სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მირქმის დღესასწაულზე (15.02.2021)

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, - მირქმას. ეს არის შეხვედრა ძველი    და ახალი აღთქმისა. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა.

ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რათა დავძლიოთ ეს განსაცდელი.

თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს, ეძლევა მადლიც და ძალაც მის დასაძლევად. მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას.

სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება. უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს, ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესათვის და სხვა შეცდომილი მოძღვრებისათვის, წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ.

ყველას გილოცავთ დღესასწაულს!

„აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა“.

დღეს არის განწმენდის დღე; წყალობა ღვთისა განსაკუთრებით დღეს სუფევს ჩვენ ზედა.

დღეს არის ის დღე, როცა შვილები ლოცავენ თავის მშობლებს. თქვენც დალოცეთ თქვენი მშობლები და ისინი დაგლოცავენ თქვენ.

ახლა კი იქნება წაკითხული ლოცვა სანთლების კურთხევისა.

წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენ შორის და ჩვენთან! ჩვენთან არს ღმერთი!