საკვირაო ქადაგება (16 ნოემბერი, 2003 წელი; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II საკვირაო ქადაგება
(სიონის საპატრიარქო ტაძარი, 16 ნოემბერი, 2003 წელი)
„მინდა ყველას გთხოვოთ, რომ აღავლინოთ ლოცვები საქართველოს
მშვიდობისა და მთლიანობისთვის, ყოველი ადამიანის სულიერი განწმენდისათვის!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყოველი ადამიანის ცხოვრება არის განსაცდელი, მსგავსი გოლგოთის გზისა, რომელიც
უფალმა განვლო. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გზა გოლგოთით არ მთავრდება,
არამედ მას აღდგომა და ამაღლება მოსდევს. როგორც ვიცით, მწუხარება და სიხარული
ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. მწუხარება მუდამ სიხარულით იცვლება, ხოლო სიხარული –
მწუხარებით. ადამიანის ცხოვრება, ისევე როგორც ერის ცხოვრება, მუდმივი ამაღლებისა
და დაცემისაგან შედგება. ამიტომ როცა განსაცდელი მოდის, სასოწარკვეთილებასა და
უიმედობაში არ უნდა ჩავვარდეთ, არამედ ლოცვით, მარხვით და სულიერი მოღვაწეობით უნდა
ავმაღლდეთ სულიერ კიბეზე.
კარგად მოგეხსენებათ, რომ გასული კვირა მეტად მძიმე იყო საქართველოსთვის. დიდი
განსაცდელია დღეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ღვთის წყალობით ვიმედოვნებთ, რომ ეს
განსაცდელი სიხარულითა და მშვიდობით შეიცვლება. ჩვენ არასდროსარასდროს
არ უნდა დავკარგოთ იმედი ღვთისა.
ძალიან გამკაცრდა და გაუხეშდა თანამედროვე ადამიანი. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ
იმეტებენ, როგორი სიტყვებით მიმართავენ ისინი ერთმანეთს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ
ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის და ჩვენ ჯერ-ჯერობით მაინც მხოლოდ გარეგნულად
ვართ მართლმადიდებლები, შინაგანად კი ისევ ისეთივე სიუხეშე შემოგვრჩა, რომელიც ადრე
იყო ერში.
დღეს საქართველოს ყველა ეკლესიას მიეცა ლოცვა-კურთხევა, რომ წირვის შემდეგ
ყველგან შესრულდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რადგან ყოვლადწმიდა
ღვთისმშობელი მფარველი და პატრონია საქართველოსი. შევთხოვ ზეციურ დედოფალს,
გადააფაროს თვისი კალთა ჩვენს ქვეყანას!
მოგეხსენებათ, შენდება ეკლესიები და ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ გაბრწყინების
ჟამი, ღვთის მადლით, უკვე დაწყებულია. ეშმაკი სწორედ ამას არ გვპატიობს. არცერთ
ქვეყანაში არ შენდება ერთდროულად იმდენი ტაძარი, როგორც ეს დღეს საქართველოში
ხდება. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან საქართველო წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმ-
შობელისა. ეშმაკს კი შურს, რომ ხალხი ღვთისაკენ, ეკლესიისაკენ მიბრუნდა.
მინდა ყველას გთხოვოთ, რომ აღავლინოთ ლოცვები საქართველოს მშვიდობისა და
მთლიანობისთვის, ყოველი ადამიანის სულიერი განწმენდისათვის. შევვედროთ უფალს, რომ
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით მოგვანიჭოს მშვიდობა და კეთილდღეობა. ისიც უნდა
გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ და ის
ადამიანებიც, რომლებიც ასე გაუხეშდნენ, ჩვენი სისხლი და ხორცია. ამიტომ ის ცოდვები,
რასაც ისინი ჩადიან – მარტო იმათი როდია, ეს ჩვენი საერთო ცოდვაა, საერთო სიმძიმეა
და ჩვენ გულმხურვალედ უნდა ვთხოვოთ მაცხოვარს, შეგვცვალოს ყველანი სულიწმიდის
მადლით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და შეარიგოს ჩვენი ერი და გადაარჩინოს
და დაიფაროს შინაური და გარეშე მტრებისგან.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №46(254),
2003 წ.