სულთმოფენობიდან XXX კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

10 (23) დეკემბერი, 2018
სულთმოფენობიდან 30-ე კვირიაკე

წირვაზე – კოლ. 3:12-16; ლკ. 17:12-19 (29-ე კვირიაკის)

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ – 3:12-16
მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ. ამ სიტყვებით მოციქული აჩვენებს სათნოებათა სიმარტივეს: როგორ მარტივადაც ვიმოსებით სამოსით, ასევე ადვილად შეგვიძლია სათნოებებით შევიმოსოთ. მაგრამ სათნოებებს მუდმივად უნდა ვატარებდეთ და ვსარგებლობდეთ მათით, როგორც უმშვენიერესი და უბიწო სამკაულით. მოციქული კოლასელებს შეაგონებს და ამასთანავე, აქებს კიდეც. იყვნენ წმინდანები, – ეუბნება ის მათ, – მაგრამ არა რჩეულნი და არა საყვარელნი, თქვენ კი რჩეულებიც ხართ და საყვარლებიც.
შეიმოსეთ გულმოწყალება. მას არ უთქვამს: შეიმოსეთ თანაგრძნობა, არამედ – გულმოწყალება. ეს იმიტომ, რომ არ დაამციროს შებრალების ღირსნი, ამასთანავე, აჩვენოს, რომ შემწყნარებლობა შინაგანი განწყობითაა საჭირო – არა ისე, როგორც ძმები ძმების მიმართ არიან განწყობილნი, არამედ როგორც მამები შვილების მიმართ. იმისათვის, რომ შენ არ თქვა, ძმამ შესცოდაო, მოციქული ამბობს: მოვითხოვ შენგან გულმოწყალებას ყოველი სულის მიმართ.
შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. ვინც გულმოწყალება შეიმოსა, – ამბობს მოციქული, – მას სხვა სათნოებებიც თავისთავად უჩნდება. ვინაიდან რომელი მამა არ არის შვილის მიმართ გულმოწყალე, არ იწყნარებს მას და არ ზრუნავს მასზე? თანაც, შეხედე, როგორი მშვენიერი წესრიგია ყოველივე ამაში! გულმოწყალებისგან შობილი სიტკბოება შობს სიმდაბლეს, რადგან მოწყალე ყოველთვის მდაბალია. სიმდაბლისგან იშობა სიმშვიდე, ვინაიდან ამპარტავანი მრისხანეც არის ხოლმე; სიმშვიდისგან – მრავლისთმენა, დიდსულოვნება.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.
შემდეგ ამ რჩევას მოციქული მაგალითით ამყარებს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. შეხედეთ ქრისტე მაცხოვრის კაცთმოყვარებას, რამდენი ცოდვა მოგვიტევა! მიჰბაძეთ მას და თითოეულმა თქვენგან მიუტევეთ ძმას თქვენ მიმართ ჩადენილი ცოდვა.

ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
სიყვარული სხვა მცნებების დამცველიც არის და მათ შესასრულებლად აღმძვრელიც. და როგორც ქვიტკირი ადუღაბებს და ამტკიცებს შენობას, ისე კრავს სიყვარული სხეულის წევრებს და სრულქმნილებას ანიჭებს.
ნეტარი თეოდორიტე კვირელი

დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.
როგორც ერში მცხოვრები ცოდვილი სრულად ემორჩილება ცოდვებს და დიდი სიამოვნებით იკმაყოფლებს არაბუნებით ვნებებს (რომ. 1:26), როგორებიცაა: გარყვნილება, მრუშობა, ლოთობა, მომხვეჭელობა, შურიანობა, მზაკვრობა, თავხედობა, შფოთისთაობა, სიძულვილი, მოძაგება, მომხვეჭელობა და სხვა სიბილწეები, რომლებსაც ისეთი სიამოვნებითა და კმაყოფილებით ასრულებს, თითქოს ბუნებრივად იქცეოდეს, – ზუსტად ისე ფლობს სრულყოფილი ქრისტიანი ყოველგვარ სათნოებას და ჩვენს ბუნებაზე აღმატებულ ნაყოფს სულისას, როგორიცაა: ჭეშმარიტი და ურყევი სიყვარული და მშვიდობა, დიდსულოვნება და სიკეთე, სიმშვიდე და მოთმინება, რწმენა და სიმდაბლე და მისთანები, რომლებიც მას სულიერ ტკბობასა და სიამოვნებას ანიჭებენ, როგორც ბუნებითი – მსუბუქად და ყოველგვარი დაღლისა და ძალისხმევის გარეშე. მას უკვე აღარ სჭირდება ზრუნვა და ბრძოლა ვნებებთან, როგორც უფლის მიერ სრულად გამოსყიდულს, როგორც მის წმინდა სამკვიდრებელს და სათნოებებისათვის აღძრულს ღთაებრივი ძალით, სიხარულითა და მხიარულებით წმინდა და თაყვანსაცემი სულისგან, რის შედეგადაც მის გულში ქრისტეს მშვიდობა ივანებს. ასეთია ის, ვინც ჭეშმარიტად „უერთდება უფალს და ერთი სული ხდება მასთან ერთად“ (1 კორ. 6:17). რამეთუ სულიწმიდის მოქმედებითა და ღვთაებრივი სათნოებებით იხშობა ბინძური ვნებები და ღვარძლიანი ქმედებები.
ღირსი მაკარი დიდი

დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
ღვთის სიტყვების განუწყვეტელ შესწავლას ძველი აღთქმაც განგვიწესებს, როგორც ნათქვამია: „ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (2 რჯ. 6:7). იმავეს ბრძანებს ღთაებრივი მოციქულიც, კერძოდ: ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში ე. ი. უგალობეთ უფალს არა მხოლოდ ბაგეებით.
ნეტარი თეოდორიტე კვირელი

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 17:12-19

ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ
ცხრა მათგანი იუდეველი იყო, ერთი – სამარიელი. საერთო ავადმყოფობამ შეკრიბა ისინი, როცა შეიტყვეს, რომ ქრისტეს მათი სოფელი უნდა გაევლო. და მოშორებით შედგნენ, როგორც უწმინდურები.
ეფთვიმე ზიღაბენი

და შეჰღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!
და შეჰღაღადეს. იმის გამო, რომ უფლისგან შორს იდგნენ, ხმამაღლა შესძახეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ! „მოიხილე ჩვენი ტანჯვა, შეხედე ჩვენს სირცხვილს, ჩვენს სიმახინჯეს და ჩვენი ავადმყოფი სხეულის არაბუნებრივ ფერს, – იმიტომ, რომ ესაა კეთრის თვისება; შეხედე, როგორ დამახინჯდა ჩვენში ბუნება; ხალხმაც ზურგი გვაქცია და ახლა მარტოობისთვის ვართ განწირულნი. შეგვიწყალე და განგვკურნე! იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!“. მეფიქრება, ამ ღაღადში იდო ელემენტი იმისა, რომ ამით ქრისტეს თანაგრძნობა გამოეწვიათ, მაგრამ ეს არ იყო ჭეშმარიტი მორწმუნეებისა და გაცნობიერებულთა სიტყვები, იმიტომ, რომ ისინი მას „მოძღვარს“ უწოდებენ, რაც შეუფერებელი იყო ყოვლისმპყრობელისა და მეუფისათვის. მეორე მხრივ, ამ ადამიანთა ვედრება, განკურნების თხოვნაზე რომ გაკადნიერდნენ, უადგილო იქნებოდა, რომ არა იმედი იმისა, რომ ვისაც მათი განკურნება შეეძლო, თანაც შორი მანძილიდან, ის ყოვლისშემძლე ღმერთი იყო.
წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ პალამა

ისინი რომ დაინახა, უთხრა: წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. და წავიდნენ თუ არა, განიწმინდნენ.
ისინი რომ დაინახა, უთხრა: წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. ჯერ არ განუკურნავს უფალს ისინი და უკვე მღვდლებთან აგზავნის, რადგან გზაში უნდა გაწმენდილიყვნენ; სნეულნი უყოყმანოდ გაემართნენ. მღვდლებთან კი იმიტომ უნდა მისულიყვნენ, რომ მღვდლებს მათი გაწმენდა დაემოწმებინათ და მათთვის გაწმენდილები ეწოდებინა, ამათ კი, ბოლოს და ბოლოს, კანონით გათვალისწინებული მსხვერპლი შეეწირათ.
სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი

ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს.
ბრწყინვალედ გამოთქვა დავით წინასწარმეტყველმა მაშინდელ იუდეველ ხალხთან დაკავშირებით: „არავინაა გულისხმისმყოფელი, არავინაა გამომეძიებელი ღმრთისა“ (ფს. 13:2). თუკი ამ ცხრა სნეულმა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტესგან ესოდენ დიდი წყალობა მიიღო და მის მიერ აღსრულებული სასწაული საკუთარ თავზე განიცადა, ვერ გააცნობიერა, რომ იესო ღმერთი იყო და მასთან არ დაბრუნდნენ, რათა შეძლებისამებრი დიდება და მადლობა აღევლენათ, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ დანარჩენებზე?

იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი.

