მირქმის დღესასწაულის აღნიშვნისათვის (13.02.2021)

                                                                                     (შედგება 5 ნაწილისაგან)

I

სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კურთხევით, ზოგიერთ რეგიონში და თბილისის რამდენიმე ტაძარში გასულ წელს პირველად აღინიშნა მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ, სვანეთის სოფლებში შემორჩენილი ძველი წესის, - „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა გათვალისწინებით.

შედგა მსახურება, რომელიც სადღესასწაულო ლოცვის (ზოგან კი მეორე დღეს წირვის) დამთავრების შემდეგ სრულდება, ხდება სანთლების კურთხევა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლა, ტარდება პანაშვიდიც.

სვანეთში შემორჩენილი ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის ის, რომ საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებული სანთლებით მაცხოვრის დიდებით და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით დადის მთელ სოფელში. თითოეული ოჯახიდან მათ შესახვედრად ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები, (რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვარს) ლოცავენ მას და შემდეგ ოჯახის უფროსიც (რომელიც ასევე სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს მათ. ერთ-ერთი ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანებისა. (ეს ანთებული სანთლები ასევე  მიგვანიშნებს 5 გონიერ ქალწულზე, რომლებიც სული წმინდის მადლით იყვნენ შემოსილნი).    ბოლოს ყველანი მიდიან სასაფლაოზე, რათა მიცვალებულებს ახარონ უფლის განკაცება.

წმინდა სვიმეონის სახით ძველმა აღთქმამ განცხადებულ ღმერთს შეაგება  ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე,  რომელმაც დაასრულა მაცხოვრის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი, ანუ ძველი აღთქმის პერიოდი.  შემდეგ    სათავე დაედო ახალი აღთქმის ეპოქას.

მირქმის დღესასწაული თადაპირველად უფრო განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. მაგალითად, იერუსალიმის ეკლესიაში მას გამორჩეულად ზეიმობდნენ:    სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით,ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობას აწყობდნენ,; ბოლოს    კი პანაშვიდს იხდიდნენ, რათა მიცვალებულებისთვისაც ეხარებინათ მაცხოვრის ტაძრად მობრძანება.

პანდემიის პირობებში საქართველოში დღეს გარკვეული რეგულაციების დაცვა აუცილებელია, მაგრამ თავისი პატივი უნდა მიეგოს დღესასწაულს. კარგი იქნება, თუ მას, შესაძლებლობისამებრ, ძველი წესის მიხედვითაც გავამშვენებთ.

სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც,- შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები,    ახალშობილ იესოს და წმ. სვიმეონ მიმრქმელს შეავედრონ გარდაცვლილი წინაპრები,  ახლობლები... და წყალობა სთხოვონ საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოსათვის.

 

მირქმის მადლი გეწეოდეთ.

 

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

 

   II 

ლამპრობა - მიგებების დღესასწაული

(ამონარიდი ექვთიმე კოჭლამაზაშვილის სტატიიდან)

 

ქრისტიანული დღესასწაულია „ლამპრობა“, მისი სახელწოდება და რიტუალური თავისებურება - ლამპრებისა და ცეცხლის ანთება, ჩირაღდნებით საზეიმო მსვლელობა და ლიტანიობა - შემორჩენილია სააქრთველოს სხვადასხვა კუთხეში, სვანეთში („ლამპრობის “ სახელით) მთიულეთში („ლაპორიობა), გუდამაყარში („ლამპარიობა“), ფშავში („ლომპორია“) ხევსურეთში („ლამპრობა“),  ხევში („ამპარიობა“) გურიასა და იმერეთში.

ლამპრობა მარტო ქართული ღმრთისმსახურების დამახასიათებელი რიტუალი არ ყოფილა. იგი უძველეს დროში მთელ საქრისტიანოში იყო გავრცელებული და მიგებების (მიქმის) დღესასწაულს უკავშირდებოდა.

