სულთმოფენობიდან 37-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

სულთმოფენობიდან 37-ე კვირიაკე
წირვაზე (32-ე კვირიაკის) – 1 ტიმ. 4:9-15. ლკ. 19:1-10.

წმინდა პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ – 4:9-15
სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.
რომელია ეს სიტყვა, რომელიც ჭეშმარიტია და ღირსია იმისა, რომ ეჭვშეურევნელად მივიღოთ? ის, რომ ღვთისმოსაობა აქაც სასარგებლოა და იქაც. მოციქული ყველგან მიუთითებს ამის შესახებ ეპისტოლეში. იგი არ საჭიროებს ამის მტკიცებას, უბრალოდ, იუწყება, რადგან სიტყვა თქმულია ტიმოთეს მიმართ.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიყვედრებით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.
ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიყვედრებით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს. აქ მოციქული აჩვენებს, თუ როგორია ღვთისმოსაობა, რომელშიც თავად მოციქულები იწვრთნებოდნენ და რანაირად აქვს მას მომავალი ცხოვრების იმედი, ამბობს: იმისთვის, ნაცვლად სიტყვისა: იმიტომ ვშრომობთ და ვიყვედრებით.მართლაც, რატომ უნდა გავწყდეთ წელში, თუ არ ველოდებით მომავალ სიკეთეს, რომელსაც ცოცხალი ღმერთი გვიბოძებს ჩვენი სიკვდილის შემდეგ? აქ სამეფო მხედრებმა შეიძლება ბევრი შრომა და ხიფათი გადაიტანონ, მაგრამ სათანადო მისაგებელი ვერ მიიღონ, თუკი მეფე მოკვდება. ჩვენი მეფე კი ყოველთვის ცოცხალია და ყოველთვის მოგვაგებს მოსაგებელს.
რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი. ეს ნიშნავს, რომ უფალს ყველას გადარჩენა სურს – აქაც და იქაც. უფრო დიდ მზრუნველობას კი იგი ამ სოფელში მორწმუნეთა მიმართ იჩენს. ის რომ მათი მხსნელი არ ყოფილიყო, როგორღა გაუძლებდნენ ისინი ყველა აქაურ თავდასხმას? ამით წმინდა პავლე ტიმოთეს მოსალოდნელი საფრთხეების დასახვედრად ამზადებს. ნუ მოიწყენ, – ეუბნება იგი მას, – როდესაც ასეთი ღმერთი გყავს და ნუ სთხოვ სხვას დახარებას, არამედ მასზე დაამყარე იმედები: ცოცხალია ღმერთი და იგია მხსნელი.




ამას ამცნებდე და ასწავლიდე. ზოგი საქმე სწავლას მოითხოვს, ზოგიც – მცნებას (ბრძანებას). მაგალითად, რომ არ უნდა მოიპარო, ამას სწავლა კი არ სჭირდება, არამედ – ბრძანება, ანუ უნდა აუკრძალო გასაკუთრებული ძალით. ხოლო როცა ქონების დარიგებაზე ესაუბრები, ან ქალწულებაზე, ანაც რწმენაზე, მაშინ ესენი აუცილებლად უნდა ასწავლო. ამიტომ იყენებს მოციქული ორივე გამოთქმას: ამცნებდე და ასწავლიდე. სხვაგვარად ეს შეიძლება შემდეგნაირად გამოვთქვათ: როდესაც ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც ვიცით, რომ ბოროტებაა, ჩვენ ამ დროს ბრძანებას ვსაჭიროებთ; ხოლო როცა არ ვიცით, რომ ის ბოროტებაა, მაშინ – სწავლას.
ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით;
ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს. იმის გამო, რომ ზოგადი ცრუშეხედულებით სიჭაბუკე მოძღვრისთვის დამამცირებელი გახდა, ამიტომ შენ, – ეუბნება მოციქული მას, – ხელმწიფებრივად უბრძანე და ვერავინ დაგამცირებს, რადგან მოძღვრების უგულებელყოფა დაუშვებელია. მაშ, სად არის ამ დროს სიმდაბლე? იქ, სადაც პირადი შეურაცხყოფაა, მშვიდი უნდა იყო, ხოლო სადაც სიმკაცრეა აუცილებელი სხვათა გამოსახსნელად, იქ სრული ხელმწიფებით უნდა გასცე ბრძანებები. ან: აჩვენე კეთილად შემკული ცხოვრება კეთილი ზნით და მაშინ არ იქნება დამცირებული შენი სიჭაბუკე, პირიქით, საერთო გაკვირვებას გამოიწვევ. ამიტომ მოციქული ურთავს:
არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ. ე. ი. შენი ცხოვრებით მორწმუნეთათვის ნიმუშად და საუკეთესო ცხოვრების წესად უნდა იქცე.
სიტყვით. სიტყვა მომზადებული უნდა გქონდეს, რათა თავისუფლად, დაუძაბავად ილაპარაკო.
ქცევით როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე საეკლესიო მსახურებისას.
სიყვარულით. ყოველთა მომცველი სიყვარულით.
სულით ანუ სულიერი განწყობით, ან მადლის ნიჭით, რათა ამ ნიჭით არ გამედიდურდე.
რწმენით. მართალი და არა მერყევი რწმენით; ეს ისეთი რწმენაა, როდესაც ღმერთის იმაშიც სწამთ, რაც ბუნებრივი კანონებით შეუძლებელია, რომ აღსრულდეს.
სიწმინდით. ქალწულებრივი სიწმინდითა და უბიწოებით.




ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე.
ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე. თუკი წმინდა წერილის კითხვას მოციქული ტიმოთეს მცნებად აძლევს, მაშინ ეს განა ჩვენც არ უნდა გავაკეთოთ? თავად პავლეც, უეჭველად, ცხოვრების ბოლომდე კითხულობდა და ამას სხვებსაც შეაგონებდა. მოციქული ანუგეშებს ტიმოთეს და ეუბნება: ვიდრე მოვიდოდე. ტიმოთეს ეს სიტყვები აიმედებდა, რომ მოძღვარს მალე იხილავდა, რადგან იგი, დაობლებული, რა თქმა უნდა, გულით პავლეს ეძებდა. და აი, კიდევ რისთვის უთხრა მას პავლემ: ვიდრე მოვიდოდე. რაკი ტიმოთე ახალგაზრდა იყო, ამიტომ ცხადია, მან ბევრი რამ არ იცოდა და მოძღვრის გვერდით ყოფნას საჭიროებდა. მოციქული ტიმოთეს ეუბნება: სანამ მოვიდოდე, წმინდა წერილი იკითხე და იქ იპოვი შენთვის საჭირო რჯულის განწესებებს, ხოლო როდესაც მოვალ, დანარჩენს მერე აგიხსნი.
შეაგონე. ასწავლე და გაამხნევე, ვინც საკუთარ თავში ზნეობრივი ენერგიის მოკლებას გრძნობს.
დამოძღვრე. რწმენაზე მოქცეულნი ყველა საქმეში დამოძღვრე.



ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელთდასხმით.



ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით. აქ მოციქული საუბრობს მოძღვრობის ნიჭზე, რომელიც მიიღო გამორჩეულმა ეპისკოპოსმა. წინასწარმეტყველებით, ანუ წმინდა სულის მოწოდებით, როგორც ზემოთ ითქვა.
უხუცესთა ხელთდასხმით. ეპისკოპოსების ხელთდასხმით, რადგან ეპისკოპოსის ხელთდასხმას მღვდლები კი არა, ეპისკოპოსები ახდენდნენ. შეხედე, როგორი საოცარი ძალა აქვს სამღვდელო ხელთდასხმას!




ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის.







