სულთმოფენობიდან II კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

28 მაისი (10 ივნისი), 2018
სულთმოფენობიდან მე-2, ყოველთა ღირსთა მამათა ათონის მთასა და
რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულთა კვირიაკე
წირვაზე – რომ. 2:10-16; მთ. 4:18-23.




წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ – 2:10-16
დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს.
წინა მუხლში მოციქულმა მკაცრად განიკითხა იუდეველები, ახლა კი სანუგეშოდ ეუბნება: ნუ დაგადარდიანებთ უმძიმესი სასჯელი, სამაგიეროდ ჯილდოც უმდიდრესი გაქვთ დანიშნული: დიდება, პატივი და მშვიდობა. შეიძლება თითოეული ეს სიტყვა არ განვმარტოთ და ვთქვათ, რომ მოციქული აქ გამოხატავს მისაგებელი სიკეთის მთელ სისავსეს და ამას იმ ცნებებით გადმოსცემს, რაც ყველაზე აღმატებულად და სანუგეშებელად ითვლება ამქვეყნად, რადგან საკუთრივ ის სიკეთენი, რაც სასუფეველში გველოდება, ჩვენთვის გაუგებარი და აუხსნელია. ვიცით, რომ ისინი ყოვლადნეტარი და ყოვლადამაღლებულია, მაგრამ რა არის მათი არსი, ამის არც გაგება შეგვიძლია და არც გამოთქმა, რამეთუ ისეთს ვერაფერს შევადარებთ, რაც ჩვენთვის ცნობილია: ყოველივე ამაღლებული და სანუგეშო, რაც ჩვენთვის ამჟამად არის ცნობილი, არარაა მათთან შედარებით.
დიდება, პატივი – ეს სიტყვები ზემოთ რამდენადმე განმარტებულია, მაგრამ რას ნიშნავს მშვიდობა? მშვიდობა საკუთარ თავში, მშვიდობა ყველასთან, უფრო მეტად – ღმერთთან. როდესაც მშვიდობა მკვიდრდება და მეფობს, მაშინ ყველა, ვინც ბედნიერია, მისი მეუფების ქვეშ ცხოვრობს, ტკბება განუწყვეტელი სასიხარულო განწყობით, მის ირგვლივ განფენილი სასიხარულო ცხოვრებით. შეიძლება აქ მოციქულმა მშვიდობა დაამატა უკვე გამოთქმულ დიდებასა და პატივს იმ მიზნით, რომ აღნიშნოს იქაური ნეტარება და, ამასთან, მიანიშნოს, რომ იმ დიდებასა და პატივს არაფერი აქვთ განმყოფი და შემაშფოთებელი, როგორც ეს ამქვეყნად ხდება. წმინდა ოქროპირი ამბობს: „რა სიკეთეც უნდა ჰქონდეს ადამიანს დედამიწაზე, მის მოპოვებას თან ახლავს უამრავი შფოთი; მდიდარი, ბატონი, მეფე – თუ სხვებთან არა, საკუთარ თავს მაინც ხშირად უპირისპირდებიან და თავიანთ ზრახვებთან სასტიკ ბრძოლას აწარმოებენ. მაგრამ ზეციურ სიკეთეებთან მიმართებით მსგავსი არაფერი ხდება, პირიქით, ყველაფერი მშვიდადაა, უშფოთველად, ადამიანი ტკბება ჭეშმარიტი მშვიდობით“. ამავეს წერს თეოფილაქტეც: „მიწიერ სიკეთეებს ყოველთვის მტრები ჰყავს, მას თან სდევს მოუსვენრობა, შური, ეშმაკის მანქანება, და თუნდაც გარედან არავინ ემუქრებოდეს, თვითონ მაინც წუხს თავის აზრებში. ღმერთთან კი, დიდება და პატივი ტკბებიან სიმშვიდით და უცხოა მათთვის მშფოთვარე ზრახვები, როგორც ეშმაკის ხრიკებისადმი დაუქვემდებარებელთათვის“. მოციქული თითქოსდა მიანიშნებს, რომ უფრო ადვილია ჯილდოს მიღება, ვიდრე სასჯელის, რათა აღაფრთოვანოს და განდევნოს უიმედობა იმათგან, ვისაც თავი უძლურად მიაჩნია. ოღონდაც დაიწყე ცოტაოდენი სიკეთის კეთება და უკვე იმათ რიგებში აღმოჩნდები, ვისაც დიდება და პატივი ელის.
ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს. არის თუ არა ამაში სამართლიანობა? იუდეველს, რომელიც ბოროტებას სჩადის, სამართლიანად მეტ სასჯელს იმსახურებს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მას სიკეთის კეთების მეტი ცოდნა და უნარი ჰქონდა, არათუ არ აკეთებდა, პირიქით, საწინააღმდეგოსკენ მიიდრიკა – აშკარად აკრძალული ბოროტებისკენ. ჯილდო კი მისთვის ნაკლები უნდა ყოფილიყო დაწესებული იმავე მიზეზით, ვინაიდან სიკეთის გაკეთება მისთვის უფრო იოლი იყო; ხოლო წარმართისთვის მეტად ძნელი იყო ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სიკეთეში გამყარება. ამიტომ თუ ის კეთილი აღმოჩნდებოდა, მას მეტი ჯილდო ეკუთვნოდა. ერთი შეხედვით ასე ჩანდა, მაგრამ რაკი იუდეველს უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა სიკეთის კეთებისა, ამიტომ მას კეთილმოქმედების წრეც უფრო ფართო ექნებოდა. როცა ის რჯულის ერთგული რჩებოდა, მაშინ მეტ სიკეთეს იქმოდა, ამიტომ შრომაც მეტი უნდა გაეწია, და ეს სიკეთის იმ ნაწილშიც, რომელსაც დაწერილ რჯულთან ერთად სინდისიც შეაგონებდა. მაგრამ იუდეველებს რჯული ბევრ ისეთ რამესაც აკისრებდა, რასაც სინდისი არ კარნახობდა, და რაც აუცილებელი იყო შესასრულებლად და ბევრ შრომასაც მოითხოვდა. ეს კი მათთვის რჯულს მძიმე უღლად აქცევდა. ამდენად, თუკი ვინმე მოთმინებითა და ერთგულებით ატარებს უღელს, განა უსამართლო იქნება, მას რომ მეტი მიეგოს? არა მხოლოდ გულმოდგინება და ზნეობრივი ძალების დაძაბვა განსაზღვრავს მოღვაწის ღირსებას, არამედ მოქმედების არეალიც. მართალია, იუდეველობა არ იყო საბოლოო საღვთო მოწყობილობა კაცობრიობისათვის, მაგრამ ის სულისთვის უკვალოდ ვერაფრით ჩაივლიდა და მასზე აუცილებლად დარჩებოდა სხვა სულებისაგან განსხვავებელი ანაბეჭედი, კერძოდ, იმათგან, ვინც სიკეთეს მხოლოდ ბუნებითი მონაცემებით აკეთებდნენ. იუდეველობაში უფლისგან დანერგილი იყო ძალების მაკურთხებელი მადლი, რამეთუ მისი მახასიათებელი იყო რწმენა იმისა, რომ ამქვეყნად უნდა მოსულიყო მაცხოვარი. ამიტომ იუდეველობის ერთგული იუდეველი ყოველთვის წარმართზე მაღლა იდგა, რადგან ეს უკანასკნელი მხოლოდ სინდისის ბუნებითი კანონის ერთგული რჩებოდა. წმინდა ოქროპირი შემდეგნაირად მსჯელობს: „რომელ იუდეველებს გულისხმობს აქ მოციქული და რომელ წარმართებზეა საუბარი? – იმათ, ვინც ქრისტეს მოსვლამდე იცხოვრა, ვინაიდან ჯერ არ დაუწყია საუბარი მადლის მოსვლაზე; მოციქული გულისხმობს შორეულ წარსულს. ელინებში იგულისხმება არა კერპთთაყვანისმცემლები, არამედ ღვთისმოშიში ადამიანები, ბუნებით კანონებს რომ ემორჩილებიან და იუდეველთა რიტუალების დაცვის გამოკლებით, ყველაფერი შეინარჩუნეს, რაც კეთილმსახურებას ეხება“. დავამატებთ: მათ სწამდათ შემოქმედი ღმერთი, განმგებელი და მიმგებელი, მთელ თავის იმედებს მხოლოდ მასზე ამყარებდნენ და ეშინოდათ მისი შეურაცხყოფისა რაიმე ისეთის დარღვევით, რასაც სინდისი შეაგონებდა, როგორც ღვთისსათნოს, ყოველთვის ასე განწყობილნი, მდიდრდებოდნენ სიმართლისა და სიყვარულის საქმეებით, რომელთა აუცილებლობაც გაცნობიერებული ჰქონდათ.
რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის.
როგორ არ არის მიკერძოებული, თუკი იუდეველები უფრო მეტად ჯილდოვდებიან? მოციქულს ამით სურს, გვითხრას, რომ იუდეველები იუდეველობის გამო კი არ ჯილდოვდებიან, არამედ მათთვის განწესებული მცნებების ერთგულებისათვის; ზუსტად ასევე, წარმართებიც არ ისჯებიან წარმართობისათვის, არამედ სინდისის ბუნებითი კანონებისადმი დაუმორჩილებლობის გამო. იუდეველი გასამართლდება და განაჩენის თანახმად, დაჯილდოვდება ან დაისჯება იუდევლობის კანონით. წარმართიც გასამართლდება და ისიც დაისჯება ან დაჯილდოვდება წარმართობის [სინდისის] კანონით. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ადამიანის ხვედრი გადაწყდება ერთგულების ან დაუმორჩილებლობის გათვალისწინებით იმ კანონთან მიმართებით, რომელსაც ის თავისთვის სავალდებულოდ მიიჩნევდა. ამ კანონის აღსრულება მას გახდის გვირგვინის ღირსად შესრულების საზომისამებრ, ხოლო მისი დარღვევა – სასჯელის ღირსად მისი დარღვევის შესაბამისად. ამ მხრივ ყველა თანასწორია – იუდეველიც და ბერძენიც. მიკერძოება უცხოა ღვთისათვის. წმინდა ოქროპირი ბრძანებს: „როდესაც [მოციქული] ამბობდა, რომ იუდეველი და წარმართი ისჯებიან ცოდვებისთვის, ეს მტკიცებულებას არ საჭიროებდა. მაგრამ როცა სურს, შეგვაგონოს, რომ წარმართიც გახდება პატივის ღირსი, ეს უკვე არგუმენტებს საჭიროებს, რადგან უცნაურად ჩანდა, რომ ვისაც რჯული და წინასწარმეტყველნი არ სმენია, პატივის ღირსი გამხდარიყო კეთილი საქმეებისთვის. მოციქული სწორედ ამას შეგვაგონებს, რომ ღმერთს არ ახასიათებს სხვაგვარად მოქმედება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პირმოთნეობა (მიკერძოება) გამოვიდოდა. მიკერძოება უცხოა ღვთისათვის, ანუ ღმერთი უყურებს არა პიროვნებათა თვისებებს, არამედ საქმეთა სხვადასხვაობას – ერთი იღებს პატივს, მეორე კი – ლანძღვას, და არა იმიტომ, რომ ერთი იუდეველია, მეორე კი წარმართი, – არა! – თითოეული თავისი საქმიდან გამომდინარე.
