ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28 აგვისტო, 2001 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე

სიონის საკათედრო ტაძარი, 28 აგვისტო, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!

ყველას გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას! დღეს სიონობაა, სიონის ტაძრის
დღესასწაული. იგი საქართველოს დედა ეკლესიაა. როცა გადაწყდა, რომ აქ ქალაქი თბილისი
უნდა გაშენებულიყო, იმ დროსვე იქნა ჩაფიქრებული სიონის ტაძრის მშენებლობაც.

დღეს ვდღესასწაულობთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას. თითქოს მწუხარენი უნდა
ვიყოთ, რადგან ამ დღეს მიიცვალა ღვთისმშობელი დედა, მაგრამ მორწმუნე ადამიანის გული
სავსეა სიხარულით, რამეთუ მიძინებამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გაიმეორა სწორედ
ის სიტყვები, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თქვა ამაღლების წინ: „მე
თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ“. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმაც
ასევე აღგვითქვა.

და მართლაც, ჩვენ ყოვლდღიურ ცხოვრებაში ვგრძნობთ და ვხედავთ სასწაულს ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის მფარველობისა. იმდენად დიდია წყალობა უფლისა საქართველოსა ზედა, რომ
იგი გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა
ერს, ანუ ადამიანს ეძლევა დიდი მადლი, დიდი ნიჭი ღვთისაგან, ბევრიც მოეთხოვება.
ამიტომ, ჩვენს ხალხზე მოიწევა ხოლმე სასჯელი უფლისა, რომელიც სიყვარულით არის
მოვლენილი და იგი ჩვენი ჭეშმარიტების გზაზე დაყენების სურვილს შეიცავს. სამწუხაროდ,
ასეთი წვრთნა ხშირად გვჭირდება. მაგალითისთვის გავიხსენოთ ჩვენი წარსული, თუნდაც
სულ რამდენიმე ათეული წლის წინანდელი. საშინელი განსაცდელი მოგვივლინა უფალმა
მაშინ, დაცარიელდა ეკლესია-მონასტრები, სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა-ლოცვას
კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად სულ 10-15 ადამიანი თუ ესწრებოდა. კიდევ უარესი
უბედურებაც დაგვატყდა თავს. ქართველი ადამიანი საკუთარი ხელით შეეხო წინაპრების
მიერ აგებულ ტაძრებსა და მონასტრებს. ადრე უცხოეთიდან მოსული მტრები ანგრევდნენ
ჩვენი სულიერების კერებს იმიტომ, რომ ხედავდნენ, მასში იყო ქართველი ერის ძალა,
ამით იყო ძლიერი და მთლიანი საქართველო. ჩვენ კი ჩვენი მტრის საქმე ჩვენივე ხელით
გავაკეთეთ. ღმერთმა შეგვინდოს და გვაპატიოს ეს უდიდესი ცოდვა შეიძლება ვთქვათ, მე
ხომ არ ჩამიდენია ეს საშინელი ბოროტებაო, მაგრამ ცოდვა, ისევე როგორც მადლი,
შვილებზე და შვილთაშვილებზე გადადის და ამიტომაც ჩვენც მოგვეკითხება იგი. შევთხოვოთ
უფალს, რომ გვაპატიოს ის უმეცრება, ის უგუნურება, რაც ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა
ჩავიდინეთ.

მარიამობას, ამ განსაკუთრებულ დღეს, კიდევ ერთხელ მინდა გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს
გარდაცვალება ადამიანისა. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი მორწმუნე, როდესაც თავის
გარდაცვალებაზე დაფიქრდება, ღვთაებრივი მადლი მოეფინება მის სულს, რაღაც
განსაკუთრებული სიხარული მოევლინება მის გონებას და ეს ხდება იმიტომ, რომ მორწმუნე,
კეთილისმყოფელი ადამიანი უკვე დედამიწაზე იმ იმედით ცხოვრობს, რომ გახდება მკვიდრი
ღვთის სასუფევლისა, სასუფეველი ცათა უკვე მის გულშია დავანებული. მე არაერთხელ
მითქვამს თქვენთვის, რომ სასუფეველი და ჯოჯოხეთი ადამიანისთვის დედამიწაზევე
იწყება. თუ ადამიანის გულში არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, არ არის სიყვარული, თუ
მის გულში სიძულვილი, ბოროტება სუფევს, თუ იგი ცდილობს, რომ ღვარძლი, მტრობა თესოს
ადამიანთა შორის, ჯოჯოხეთი უკვე აქ იწყება მისთვის; ხოლო თუ ადამიანის გულში
ჭეშმარიტი რწმენაა და იგი სიკეთის მთესველია, სასუფეველი ცათაც მისთვის ამ
ცხოვრებიდან იწყება. ბრძენ ადამიანს უთქვამს: ვინც რას აკეთებს, თავის თავს
უკეთებსო. კეთილს ვიქმთ – ჩვენს თავს ვეწევით, თუ ბოროტს, ღმერთმა გვიხსნას
ამისაგან, ისევ ჩვენს თავს ვაზიანებთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს მთელი საქრთველოს
ეკლესია-მონასტრები სავსეა მორწმუნე მრევლით. ჩვენი ხალხი უფალს ავედრებს
საქართველოს, საკუთარ თავს, თავის ოჯახს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ მხოლოდ უნდა
სიკეთე ვთესოთ (და არავითარ შემთხვევაში ბოროტება), ვილოცოთ, ვიშრომოთ და ჩვენი
შრომით გავახაროთ ჩვენი ოჯახი, ახლობლები და ყოველ გაჭირვებულ ადამიანს
შეძლებისდაგვარად შევეწიოთ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად
საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35, 2001 წ.