მიგებება, როგორც ვიცით, ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია.  ქრისტიანული ეკლესიისა, რომელიც შობიდან მეორმოცე დღეს ყრმა იესუს იერუსალიმის ტაძარში მიყვანისა და მართალი სვიმეონის მიგებების მოსახსენებლად დაწესდა (ლუკა 2,22-39) წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444), სოფრონ იერუსალიმელი (634-638), კირილე სკვითოპოლელი (+557), სილვია აკვიტანელი (IV ს) და სხვა ავტორები გვაუწყებენ, რომ ამ დღეს სრულდებოდა ლიტანიობა (საზეიმო მსვლელობა) ანთებული სანთლებით. დასავლეთის ეკლესიაში მიგებებამ სანთლების (ლამპრების) დღესასწაულის სახელი მიიღო და სანთლებით მსვლელობის რიტუალი სხვადასხვა ვარიაციით აისახა ევროპის ხალხთა წეს-ჩვეულებაშიც.

ლამპრობისა და მიგებების იგივეობას ადასტურებენ ქართული საისტორიო და ლიტურგიკული მწერლობის ძეგლებში დაცული ცნობები. უძველეს საღმრთისმსახურო  კრებულებში მიგებების დღესასწაული  არცთუ იშვიათად „ლამპრობის“ სახელით გვხვდება. „ლამპრობა“ რომ სწორედ მიგებების გამომხატველია, გვიჩვენებს ამ სახელით წარწერილი საკითხავ-საგალობლების კალენდარული ადგილი და შინაარსი. სახელდობრ, „იბაკონი ლამპრობისანი“ - ასეა დასათაურებული მოხუცებული სვიმეონის მიერ ყრმა იესუს „მიქმის“ შესახებ საგალობლები უძველეს ჰიმნოგრაფიულ კრებულში - იადგარში.

უძველესი ლიტურგიკული პრაქტიკის ამსახველ ევხოლოგიონში ვხვდებით ლამპრობის კვერექსებსა და „მიგებების ლამპართა“ კურთხევის წესებს, რომლებიც კალენდარული ადგილისა და  შინაარსის მიხედვით, აგრეთვე, მიგებების დღესასწაულს შეეფერებიან. პარხლის მრავალთავში ლამპრობის საკითხად შეტანილია აპოკრიფული თხზულება: „სიყრმე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი“, რაც შინაარსის მიხედვით ისევ და ისევ მიგებების დღესასწაულს შეეფერება. „ლამპრობა“, როგორც დღესასწაული, „ქართლის ცხოვრებაშიცაა“ მოხსენიებული მიგებების შესატყვისად.

საინტერესოა, რომ უფლის მიგებების ამსახველ ქართულ ძველ ხატებზე, სხვადასხვა ფორმით გამოხატულია ანთებული ლამპარი. მაგალითად,  XII-XIII სს. ტიხრული მინანქარის  ფირფიტაზე ლამპარი გამოსახულია ძირს მდგარი, ღმრთისმშობლის წინ, X-XI სს. ჭედურ ხატზე (მოოქრული ვერცხლი). იგი ხელთ უპყრია მართალი სვიმეონის უკან მდგომ ანა წინასწარმეტყველს.

იმის გასათვალისწინებლად, თუ რა სულიერი შინაარსი ჰქონდა მიგებების დღესასწაულზე ანთებული სანთლებით ლიტანიობას, საინტერესო მასალას გვაწვდის ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში დაცული ლამპართა კურთხევის წესები („კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაჲ ლამპრისა მიგებებასა“ დ ა. შ.) ჩვენთვის ცნობილია ამ „კურთხევის“ სამი რედაქცია, ორი მათგანი დაცულია X საუკუნის სინურ ხელნაწერებში, მესამე კი XVII-XVIIIსს რამდენიმე პოსტათონურ ხელნაწერში, რომლებიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