ამაზე იზრუნე და ასე იყავი. პავლე მოციქული ტიმოთეს ხშირად ერთსა და იმავეს შეაგონებს, რადგან სურს, აჩვენოს, თუ რაზე უნდა ზრუნავდეს ყველაზე მეტად ეპისკოპოსი.
რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის არა მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ სამოძღვრო სიტყვაშიც. პავლეს სურვილია, რომ ტიმოთე ყველაფერში დიდი და სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 19:1-10

შევიდა იერიხონში და გაიარა ქალაქი.
და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი,




მებაჟენი (მეზვერენი) ცოდვილ და უწმინდურ ადამიანებად მიიჩნეოდნენ, რადგან ხალხისგან სახელმწიფო გადასახადების მოკრებისას უმოწყალო გამომძალველნი იყვნენ და ამით თავადვე მდიდრდებოდნენ. ამიტომ ისინი წარმართებთან იყვნენ გატოლებულნი (მთ. 18:17); და თუ ასეთი საძაგელი რეპუტაციით სარგებლობდნენ ზოგადად მეზვერენი, მაშინ როგორი სახელი ექნებოდა მათ მთავარს? სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ტანმორჩილი ზაქე, ფრიად მდიდარი კაცი, რომელიც ხალხს სძულდა და იმავდროულად შურდა კიდეც მისი. სიძულვილი და შური ყოველთვის ერთმანეთთან ახლო მდგომი კედლებია, რომელთა შორისაც მდიდარი ცოდვილის სული ისრისება.
შემდგომში ზაქე მეზვერე ერთ-ერთი 70-თაგანი მოციქული და წმინდა პეტრეს მოწაფე გახდა, რომელმაც იგი პალესტინის კესარიის ეპისკოპოსად დაადგინა, სადაც ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს სახარებას და იქვე მშვიდობით აღესრულა.
წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი



სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო, ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო;

იესო ქრისტეს სასწაულების ამბავი ზაქესაც სმენოდა, განსაკუთრებით იმ სასწაულის შესახებ, რომელიც ცოტა ხნით ადრე უფალმა იერიქონში შესვლამდე აღასრულა ბრმების მიმართ და ახლა სურდა, ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, ესოდენ სახელგანთქმული სასწაულთმოქმედი, მაგრამ ხალხმრავლობის გამო,ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისო
წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო.
იხილე სულის სიმხურვალე! ზაქე მიხვდა, რომელი გზით უნდა გაევლო ქრისტეს, წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად. მასში გაიღვიძა ღვთისმოსაობის მოშურნეობამ, მისი გული აღანთო მონანიების სურვილმა და წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა რადაც უნდა დასჯდომოდა, ეხილა რწმენის მასწავლებელი და ცოდვების მიმტევებელი.




როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო.
ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.



