სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (07.07.2019)

ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს. მისი ლოცვა, მისი კურთხევა გფარავდეთ თქვენ.
წმ.იოანე ნათლისმცემლის მშობლები, როგორც თქვენ იცით, იყვნენ უშვილოები და როცა ერთერთი მსახურების დროს მისი მამა, ზაქარია, ასრულებდა მღვდელმსახურებას, მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, შენ გეყოლება შვილი და დაარქმევ სახელსა იოანეს. ზაქარია და ელისაბედი მოხუცებულნი იყვნენ და ვერ დაიჯერა, რომ მას ეყოლებოდა შვილი. ამის გამო იგი დაისაჯა და დაკარგა მეტყველება. მართლაც, მოხდა სასწაული, ეყოლათ შვილი და დაარქვეს სახელად იოანე. ესეც ღვთის მითითებით სასწაულებრივად მოხდა.
თქვენ იცით, როცა იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა ხალხს იორდანეში, გამოჩნდა უფალი იესო ქრისტე და იოანემ იწინასწარმეტყველა: ,,აჰა კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა“.
წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის სინანულის მქადაგებელი. ყოველი ადამიანი უნდა იყოს მისი მფარველობის ქვეშ.
ჩვენც შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყოს ჩვენი მფარველი და შეგვაძლებინოს, სწორად განვლოთ ცხოვრების გზა, რაც არც ისე იოლია. მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს თავის გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის დიდი შემწე. შეგეწიოთ იგი თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენ გვყავს სასულიერო პირები, რომელნიც უნდა დავაჯილდოვოთ.
იღუმენი ღვთისავარი (გობეჯიშვილი) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში. აქსიოს!
მონოზონი ბარბარე (კაცაძე) აღყვანილია იღუმენიას ხარისხში. აქსიოს!
დღეს ილოცება გოდუაძეების გვარიც.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგაძლიეროთ. სახელითა მამისათა და ძისათა დაწმინდისა სულისათა.
პარასკევს არის პეტრე-პავლობის დღესასწაული. ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს წირვა-ლოცვა იქნება აქ, ამ წმინდა ტაძარში და შაბათს არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული. წირვა-ლოცვა შესრულდება სვეტიცხოვლის ტაძარში. მრავალს დაესწარით.