ა.წ. 10 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საზეიმოდ გადაეცა. სიწმინდე ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა 9 ივლისს.
წმინდა ნაწილის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადმოცემის ცერემონიას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი და სხვა ოფიციალური პირები.
მიტროპოლიტმა შიომ ტაძარში შეკრებილთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ბრძანა:
,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო,
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,
თქვენო აღმატებულებავ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრო,
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო,
XVII საუკუნე უმძიმესია საქართველოს ისტორიაში, მტერი აღარ დასჯერდა ქვეყნისთვის ვასალური პირობების წაყენებას და ერის სრული განადგურება მოინდომა. ამიტომაც ძირითადი წნეხი ქართველებზე ხორციელდებოდა. ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქართველთა ნაწილმა სჯული შეიცვალა, ზოგმა კი - ეროვნებაც. დიდი ნაწილი მაინც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა ან უცხოეთში გაყიდეს მონათა ბაზარზე. კახეთი, ქართლი, მესხეთი, იმერეთი, აფხაზეთი და სხვა კუთხეები მუდმივი შემოტევების გამო მოსახლეობისგან ლამის დაიცალა. სამაგიეროდ, უცხო ტომები ყველა მხრიდან შემოვიდნენ და ადგილობრივების ტერიტორია დაიკავეს.
სწორედ ამ პერიოდში იყო, რომ ჩვენი სარწმუნოება ეროვნების სინონიმად იქცა, ანუ მართლმადიდებელი ნიშნავდა მხოლოდ ქართველს. ეკლესია უნარჩუნებდა ხალხს სიმტკიცეს და აძლევდა ძალას, უშიშრად შეგებებოდა განსაცდელს.
ამიტომაც ამ პერიოდში მრავალი შეემატა წმინდანთა დასს: - დავით გარეჯის უდაბნოში მოწყვეტილი 6000 ბერი, ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მარაბდის ველზე შეწირული 9000 გმირი, წმინდა ლუარსაბ მეფე, წმინდა ევდემოზ კათოლიკოსი, წმინდა ელიზბარ, შალვა და ბიძინა ერისთავები და, რა თქმა უნდა, დიდმოწამე ქეთევან დედოფალი თავის მოძღვართან, მოსესთან ერთად წამებული.
წმინდა ქეთევანი გამორჩეულია თავისი უმძიმესი ცხოვრებით არა მარტო ჩვენს რეალობაში, არამედ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოშიც. მეუღლის სიკვდილი, მამამთილისა და მაზლოს მეორე მაზლისგან მოკვდინება, შვილის, თეიმურაზის, განსაცდელებით სავსე ცხოვრება, შვილიშვილების წამებით აღსრულება, თორმეტი წელიწადი ტყვეობაში ყოფნა და ბოლოს ენით გამოუთქმელი ტანჯვის დათმენა.
დღეს ჩვენ ვართ დიდი და ისტორიული დღის მომსწრე. ის, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი, დღეს შესაძლებელი გახდა, - ინდოეთის მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოს მუდმივ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოსცა.
ამიერიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულ-კულტურული სიახლოვის განმამტკიცებელი წმინდა ქეთევანიც იქნება.
აღსანიშნავია, რომ წმინდანის საქართველოში დაბრუნება არის სამი წლის შრომის შედეგი, რომელიც ჩვენმა ეკლესიამ და მთავრობამ ინდოეთის მთავრობასთან ერთად გასწიეს.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნარენდრა მოდის, რომელმაც ეს ისტორიული გადაწყვეტილება პირადად მიიღო. ჩვენ ასევე პატივისცემას ვუდასტურებთ და მადლობას ვუხდით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარა, რომელმაც დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანა.
გვინდა ჩვენი დიდი მადლიერება გამოვხატოთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართ, რომელმაც თხოვნის წერილით მიმართა ინდოეთის მთავრობას, რომ საქართველოსთვის გადმოეცათ დედოფლის წმინდა ნაწილი.
ასევე დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ დავით ზალკალიანს და საქართველოს საელჩოს ინდოეთში.
დღეს, როდესაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში სამუდამოდ ბრუნდება, კვლავ ჩაგვესმის მისი ბოლო სიტყვები, სახარებისეული სიტყვები: არ უნდა შეგეშინდეს მათი, ვისაც ძალუძს ხორცის მოკვდინება, არამედ გვეშინოდეს მათი, ვინც სულსა და ხორცს წარგვიწყმენდს.
წმინდა ქეთევანის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს!”
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა:
მეუფე შიო, მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები ჩვენს მეუფეებს, წმინდა სინოდის წევრებს, მამებს, დედებს, ჩვენს მრევლს, ჩვენს ხალხს. მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს საპატიო სტუმარს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება, მადლობა გადავუხადო ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებისათვის. დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, თითოეული მორწმუნისათვის. თითქმის 400 წლიანი განშორების შემდეგ ჩვენს სამშობლოს დაუბრუნდა ჩვენი დიდი დედოფლის, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები. ქეთევან დედოფლის წამებას თავის დროზევე მოჰყვა ჩვენი ქვეყნის გამოფხიზლება და ეროვნული ცნობიერების არნახული აღზევება. მისი გმირული ცხოვრება რწმენისა და სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა დღესაც და ყოველთვის ასეთად დარჩება. გოაში, წმინდა ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში, გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ნაწილების ფრაგმენტები ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსენებათ, მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა საქართველოს. კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმები და მადლობას ვუხდი ინდოეთის მთავრობას და ინდოელ ხალხს. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო წინაპირობაა, მინდა ვთხოვო მას, გადასცეს ქართველი ხალხის მადლიერება ინდოეთის მთავრობას და ხალხს.
ვულოცავ ამ მნიშვვნელოვან მოვლენას მთელს ჩვენს საზოგადოებას.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის სიტყვა:
მეუფე შიო, თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ქართველო ძმებო და დებო, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასევე ინდოეთისთვის. მე მაქვს დიდი პატივი, გადმოგცეთ წმინდა ნაწილები წმინდა მოწამე ქეთევანისა, გადმოვცე ის ქართველ ხალხს.
მე ვთვლი თავს დალოცვილად, რომ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, ასეთი კურთხეული აღმოჩნდა. წმინდა ნაწილები იყო დასვენებული გოაში, წმინდა ავგუსტინეს მონასტერში 17-ე საუკუნის შემდეგ. გათვალისწინებით იმ უდიდესი სულიერი ღირებულების, რომელსაც წმინდა ნაწილები ფლობენ საქართველოს ხალხისთვის, ჩვენ ვინახავდით ამ წმინდა მემკვიდრეობას, როგორც ჩვენს საკუთარს.
ჩვენ განსაკუთრებით მადლობას ვუხდით გოას ძალიან კარგ ადამიანებს, რომლებიც დიდი მოწიწებით ინახავდნენ ამ წმინდა საგანძურს. ჩვენ ვართ ამაყები, რომ პატივს ვცემთ ტრადიციებს, რწმენას. წმინდა ქეთევანის მოწამეობა არის ისტორია გამბედაობისა და მსხვერპლშეწირვისა. მისი ნაწილები ინდოეთში ჩაასვენა ორმა ავგუსტინელმა ბერმა, რომლებიც მოწმე იყვნენ მისი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდისა.
წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილების არსებობა ინდოეთსა და საქართველოში არის ხიდი რწმენისა ორ ერს შორის. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში ჩვენი ორივე ქვეყნის შვილები გაივლიან ამ ხიდს; ხიდს სულიერებისა, ისევე როგორც ხიდს მშვიდობისა და მეგობრობისა.”