მათგან მხოლოდ ერთმა სამარიელმა, ტომით ასურელმა, – რადგან წარმოშობით იქიდანაა, – იხილა რა სასწაული და მიიღო სასურველი სიკეთე, შეიცნო იესო ქრიტეში ღმერთი და მომწიფდა რწმენის მისაღებად. ამიტომ დაბრუნდა მასთან და გამოხატა მისდამი რწმენა და პატივისცემა, რასაც მისი მხრიდან შესაბამისი მოქმედებებიც ახლდა: ყველას თვალწინ ფერხთით დაემხო თავისი კეთილისმყოფელისა და განმწმედელის წინაშე და მადლი შესწირა მას, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს.
წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ პალამა

მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი?
უმადურთა, გასასტიკებულთა და გონებითა და გულით მკვდართა საქციელი უფალმა დაგმო. როდესაც ერთ-ერთი განკურნებული კეთროვანი მასთან დაბრუნდა, მის ფერხთით განერთხო და ადიდა, მაშინ მას უფალმა ჰკითხა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი? არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო თესლის გარდა. ეს სიტყვები ღრმა აზრის შემცველია. ღმერთკაცი თავისი კაცობით ხალხისგან განდიდებას არ ეძებდა, არამედ მათივე სასიკეთოდ სურდა, რომ მათ ჯეროვნად მიეგოთ პატივი უფლისთვის. ჰოი, სასწაული – ვინც ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი იყო, ის ახლა იძენდა კაცობრივი ბუნებით დაფარულ ღმერთს, იძენდა მაცხოვარს და მასში – საკუთარ ცხონებას; ხოლო მაცხოვრის უარმყოფლები ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ღმერთი თავდაპირველად საკუთარ გულში უარყვეს. უფალმა მის მოძულე და მგმობელ იუდეველებს ასეთი რამ უთხრა: „ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ“ (ინ. 8:42, 47).
წმინდა მღვდელთმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო თესლის გარდა.
ამ უცხო თესლის გარდა არავინ დაბრუნებულა. ნუთუ ქრისტესთვის არსებობენ უცხოთესლები? ის ხომ ყველა ადამიანის და არა მხოლოდ იუდეველების საცხოვნებლად მოვიდა? იუდეველები იქადოდნენ საკუთარი ღვთივრჩეულობით და იმით, რომ ჭეშმარიტი ღვთისმცოდნეობით მთელი მსოფლიოს ერებს აღემატებოდნენ. მაგრამ აი, მაგალითი, რომელიც მათი გონების სიბლაგვესა და გულის სისასტიკეს აჩვენებს! ხომ ხედავთ, ეს ასურელი, წარმართი, უფრო განათლებული გონებისა და კეთილშობილი გულის პატრონი აღმოჩნდა, ვიდრე მკვეხარა იუდევლები. სამწუხაროდ, ეს ისტორია დღემდე მეორდება რჩეულებსა და არარჩეულებს შორის. დღესაც ბევრი წარმართი უფრო მეტად გონებაგახსნილი და მადლიერია ღვთის მიმართ, ვიდრე მრავალი ქრისტიანი.
ბევრ მუსულმანს, ან, ვთქვათ, ბუდისტს, ლოცვებით თავისი გულმოდგინებით და შემოქმედის მიმართ თბილი მადლიერებით ზოგ-ზოგი ქრიტიანის შერცხვენაც კი შეუძლია.

უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა.