შეუძლებელია, არ დავინახოთ, რომ მოციქულმა, დაწყებული მე-9 მუხლიდან აქამომდე, განსაკუთრებული მიმართულება მისცა საკუთარ აზრს. როგორც ჩანს, ის შეუმჩნევლად უახლოვდება თავის მთავარ სათქმელს, ესაა: იუდეველთა და წარმართთა თანასწორობა მადლის წინაშე. ეს აზრი რომ უცებ, ერთბაშად გამოეთქვა, იგი განაცვიფრებდა და გაიუცხოებდა იუდეველებს. იმისათვის, რომ განაწყოს ისინი ამ აზრის მისაღებად, შორიდან იწყებს: ღვთის სამსჯავროს წინაშე თანასწორ მდგომარეობაში აყენებს იუდეველსაც და ელინსაც. მის ამ აზრს ამტკიცებდა სამართლიანობის გრძნობა, რომელიც ყოველ ადამიანს დაბადებიდანვე აქვს, რითაც ბაგენი დაუყო იუდეველებს და აიძულა, მორჩილებით დათანხმებოდნენ მოციქულის ნათქვამს მარადიული ხვედრის შესახებ, რომელიც განკუთვნილია თითოეული, ღვთის სამართლიანობით განუბანელი ადამიანისათვის. წმინდა ოქროპირი ამბობს: „ასე უთხრის მოციქული წინასწარ ძირს იმ ზღუდეს, რომელიც გავლებული იყო წინადაცვეთასა და წინადაუცვეთელობას შორის. ამ ზღუდის (განსხვავების) გაუქმებას მოციქული შორიდან ამზადებს, რათა, როცა უკვე გააუქმებს, აღარავის შეეპაროს ეჭვი ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ამიტომ ის თანდათან უახლოვდება ამ საგანს: ჯერ მსჯელობს ქვეყნად გაბატონებული უწმინდურობისა და გარყვნილების შესახებ, და მერე, ნელ-ნელა, სიტყვის კავშირით ამ საგნამდეც მიდის; შედეგად – მისი სწავლება უკვე სრულებითაც არ არის საეჭვო! გულიხმაჰყავ! – მოციქულმა მსმენელი დააშინა, მისი სმენა საშინელი სამსჯავროს ხსენებით შეძრა, აუხსნა, თუ რაოდენ საზიანოა ბიწიერი ცხოვრება, დაუმტკიცა, რომ თითოეული სცოდავს არა უმეცრებითა და უნებლიეთ, არამედ შეგნებულად და ნებსით, ამიტომაც არ არის სასჯელისაგან თავისუფალი. და თუ ჯერ კიდევ დასჯილი არ არის, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მომავალშიც არ დაისჯება. აქ მას სურს, უკვე დაამტკიცოს, რომ რჯულის სწავლება არ არის რაღაც უაღრესად აუცილებელი, რადგან სასჯელიც და ჯილდოც საქმეებითაა განპირობებული და არა წინადაცვეთით ან წინადაუცვეთელობით. მოციქულმა როცა თქვა, რომ წარმართი დაისჯება, ამით აუცილებელი დასკვნა გამოიტანა, რომ წარმართი დაჯილდოვდება კიდეც, რითაც გამოაჩინა, რომ რჯული და წინადაცვეთა უკვე ზედმეტია. ამპარტავანი იუდეველები წარმართებთან თავის გაყადრებას დამცირებად თვლიდნენ. ამიტომ მოციქულმა ჯერ წარმართები დაადანაშაულა, რომელთა შესახებაც საუბარი წამოიწყო, რათა ეჭვი არ გამოეწვია და მერე ძლიერად დასხმოდა თავს იუდეველებს. ამის შემდეგ გადავიდა სასჯელის შესახებ მსჯელობაზე და დაამტკიცა, რომ რჯულს არათუ სარგებელი არ მოაქვს იუდეველებისთვის, პირიქით, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. თუკი წარმართს არ ეპატიება, რომ უკეთესი არ გახდა ბუნებისა და გონების წინამძღვრობის ქვეშ, მაშინ მით უფრო არ ეპატიებათ იუდეველებს, რომელნიც გარდა ამ წინამძღვრობისა, დამატებით რჯულში იყვნენ განსწავლულნი. ამგვარად, მოციქულმა დაარწმუნა იუდეველები, რომ წარმართთა ცოდვებს გამართლება არა აქვს, და ამით თავისდაუნებურად აიძულა ისინი იგივე დასკვნა გაეკეთებინათ საკუთარი ცოდვების შესახებაც“.
ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება.
