სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა (11.06.2021)

ა.წ. 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ფილიპ რიკერი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე განხილულ იქნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბ-ნ ფილიპ რიკერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამერიკის პრეზიდენტის ბატონი ჯო ბაიდენისა და აშშ სახელმწიფო მდივნის, ბ-ნი ენტონი ბლინკენის  მოკითხვა გადასცა. სტუმარმა აღნიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად მისი უწმინდესობის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსთვის და ასევე ისაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმარი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.