ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე (19 აგვისტო, 2001 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე

სიონის საკათედრო ტაძარი, 19 აგვისტო, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწულს – ფერისცვალებას!
სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ სალოცავად წარიყვანა მთასა
მაღალსა პეტრე, იაკობ და იოანე და იქ, მათ წინაშე ფერი იცვალა; სახე უფლისა იყო
ბრწყინვალე, ვითარცა მზე, ხოლო სამოსი მისი – ნათელი. მაცხოვართან ერთად
მოციქულებმა იხილეს ორი წინასწარმეტყველი – მოსე და ელია, რომლებიც უფლისა ჩვენისა
იესო ქრისტეს აღსასრულზე საუბრობდნენ. იმდენად საოცარი და იმდენად უცნაური იყო ეს
ხილვა, რომ პეტრემ მიმართა უფალს: „კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფა და ვქმნეთ სამ
ტალავარ (ე.ი. სამი კარავი) ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიასა“. როგორც
სახარებაშია აღნიშნული, მოციქულმა ეს იმიტომ თქვა, რომ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო,
იმდენად გაოცებული იყო ნანახით, ამასთან, მას სურვილი ჰქონდა გაგრძელებულიყო ეს
ნეტარება, ეს საოცარი ერთობა, გამთლიანება ღვთისა და ადამიანისა. აი, ამ
ფერისცვალებაში გამოცხადდა წმიდა სამება: ძე უფლისა – გაბრწყინვებული, მამის ხმა
ზეციდან: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ“ და
სულიწმიდა – ღრუბლის სახით მოციქულებზე დაშვებული.
წმიდა იოანე ოქროპირი, თესალონიკის ეპისკოპოსი წმიდა გრიგოლ პალამა და სხვა
მრავალი წმიდა მამა განმარტავენ ამ სასწაულს. ისინი ამბობენ, რომ უფალმა იესო
ქრისტემ თაბორის მთაზე აჩვენა ღვთაებრივი დიდება და წარმოაჩინა ისე, რამდენადაც
შეეძლოთ იგი ეხილათ მოციქულებს, ე.ი. უფრო მეტი რომ დაენახათ, ვერ დაიტევდნენ.
ამავე დროს, მათ იხილეს ის, რასაც ადრე ვერ ხედავდნენ უფალ იესო ქრისტეს
პიროვნებაში, ანუ იხილეს ღვთაებრივი არსი და მოხდა მათი ფერისცვალება.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ფერისცვალების არსზე. ეს მოასწავებს და
მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენშიც უნდა მოხდეს ფერისცვალება, ბოროტება სიკეთით
შეიცვალოს, სიძულვილი – სიყვარულით, გარდაიქმნას ადამიანის მთელი ბუნება, მისი
სული, გონება, სხეული, ყველაფერი შეიცვალოს მასში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში,
ადამიანი ვერ გახდება მკვიდრი სასუფეველისა. ხოლო შემცვლელი ყოველივე ამისა არის
სულიწმიდა. როცა წირვა სრულდება და მღვდელმთავარი აკურთხებს პურსა და ღვინოს, იგი
ამბობს: „შესცვალე სულითა შენითა წმიდითა“. ამგვარი ცვლილება უნდა მოხდეს ყოველ
ადამიანში, შეიცვალოს იგი სულითა წმიდითა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება
ფერისცვალება.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ინებოს, რომ თქვენში, ჩვენში, მთელ საქართველოში და
მთელ ქვეყანაზე მოხდეს ფერისცვალება.
ღმერთმა ინებოს, რომ მეორედ მოსვლის დროს ყოველი ადამიანი დადგეს უფლის მარჯვენა
მხარეს და მიიღოს კურთხევა ღვთისა.
ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ.
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34, 2001 წ.