მოციქული აქ ამტკიცებს ღმერთის მიუკერძოებლობას. ვინც ურჯულოდ, – ამბობს, – ანუ ვისაც არ ჰქონია დაწერილი კანონი და მხოლოდ სინდისის ბუნებითი კანონებით ხელმძღვანელობდა და შესცოდა, ის ურჯულოდ წარწყმდება, დაწერილი კანონით კი არ მიესჯება მარადიული სატანჯველი, რომელიც უკიდურესი წარწყმედაა, არამედ „მხოლოდ ბუნებითად მინიჭებული უნარით, განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან“ (ნეტარი თეოდორიტე), – გასამართლდებიან იმის გამო, რომ არ იცავდნენ გულში დაწერილ ამ ბუნებით კანონს. ხოლო ვინც რჯულის ქვეშ იმყოფება, ანუ ვისაც დაწერილი კანონი აქვს ცხოვრების სახელმძღვანელოდ, ის ამ კანონითვე გასამართლდება. რჯულითვე განიკითხება – სასჯელად იმავე სამარადისო წარწყმედას მიიღებს. როდესაც სინას მთაზე თქვეს: რასაც უფალი გვეტყვის, ყველაფერს შევისმენთ და დავემორჩილებით, – სწორედ მაშინ მიიღეს რჯულის ყველა განწესება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღეს როგორც რჯულის, ისე სინდისის წინაშე. ამით გაფართოვდა მათი სამართალდაქვემდებარების სივრცე. ნახეთ, როგორი ოსტატობით მიჰყავს იუდეველები მათთვის უფრო მეტი საშიშროების გაცნობიერებამდე, ვიდრე ეს წარმართებს ელოდათ! იგი ამას აშკარად არ ამბობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ღმერთი მიუკერძოებელია და ყველას იმ კანონით განიკითხავს, რომელსაც თითოეული თავისთვის აუცილებლად მიიჩნევს. მაგრამ რადგანაც იუდეველებისთვის რჯულის განწესებანი უფრო ვრცელი იყო, ხოლო მათ შესახებ ცოდნა უფრო ცხადი და სრული ჰქონდათ, ამიტომ მათ უფრო უნდა აღელვებდეთ საკუთარი ხვედრი. წმინდა ოქროპირი ამბობს: „აქ მოციქული ამტკიცებს, რომ იუდეველები და წარმართები ერთმანეთთან მიმართებით თანასწორნი არიან, მაგრამ იუდეველებს, იმის გამო, რომ რჯული მიეცათ, მეტი ტვირთი ადევთ. მართალია, წარმართი რჯულის გარეშე ისჯება, მაგრამ ამის გამო მისი განსჯა მკაცრად კი არა, სულგრძელად მოხდება, რადგან მას ბრალმდებლად რჯული არ ეყოლება. ვინც არ ექვემდებარება რჯულით გასამართლებას, ის მხოლოდ ბუნებითად მიცემული გონებით გასამართლდება. იუდეველები კი რჯულითაც ისჯებიან, ანუ ბუნების გარდა მამხილებლად რჯულიც ჰყავთ. რაც მეტი ზრუნვაა მათზე გაწეული, მით მკაცრად ისჯებიან. ხომ ხედავთ, მოციქულმა დაგვანახა, რომ იუდეველები წარმართებთან შედარებით უფრო მეტად საჭიროებენ მადლის მოპოვებას. ისინი, საკუთარი ცდომილებიდან გამომდინარე, ამბობდნენ, რომ მადლი არ სჭირდებოდათ, როგორც რჯულით გამართლებულებს; ამიტომ მოციქული ამტკიცებს, რომ იუდეველებს, რაკი მეტი სასჯელი ელით, მადლიც მეტი სჭირდებათ, ვიდრე წარმართებს“.
რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმსრულებელნი გამართლდებიან.
ჩანს, რომ მოციქული უტევებს წარმართებს და სულ უფრო უტევს იუდეველებს. რადგანაც ეს უკანასკნელნი რჯულით იქადოდნენ და მის უკან, როგორც გალავნის უკან, ისე იმალებოდნენ, ამიტომ რჯულს მათ განსაკითხად იყენებს, ის ძირს უთხრის ამ გალავანს და მათზე მიმართავს მთელი სიმძიმით დამთრგუნველ სამართლიან მსჯავრს. კარგია, რომ რჯული გაქვთ, რომელიც აშკარად გაჩვენებთ, რა უნდა გააკეთოთ და რა არა; კარგია, რომ მკაფიოდ გესმათ და იცით ყოველივე ამის შესახებ – ეს არც თუ მცირე უპირატესობაა. მაგრამ ღმერთის წინაშე ის კი არ არის ფასეული, რომ თქვენ რჯულის გამომხატველი წმინდა წერილი გაქვთ და გესმით ის, არამედ მისი შესრულება. თუკი ასრულებთ, მეტი პატივი გაქვთ, ხოლო თუ არ ასრულებთ, მაშინ რა სარგებელია თქვენთვის რჯულისგან? ეს არავითარ პატივს არ შეგმატებთ. მხოლოდ რჯულის აღმსრულებელნი გამართლდებიან.