აქვე მოგვყავს ლამპართა კურთხევის ლოცვა ბოლო, მესამე რედაქციისა, რომელიც შედარებით სრული სახითაა ჩვენამდე მოღწეული:

 

 

კურთხევა ლამპართა მიგებებისათა:

უფალო,  რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰედ ქუეყანად, ცხორებისათს ნათესავისა კაცთასა, რომელსა წინათვე გწინასწარმეტყუელებდეს წინასწარმეტყუელნი მოსლვასა შენსა, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანამოსაყდრე, და გამოუთქუმელად გამოჰბრწყინდი წმიდისა უბიწოსა ქალწულისაგან, იშევ ორცითა, ვითარცა ჯერ-გიჩნდა ნებითა მამისათა, გამოსჩნდი ჩჩლი, იტრთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოს დგას ბევრეული დასი ანგელოზთა, დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა, აღსრულებად შჯულისა, ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვირცა ყრმაი,  შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა-ხილვად სიკუდილი,  ვიდრე გიხილოს ორციელად მოსრული უფალი,  რომლისათსცა  ძლიერად ღაღად-ყო და გქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა; გუახარა მახარებლისა მიერ გამობრწყინვება შენი, ჩუენ უღირსთა მონათა შენთა. განანათლენ გულნი ჩუენნი  ნათლითა ღმრთეებისა შენისათა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი, და აკურთხენ სანთელნი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვოდით შენ საიხარულით, და ღირს ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობასა ანგელოზთა თანა, და გადიდებდეთ მხოლოსა უკუდავსა მეუფესა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ...

შევნიშნავთ იმასაც, რომ ღმრთისმსახურების იერუსალიმური ტრადიციისათვის დამახასიათებელი იყო დამატებითი სადღესასწაულო მუხლების ჩართვა ლიტურგიაზე, მრჩობლ კვერექსში.

კერძოდ, მიგებების კვერექსში ჩაერთვოდა შემდეგი მუხლები:

 

1. ვთქუათ ყოველთა: უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.

2. ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ მისგან  ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

3. რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

4. რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და  ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

5. რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

III

სანთლის კურთხევა

ლოცვის დამთავრების შემდეგ მღვდელი ანთებს სამ სანთელს

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

 

მღვდელი:

„ღმერთო ძლიერო, უფალო ძალთაო, და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღვისაო, და ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, რომელი დამკვიდრებულ ხარ ნათელსა შეუხებელსა, რომელი ჰზი ზედა საყდართა ქერობინთა, რომელი იდიდები, ყოველთაგან დაბადებულთა შენთა, უხორცოთა ძალნი გაქებენ შენ, დასნი მთავარანგელოზთანი თაყუანის გცემენ, სერაბინნი და ქერაბინნი დაუდუმებელითა ხმითა სამგზის-წმიდასა გალობასა შესწირვენ, გამოუთქმელო ნათელო; გადიდებთ შენ რამეთუ სიმდაბლით მოხუედ ქუეყნად და განჰხორციელდი წმიდისაგან ქალწულისა, და მსგავს კაცთა იქმენ. დღეს მოხუედ ტაძრად, მაცხოვარო ჩუენო, და დაშჯედ მკლავთა ზედა მოხუცებულისა სვიმეონისთა, რომელსა ვერ შემძლებელ არიან ანგელოზნი მიხედვად - ცეცხლსა ღმრთეებისა შენისასა. აწცა უფალო, ვითხოვთ შენგან  განათლებად სულთა და ხორცთა ჩუენთა და მოუკლებელსა შენსა სიმდიდრესა ღმრთეებისა შენისაგან, რაითა მოავლინო ჩუენ ზედა და სანთელთა ამათ - მადლი სულისა წმიდისაი,  განაბრწყინვნე ლამპარნი ესე, ვითარცა ბრძენთა მათ ქალწულთანი, რაითა მიგეგებვოდით შენ შესვლასა შენსა სასძლოსა სანთლითა სუფევისა შენისაითა და ღირს-ვიქმნნეთ მადლობით დაუცხრომელად დიდებად შენდა თანა მამით და ყოვლადწმინდით სულითიურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.“

