სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (23.12.2018)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს წაკითხული სახარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა, მადლობის გადახდა ღვთისათვის.
ჩვენს ლოცვაში მხოლოდ ვთხოვთ: ,,მომეცი უფალო”, ,,მილხინე უფალო”. გაჭირვების ჟამს ყოველთვის ჩვენ ვთხოვთ უფალს დახმარებას, მაგრამ საკითხავია, რამდენად მადლიერნი ვართ ხოლმე შემდეგ.
დღევანდელი სახარება მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ მაცხოვარს შეეგება ათი კეთროვანი ავადმყოფი (კეთროვნობა მძიმე ავადმყოფობაა, თქვენ იცით) და ევედრებოდნენ: ,,იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი”.
და მაცხოვარი ეუბნება: ,,წადით და ეჩვენენით მოძღვარს”.
ეს წესი იყო. მოძღვარს უნდა დაედასტურებინა, რომ იგი მორჩენილია ავადმყოფობისგან.
როცა კეთროვანნი წავიდნენ მოძღვართან, გზაში განიწმინდნენ სენისგან, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი დაბრუნდა უკან, დავარდა მუხლზე და მადლობდა უფალს.
და უფალი ეუბნება: ,,ათნივე ხომ განიკურნენ, ცხრანი სადღა არიან?”.
აი ჩვენც ხშირად ასე ვიქცევით. ჩვენც ვიღებთ დახმარებას ღვთისგან და იქვე ვივიწყებთ, რომ შევწიროთ მას მადლობა.
ცხრანი სადღა არიანო, _ კითხულობს მაცხოვარი. ვერ იპოვეს მათ თავის თავში ის სულიერი ძალა, რომ მისულიყვნენ და სიკეთისთვის მადლობა ეთქვათ ღვთისთვის. და ვინც ეს გააკეთა, იყო სამარიტელი. მაცხოვარი ლოცავს მას: ,,სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.”
ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენც გვითხრას, _ ,,სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნოს შენ.”
დიდება უფალს და მადლობა უფალს!
დღეს მე განსაკუთრებით ვმადლობ უფალს. დღეს არის პატრიარქად ჩემი არჩევის დღე. 23 დეკემბერს შესდგა კრება წმინდისა სინოდისა და უფალმა ინება ჩემი გამორჩევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მადლობელი ვარ უფლისა, რომ ღმერთმა დამაკისრა ეს მძიმე და საპატიო ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარსა, ის აძლევს ძალას, რომ ზიდოს ადამიანმა თავისი ტვირთი. მადლობელი ვარ თქვენი, ჩვენი მრევლისა, ჩვენი მოსიყვარულე მრევლისა. თქვენი დახმარება და შემწეობა რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ტვირთვას. დიდება და მადლობა უფალს!
დღეს ვლოვათ ხუბუტიების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
კათოლიკოს-პატრიარქისინტრონიზაციის 41 წლისთავთან დაკავშირებით სამშაბათს, 24 დეკემბერს, 17:00 საათზე, საზეიმო ლოცვა აღევლინება სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო ოთხშაბათს, 25 დეკემბერს, 10:00 საათზე სადღესასწაულო წირვა ჩატარდება სვეტიცხოველში.