სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (10.02.2019)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ განვითარდეს. ეს კი მან, უპირველეს ყოვლისა თავისი თავიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ რატომღაც ვიწყებთ სხვა ადამიანებით იმიტომ, რომ ეს უფრო ადვილია, უფრო ადვილად ვხედავთ სხვას, სხვის ნაკლს. ,,მომანიჭე მე, უფალო, განცდაჲ თვისთა ცოდვათა“ _ ვკითხულობთ ლოცვაში. ცხოვრებამ, ჩვენმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ,,განცდაჲ თვისთა ცოდვათა“ არც ისე იოლი ყოფილა.
– რატომაა ძნელი ,,განცდაჲ თვისთა ცოდვათა?“
– იმიტომ, რომ ადამიანი სუსტია.
ძნელია ,,განცდაჲ თვისთა ცოდვათა“ იმიტომ, რომ ადამიანი თავის თავზე დაყრდნობით ვერ მიაღწევს ამას, არამედ უნდა მიიღოს მადლი ღვთისაგან, შეწევნა ღვთისაგან.
ადამიანი სუსტია, მაგრამ არის ხატება ღვთისა; სუსტია, მაგრამ მსგავსებას ღვთისას უნდა მიაღწიოს თავისი მოღვაწეობით, თავისი სულიერი ცხოვრებით.
ადამიანი ადვილად ეცემა. (აი, საგალობელი რომ არის ,,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“) ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრობს, ვეღარასდროს ადგება, მაგრამ ამ დროს მაცხოვარი თვითონ მიდის მასთან და აყენებს. ეს სასწაულია, ეს წყალობაა ღვთისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ამ წყალობას.
ამასთან ღმერთი ხედავს სურვილსაც და სურვილსაც მიაჩნევს როგორც გაკეთებულ საქმეს. ამიტომაც გულწრფელი სურვილიც კი უკვე ბევრს ნიშნავს. შეიძლება ვერ მიაღწიოს ადამიანმა სურვილის განხორციელებას, მაგრამ ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ ამასაც გაკეთებულ საქმედ უთვლის.
როგორც ვთქვით, ადამიანი მოწოდებულია განვითარებისათვის, სრულყოფისათვის. მაცხოვარი ამბობს: ,,იყავით სრულყოფილნი ვითარცა მამათქვენი ზეციერი სრულყოფილ არს.“ ეს ნიშნავს იმას, რომ განვითარება დაუსრულებელია, მუდმივია, რადგან ადამიანი ვერასდროს მიაღწევს ისეთ სრულყოფას, როგორიც აქვს მამაზეციერს, ამიტომ ეს სიტყვები ნიშნავს უწყვეტ პროცესს აქაც და იქაც, ორთავ სოფელსა შინა.
ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო და ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ. რთულია ეს ბოლო ჟამი, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს. ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა შეგვეშინდეს.
თქვენ ხედავთ, მთელს მსოფლიოში მღელვარებაა, მთელს მსოფლიოში რაღაცას ეძებენ, რას ეძებენ, თვითონაც არ იციან.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა.
აი, როცა მღვდელი ან დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს, ,,შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა,“ აუცილებლად უნდა აღამაღლოთ თქვენი გული და გონება ღვთისაკენ და ილოცოთ და მადლი ღვთისა დაგვეხმარება ჩვენ. დაგვეხმარება რომ შევიცნოთ თავი თვისი.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ ,,განცდაჲ თვისთა ცოდვათა“.
ჩვენთან არს ღმერთი!
ვაჯილდოებთ სასულიერო პირს: იღუმენი ანგია ბრეგვაძე აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში. აქსიოს!
დალოცვილი არიან შემდეგი გვარები: გოგიბერიძეები, მამადაშვილები, ტარუაშვილები, კილავები და კენჭაძეები. ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა ინებოს რომ მშვიდობა სუფევდეს თქვენს გვარებში. დალოცვილი და გახარებული იყავით სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
მოგვიახლოვდა დიდი მარხვის დღეები. მომავალი კვირიდან უკვე დიდი მარხვის საგალობლები იგალობება. დალოცვილი იყავით.
ჩვენთან არს ღმერთი!