 

მღვდელი: მშვიდობა ყოველთა

დიაკონნი:თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ:

მღვდელი ხელაპყრობით:

 

„უფალო,  რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰხედ ქუეყანად ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთაისა, რომელსა წინათვე გვიწინასწარმეტყველებდეს წინაისწამეტყუელნი მოსვლასა შენსა, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანამოსაყდრე, და გამოუთქმელად  გაბრწყინდი წმიდისა უბიწოჲსა ქალწულისაგან, იშევ ხორცითა ვითარცა ჯერ-გიჩნდა ნებითა მამისაითა, გამოსჩნდი ჩჩვილი, იტვირთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოჲს დგას ბევრეული დასი ანგელოზთაჲ, დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა აღსრულებად სჯულისა ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვითარცა ყრმაი, რომელსა  შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა ხილვად სიკუდილი,  ვიდრე გიხილოს ხორციელად მოსრული უფალი,  ხოლო გიხილა რაჲ,  ძლიერად ღაღად-ყო და გვიქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა, გუახარა მახარებლისა მიერ გამობრწყინვებაი შენი ჩვენ, უღირსთა მონათა შენთა; ღირს გვყუენ ჩუენ წარდგომად წინაშე შენსა სათნოებით და სიმართლით, განანათლენ გულნი ჩუენნი,  ნათლითა ღმრთეებისა შენისაითა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი, და აკურთხენ სანთელნი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვით შენ სიხარულით, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობად ანგელოზთა თანა და გადიდებდეთ მხოლოსა უკვდავსა მეუფესა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.

ამის შემდეგ  მღვდელი ამბობს ლოცვას, რომელსაც ეწოდება „კურთხევაჲ სანთლისაჲ“ 

 

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

 

„გმადლობთ შენ, რომელი ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, შევწირავთ შენდა სანთელსა შენსა წმიდასა ძესა შენსა, იესუ ქრისტესა, რომელმან გამოაბრწყინვა ნათელი სიმართლისაჲ გულთა ჩუენთა და გამობრწყინდა ნათელი შენი ჩუენ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა. ამის ყოვლისა ნიჭისათჳს გმადლობთ შენ და თაყუანის-გცემთ - მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!“

 

მღვდელი წინ დადებული სანთლებიდან იღებს დიდ სანთელს, სამი ანთებული სანთლიდან უკიდებს მას და 

 

დიაკონი იტყვის:  უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი: 

 

„აღანთე სანთელი, სახიერო კაცთმოყუარეო, რამეთუ ბუნებაჲ ცეცხლისაჲ შეჰქმენ და საჴმარებაჲ ნათლისაჲ მოგუმადლე, გმადლობთ შენ ყოველთა ზედა და შევწირავთ შენდა სანთელსა მას ბრწყინვალესა მოსლვასა შენსა, რაჲთა გჳძღოდეს ჩუენ ნათლად საუკუნოდ მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა ქრისტეს შენისაჲთა, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!  

(ეს ლოცვა ასევე იკითხება სხვა ნებისმიერ დროს სანთლის კურთხევისათვის)

 

მღვდელი მარცხენა ხელში გადაიტანს სანთელს, მარჯვენათი კი ნაკურთხ წყალს ასხურებს სანთლებს, როგორც ანალოღიის წინ დადებულს, ისე ხალხისას.

გუნდი(ან ერი) გალობს:

აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა.

 

მღვდელი დიაკონს და მრევლს გადაუკიდებს სანთელს  და მთელი ტაძარი ანთებული სანთლებით გაბრწყინდება. შემდეგ მღვდელი სანთლით და დიაკონი სანთლითა და საცეცხლურით, სტიქაროსნები ბაირაღებით და ხატებით,  მრევლიც ანთებული სანთლებით გამოდიან გარეთ და  ლიტანიობით უვლიან ტაძარს. 

