ ვისაც უფალი დიდ მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეთხოვება. ჩვენს ერს მოანიჭა
უფალმა დიდი მადლი, დიდი ძალა და, შესაბამისად, უფრო მეტსაც ითხოვს ჩვენგან.
მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, გააძლიეროთ ლოცვები საქართველოს მშვიდობისა და
მთლიანობისათვის. უნდა გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ერთსულოვნება სუფევდეს
საქართველოში. სამწუხაროდ, დღესაც ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც გარეშე მტერი
კვლავ ქართველ კაცს იყენებს თავისი მიზნების განსახორციელებლად. ეს სწორედ ჩვენს
სისუსტეზე მეტყველებს. ღმერთმა მოგანიჭოთ ძალა თქვენ და სრულიად საქართველოს!
დასასრულს, მინდა გახაროთ, რომ ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძრისთვის
განკუთვნილი ჯვარი უკვე დამზადებული და მოოქროვილია. მომავალ პარასკევს, 5
დეკემბერს დილის 10 სთ-ზე მას ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძარში ავაბრძანებთ,
სადაც იგი იკურთხება ჩვენს მიერ. მთელი დღის განმავლობაში აღესრულება პარაკლისები
და თქვენ ყველას მოგეცემათ საშუალება, მიხვიდეთ და ემთხვიოთ მას, რადგან როცა
აღიმართება, მერე უკვე ვეღარ შეძლებთ ამას. მომავალში თქვენს შთამომავლებთან
სათქმელად გექნებათ, რომ თქვენ ემთხვიეთ ამ ჯვარს. შაბათს, 11 საათზე კი შედგება
ჯვრის საზეიმო აღმართვა გუმბათზე.
ჯვრის მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ღმერთმა ბედნიერი
შობა-ახალწელიწადი გაგითენოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №46(256),
2003 წ.