დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამობრძანდა

2017-18 წლებში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში ჩამობრძანდა დროებით. დღეს კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სიწმინდის ნაწილი საჩუქრად გადმოგვეცა და სამუდამოდ ჩამობრძანდა საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.

მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთერთობებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წერილობითი თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები ინდოეთის ხელისუფლებასთან. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთ მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ.

შაბათს, 10 ივლისს, 14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის სამადლობელ პარაკლისს. ვისთვისაც ძვირფასია საქართველოსთვის წამებული წმინდა დედოფალი და მნიშვნელოვანია მისი წმინდა ნაწილის სამშობლოში დაბრუნება, სასურველია დაესწროთ წმინდა ნაწილის საზეიმო გადაცემას.