ხედავთ, რაოდენ დიდიცაა უფალი სიმდაბლეში, იმდენადვე დიდია იგი სიკეთეშიც! მისთვის სასიხარულოა, თავის დიდ და კეთილ საქმეებში ადამიანებს თანამუშაკნი უწოდოს. ამით მას დამცირებული და დაჩაგრული კაცობრიობის ღირსების ამაღლება ნებავს. დგას რა ადამიანურ დიდებასა და ამპარტავნებაზე მაღლა, უფალს სურს, თავისი დამსახურებები სხვებთან გაიზიაროს: სიმდიდრე – გლახაკებთან; დიდება – უბადრუკებსა და საწყალობლებთან. შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მართლაც, ამ სამარიელს სწამდა, ისევე, როგორც სხვა ცხრა კეთროვანს, ვინაიდან რწმენა რომ არ ჰქონოდათ, მაშინ არც შეჰღაღადებდნენ: მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ! მაგრამ რა ფასი ჰქონდა მათ რწმენას? ასეთივე რწმენით მათ შეეძლოთ, ათასობით ექიმისათვის ეთხოვათ მთელს მსოფლიოში: „შეგვიწყალეთ და განგვკურნეთ ჩვენ!“. მაგრამ ყველაფერი ამაო იქნებოდა. თუნდაც რომ ვივარაუდოთ, რომ ამ ათასობით მიწიერი მკურნალიდან რომელიმემ მართლაც შეძლო მათი განკურნება, როგორ ფიქრობთ, მიაწერდა ის მკურნალი ექიმი ამ კურნებას ავადმყოფის რწმენას, თუ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ დამსახურებად ჩათვლიდა? განა მოკვდავ ექიმებს ჩვეულებად არა აქვთ, განგებ დამალონ გამოჯანმრთელობაში ავადმყოფის როლი, რათა ამ გზით რაც შეიძლება უფრო მკაფიოდ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და საკუთარი დამსახურებანი? ასე ეპყრობიან ადამიანები ერთმანეთს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე კი ადამიანებს სხვანაირად ეპყრობა. ქრისტე დადგა და გააჩერა ხორბლით სავსე ურემი, ხოლო კეთროვანმა სამარიელმა მასში ერთი თავისი ხორბლის მარცვალი ჩააგდო. ქრისტეს ხორბლის ურემი არის მისი საღვთო ძალა და უფლება, კეთროვანის ხორბლის მარცვალი კი ქრისტესადმი რწმენაა. მაგრამ სამართლიან და კაცთმოყვარე ქრისტეს არ სურს, რომ ის ერთი მარცვალიც უნაყოფოდ დარჩეს, პირიქით, უფრო დიდ პატივს მიაგებს მას, ვიდრე მთელ თავის ხორბლის მარაგს. ამიტომაც არ ამბობს, როგორც მსგავს შემთხვევაში იტყოდა ყველა მოკვდავი: „ჩემი ხორბლის მარაგიდან დაგაპურე“, არამედ: „შენმა ხორბლის მარცვალმა დაგაპურა!“; არ ეუბნება: „მე გადგარჩინე“, არამედ: „შენმა რწმენამ გადაგარჩინა“. ჰოი, რამდენი სულგრძელებაა ამ სიტყვებში! და როგორი გაკვეთილია თითოეული ჩვენგანისთვის! და რამხელა საყვედურია პატივმოყვარე ადამიანის თავისმოყვარეობის მიმართ!
წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი სერბი

„აზრები წლის ყოველ დღეზე“

განიკურნა ათი კეთროვანი, მადლობის გადასახდელად კი უფალთან მხოლოდ ერთი დაბრუნდა. განა ასეთი პროპორცია არ არის ჩვენს ცხოვრებაშიც უფლისგან წყალობამიღებულ ადამიანთა შორის? ვის არ მიუღია ღმერთისგან სიკეთე, ან, უფრო ზუსტად, რა არის ჩვენში ისეთი ან რა შეიძლება მოგვეცეს ისეთი, რაც ჩვენთვის კეთილი არ არის? მაგრამ, მიუხედავად ამისა, განა ყველაფრისთვის ყველა ემადლიერება ღმერთს? ეგ კი არა, ისეთებიც არიან, თავს უფლებას რომ აძლევენ, იკითხონ: „რატომ მომცა ღმერთმა მყოფობა? უმჯობესი იქნებოდა, საერთოდ არ გავჩენილიყავი“. ღმერთმა იმიტომ მოგიყვანა ყოფიერებაში, რომ მარადიულად ნეტარებდე; უსასყიდლოდ მოგცა შენ სიცოცხლე, უსასყიდლოდ აღგჭურვა ნეტარების მისაღწევი ყველა საშუალებით. ახლა საქმე შენზეა: ამისთვის ნამდვილად ღირს, რომ ცოტაოდენი გაისარჯო. შეიძლება მითხრა: „აბა რას ამბობ, მუდმივად გაჭირვებაში, სიღატაკესა და ავადმყოფობაში ვარ“. მერე რა, ესეც იმ საშუალებათაა რიცხვში შედის, მარადიული ნეტარების მოსახვეჭად რომ გჭირდება: დაითმინე. მთელ შენს ცხოვრებას წამიერსაც ვერ უწოდებ მარადიულობასთან შედარებით. უკლებლივ მთელი ცხოვრებაც რომ ტანჯვაში გაატარო, ისიც არაფერია მარადიულობის წინააღმდეგ, შენ კი ნუგეშის წუთებიც გაქვს. ნუ უყურებ აწმყოს, არამედ იმას, რაც მომავალში გელოდება, და იზრუნე, რომ ღირსიქმნე. მაშინ მწუხარებას ვერც კი შეამჩნევ; ყველა ისინი მარადიული ნუგეშის უეჭველი სასოებით განქარდება და შენს ბაგეებს მადლობის სიტყვები არ მოაკლდება.
წმინდა მღვდელთმთავარი თეოფანე დაყუდებული