ასეთია საღმრთო მართლმსაჯულების ზოგადი კანონი, რომლის მიხედვითაც მსოფლიო სამსჯავრო შედგება. კანონის მოქმედნი გამართლდებიან: როდის? სამსჯავროს დღეს (მუხ. 16). ამიტომ მე-16 მუხლი პირდაპირ კავშირშია ამ, მე-13 მუხლთან, როგორც მისი დამატება. მე-14 და მე-15 მუხლებში მოციქული განმარტავს, რომ წარმართებს თავისი კანონი აქვთ.
აქამდე მას არაერთხელ უთქვამს, რომ წარმართებმა იცოდნენ კანონი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სცოდავდნენ, ამიტომ არ აქვთ პასუხი; მაგრამ რაში გამოიხატებოდა ეს ცოდნა, ამას არ აკონკრეტებდა. ამას ახლა აკეთებს, რადგან ერთ ხაზზე დააყენა სამსჯავროს წინაშე იუდეველი და წარმართი, მოპასუხე გახადა ერთიც და მეორეც, – თითოეული თავისი კანონის წინაშე, – ბოლოსდაბოლოს მას ესეც უნდა აეხსნა.
იუდეველებს რომ თვალწინ რჯული ედოთ, ამის შესახებ სალაპარაკოც არაფერია. მაგრამ როგორი რჯული ჰქონდათ წარმართებს? იუდეველს შეიძლება ეთქვა: რად ადარებ მას ჩემთან? მას არანაირი რჯული არა აქვს, ყველა მისი საქმე ცოდვიანი და უწმინდურია ღვთის წინაშე. როგორ უნდა ელოდოს ის გამართლებას და მასთან დაკავშირებულ ჯილდოებს? წარმართს შეიძლება ეფიქრა: რაკი კანონი არ მაქვს მოცემული, მაშ რისთვის უნდა დავისაჯო? დაე, იუდეველები წავიდნენ მარადიულ სატანჯველში. ამიტომაც განმარტავს მოციქული, თუ როგორ უწერიათ წარმართებს კანონი და ამის გამო როგორ ეკუთვნით ჯილდო, და არც სასჯელია მათ მიმართ უსამართლო.
ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული.
ამბობს: რჯულის აღმსრულებელნი გამართლდებიან, მაგრამ სად აქვთ წარმართებს რჯული? აბა დააკვირდი! წარმართები ხომ რაღაც კანონიერს აკეთებენ – კანონთან შესაბამისს? კი, აკეთებენ. მაგრამ დაწერილი კანონი ხომ მათ არ აქვთ? დიახ, არ აქვთ. მაშ, კანონიერს როგორ ასრულებენ? ბუნებით, ანუ განსაკუთრებული მინიშნების გარეშე ზემოდან, საკუთარი ბუნებრივი ძალებით, მხოლოდ იმის ხელმძღვანელობით, რაც ღმერთმა მათ ბუნებას მიანიჭა. თუკი ისინი ბუნებითად კანონიერ ქმედებებს სჩადიან, დაწერილი რჯულის გარეშე, მაშინ ცხადია, რომ ისინი თავად არიან საკუთარი თავისთვის რჯულმდებელნი, – თავის თავში ატარებენ რჯულს, საკუთარ თავში კითხულობენ, ისმენენ და ასრულებენ. შენ, იუდეველი, ისმენ დაწერილ რჯულს, იღებ მას სინდისით, შენ თავს ვალდებულად თვლი, შეასრულო, და ასრულებ, – ე.ი. კანონიერად იქცევი. ყოველივე ეს კი წარმართების გულში აღესრულება, თავად მათში, მათ ბუნებაში: იქ ისმენს იგი კანონს, იქ შეიგონებს მას, იქ უფრთხილდება და ასრულებს.
როგორ ხდება ეს? ამას მოციქული შემდგომ მუხლში განმარტავს, აქ კი მხოლოდ გამოცდილებითი მინიშნება მოჰყავს, რომ წარმართები იქცევიან კანონიერად და ამას ბუნებრივად აკეთებენ, ყოველგვარი ზეგარდამო ხელმძღვანელობის გარეშე, ამიტომ თავად არიან საკუთარი თავის რჯული. უნდა შევნიშნოთ, რომ როცა მოციქული ამბობს: ბუნებრივად, ის არ გულისხმობს: ბუნებრივი მოთხოვნილებით, არამედ მხოლოდ ბუნებრივი ძალებით, რომლებიც ბუნებითად აქვს. სწორედ ამ ძალებით შეიცნობენ, რა არის კანონიერი და იღებენ გადაწყვეტილებას, ასრულებენ მას, თუმცა ინარჩუნებენ სრულ თავისუფლებას – მიჰყვნენ ამ კანონებს თუ არა. „როდესაც ამბობს ბუნებრივად, გულისხმობს ბუნებითი გონებით“ (წმინდა ოქროპირი).