„მბჟუტავ პატრუქს“, – იწინასწარმეტყველა ესაიამ, – „არ ჩაუქრობს“ (ეს. 42:3). სოლომონმა კი ასე დაწერა: „წინასწარ ეცხადება (სიბრძნე) მისი შეცნობის მოწადინეთ“ (სიბრძ. 6:13), და ამას უფალი იესო ქრისტე ასრულებს! ღმერთკაცმა არ ჩააქრო ზაქეს ანთებული რწმენა, პირიქით, წინასწარ გამოეცხადა მანამდე, ვიდრე იგი მას იცნობდა, რადგან მივიდა იმ ადგილას, სადაც ის ლეღვის ხე იდგა, რომელზედაც ზაქე აძვრა. და როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო. ამის გაგონებაზე ზაქე დიდი სიხარულით აივსო, საჩქაროდ ჩამოვიდა ძირს და უფალი სახლში მიიღო. მთელი ეს მოვლენა აჩვენებს, რომ ზაქე მზად იყო, მიეღო ღვთის სიტყვები და საკუთარი ცოდვები მოენანიებინა. იესო ქრისტემ წინასწარ განჭვრიტა მისი სულიერი განწყობა, როგორც გულთამხილველმა,ზევით აიხედა, შეხედა მას და განუცხადა, რომ მისი სახლის სტუმარი იქნებოდა. როგორ მოიქცა ხალხი ყოველივე ამის დანახვაზე?
ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.
იუდეველები ყველა მეზვერეს ცოდვილებად მიიჩნევდნენ და, შესაბამისად, ყველაზე მეტად მათ მთავრებს, როგორიც ზაქე იყო, რადგან იგი, როდესაც სამეფო ხარკს კრებდა, ბევრ უსამართლობას ჩადიოდა, ხალხს ჩაგრავდა, ამიტომაც გაურბოდნენ მათთან ურთიერთობას. ეს იყო სწორედ მიზეზი იმისა, რომ როდესაც ღმერთკაცი იგავში აჩვენებდა სიმდაბლის სარგებელს და ამპარტავნების ზიანს, მდაბალი ცოდვილის და თავისი სიმდაბლით გამართლებულის სახით მეზვერე გამოიყვანა, რომელიც საკურთხევლიდან შორს იდგა. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იესო მეზვერეთა მთავრის, ზაქეს, სახლში შევიდა და იქ დარჩა, განრისხდა და მასზე დრტვინვა დაიწყო, რადგან საწყალობლებმა არ იცოდნენ არც ზაქეს სინანულის და არც ღმერთკაცის მხრიდან მაცხოვნებელი განზრახვის შესახებ. შეწყვიტეთ, საცოდავებო, დრტინვა, რადგან არ დაგინახავთ, როგორ შეხვდა ზაქე მასთან მისულ იესოს და რა უთხრა მას ქრისტემ, როდესაც ზაქეს ჭეშმარიტი სინანული და რწმენაზე მოქცევა იხილა.
ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ.
გახსოვდეს ზაქე, რომელმაც მის მიერ დაჩაგრულების სასარგებლოდ ზღვევინების, ხოლო დანარჩენი ქონების ნახევრის გლახაკებისთვის დარიგების აღთქმა დადო. იგი გახარებულია, რომ შეუძლია, ქრისტე მიიღოს და უფალიც უვლენს წყალობას, როდესაც ანგარი კაცი აჯილდოებს იმათ, ვინც თავად დაჩაგრა. ამრიგად, განკაცებულმა უფალმა გაამართლა ზაქე და უთხრა: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს. ესეც იმათ ეხებათ, რომლებიც მოწყალებას გასცემენ, მაგრამ სამართლიანობის დაცვაზე არ ზრუნავენ.
წმინდა მღვდელთმთავარი ბასილი დიდი
უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა.
უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს. სახლს ანუ სახლეულს – სახლში მცხოვრებთ. დღეს, – ამბობს უფალი, – მოევლინა ხსნა, ვინაიდან განშორებულია სიკვდილი მასში მცხოვრებთაგან, რომელიც უნდა მოსწეოდათ ანგარებისმოყვარეობისა და უსამართლობისათვის. ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა. ეს ქრისტემ თქვა იმათ გასაგონად, ვინც დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო. ის ხომ ამბობს: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს. დიახ, ზაქე უნდა გადარჩენილყო, რადგან იგი აბრაამის ტომიდან იყო. ეს სიტყვები კი ქრისტემ იმიტომ დაურთო, რომ თავად, უპირველეს ყოვლისა, აბრაამის შთამომავლებისთვის განკაცდა.




რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.



დაკარგულნი აბრაამის ტომიდან იყვნენ. ის ხომ ამბობს: მოვვლენივარ მხოლოდ აბრაამის დაღუპულ ცხვრებს (იხ. მთ. 15:24). მაგრამ მეც ზაქე ვარ – სულიერი სიმაღლით მცირე. მე ჯერ კიდევ განრთხმული ვარ მიწაზე, და თუმც, ვცდილობ, ნათლად და სათანადოდ დავინახო ქრისტე, მაგრამ მაინც არ შემიძლია მისი ხილვა, თუკი არ გავიქცევი იმისგან, რაც ამაში ხელს მიშლის და არ ავძვრები ხეზე, ანუ თუ არ ავმაღლდები მიწიერზე და არ აღვიმართები ზეციურისკენ. მაშინ უფალიც მეგობრულად შემომხედავს, თავისთან მიმიხმობს და ჩემთან დაივანებს (შდრ. ინ. 14:23), რამეთუ ასეთი ადამიანი ღვთის სამკვიდრებელი სახლი ხდება.
სწავლული ბერი ეფთვიმე.ზიღაბენი