ტაძარში შესვლისას

დიაკონი იტყვის: უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

 

უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან შეჰქმენ ნათელი და დაჰბადე ბნელი, ბუნებაჲცა ცეცხლისაჲ შეჰქმენ საჴმარად ჩუენდა და მსახურებისა შენისა, შენ გევედრებით და შევსწირავთ შენდა დღისა ამის თაყუანისცემასა. ღირს-მყვენ ჩუენ სამარადისოსა ნათელსა შენსა, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკჳდრ არიან,

რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

ამით  მთავრდება  მწუხრის მსახურება და მოებმის მცირე პანაშვიდი

 

IV

სასულიერო პირთა საყურადღებოდ:

 

სასურველია, ძველი ტრადიციისამებრ, მირქმა-მიგებების სადღესასწაულო წირვაზე მრჩობლ კვერექსში მოხდეს შემდეგი  მუხლების დამატება:

 

1. ვთქუათ ყოველთა: უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.

2. ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ მისგან  ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

3. რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

4. რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და  ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

5. რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

 

და მრჩობლი კვერექსი წაიკითხოს შემდეგი სახით:

 

დიაკონი:

ვთქვათ ყოველთა  ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვთქვათ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ

- უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ

- შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)

- მერმეცა გევედრებით ღვთისდაცულისა  ერისა ჩვენისა, და ღვთივგანგებულისა მთავრობისა, მხედრობისა, ხელმწიფებისა და მეუფებისა მისისათვის.

- მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის(ტახის მოსაყდრე, ან/და ადგილობრივი ეპისკოპოსი) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

- მერმეცა გევედრებით ძმათა ჩვენთა მღვდელთა, მღვდელ-მონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის

- მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, (დედათა და დათა(აქა მდებარეთა,)) და ყოველთა მართლმადიდებელობით აღსრულებულთათვის.

- ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

- რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

- რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და  ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

- რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ

- მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

 

V

ლიტურგიკული და ეთნოგრაფიული  მასალების გაცნობამ აჩვენა, რომ ნაწილი ქართველი მკვლევარებისა ხალხში შემონახულ „ლამპრობას“ მხოლოდ ხალხურ დღესასწაულად მიიჩნევდა და  მას  ეკლესიის წიაღს არ უკავშირებდა. უფრო მეტიც, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით კი სამოცდაათწლიანი ათეისტური რეჟიმის  პირობებში, სახელმწიფოს დაკვეთით წახალისებული იყო იმგვარი პროპაგანდა, რომ  ერში არსებული ზოგიერთი საეკლესიო ტრადიცია იყო წარმართული (პროპაგანდის გავლენით იყო, რომ ხალხშიც ზოგან მოხდა ტრადიციის ცვლილება ან შემორჩა იგი ოდენ ფრაგმენტული სახით).

მძიმე ისროიული ვითარება ასახავს ჰპოვებდა ეკლესიის ცხოვრებაშიც, ამიტომ ზოგიერთი ლიტურგიკული ტრადიცია გამარტივდა ან დავიწყებას მიეცა, რაც  აისახა ქართულ  „კურთხევნებშიც“ და საეკლესიო წიაღშიც საფუძველი შუქმნა აზრს, რომ მაგალითად, „ლამპრობა“- სანთლების კურთხევა არ იყო „მირქმა-მიგებების“ დღესასწაულის   შემადგენელი ნაწილი.

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ს კურთხევით, ამ საკითხთან მიმართებით დაწყებულია ხელნაწერების შესწავლა და იერუსალიმური ტრადიციით მირქმა-მიგებების, იგივე „ლამპრობის“ საზეიმოდ აღნიშვნისათვის დამატებითი მასალების მოძიება.