„აქებს და ადიდებს რჯულს და ამბობს, გაკვირვებას იმსახურებენ ისინი, ვისაც „ბუნებრივად“ აქვთ რჯული, ანუ აზრებში აქვთ რწმუნება, რამეთუ არ საჭიროებდნენ რჯულს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეასრულეს რჯული, რადგან ჩაიბეჭდეს გულებში არა წერილობით, არამედ საქმით, და რჯულის მაგივრად სიკეთეს ამოწმებენ სინდისითა და ბუნებრივი აზრებით“ (ნეტარი თეოფილაქტე). ასევე, როცა მოციქული ამბობს: თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული, – ამით მათ არ ანიჭებს იმის უფლებას, რომ ვისაც როგორ მოესურვება, ისე იმოქმედოს, არამედ შეაგონებს, რომ რჯული მათთან გარედან არ მისულა. თავისი თვისებით კი ის იმდენადვე გარდაუვალია, როგორც დაწერილი რჯული, ერთნაირი და თანაბრად აუცილებელია ყველასთვის: ბუნება უცვალებელია, ყველას ერთი აქვს, და ვინც არაბუნერივად იქცევა, ის ბუნებას არღვევს. მაგრამ როგორღა წარმოსახა მოციქულმა მანამდე წარმართები ასეთ ურგებებად, რომ მათ შესახებ ვერ იტყოდი: ბუნებრივად ასრულებენ რჯულს? იქ მან ისინი ისეთებად წარმოგვიჩინა, როგორებიც გახდნენ საკუთარი თვითნებობით, როცა ხორციელ ვნებებს მიეცნენ; აქ კი მიუთითებს, თუ როგორები უნდა ყოფილიყვნენ ბუნებრივად, ანუ უნდა ემოქმედათ ბუნებაში შთათესილი კანონების თანახმად. იქ წარმოჩენილია წარმართობაში გაბატონებული ხასიათი, თუ როგორ ზნეობრივ დამცირებამდე მივიდა ის, აქ კი ნათქვამია, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც იყვნენ ისეთნი, ვინც კანონიერად იქცეოდნენ. კანონიერად მოქმედნი რომ არ ყოფილიყვნენ, უკანონოდ მოქმედთ შეიძლება ეთქვათ: რა ვქნათ? ასე ვართ მოწყობილნი. მოციქული კი აქ ამტკიცებს, რომ არ არიან ასე მოწყობილნი – უწმინდურად და გარყვნილად რომ იცხოვრონ, არამედ ისე, რომ კანონიერად იმოქმედონ. მოციქულს ამ ადგილზე სჭირდება, აჩვენოს, არა ის, რომ ყველა წარმართი ყველაფერს კანონიერად აკეთებს, არამედ მხოლოდ ის, რომ ისინი კანონიერად მოქმედებენ, რათა აქედან გამოვიყვანოთ დასკვნა: მათ აქვთ მათში მოქმედი საკუთარი კანონი.
ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს.
ვინმემ შეიძლება თქვას: წარმართები ზოგჯერ კანონიერად იქცევიან, მაგრამ ეს შემთხვევით ხდება; მრავალ უკანონო ქმედებათა შორის ზოგჯერ, შემთხვევით, კანონიერიც აღმოჩნდება. მოციქული წინასწარ უარყოფს ამ აზრს და აღწერს, თუ როგორ სრულდება ბუნებრივად ზნეობრივი კანონები. წარმართები ასრულებენ რჯულს. რომელს? ყველა საქმეს, რომელსაც ასრულებენ, შეიძლება ეწოდოს რჯულის საქმე, ან, სხვანაირად, რჯულის საქმე ნიშნავს ზნეობრივ საქმეს, ზნეობრივ კანონმდებლობას, რომელიც გულის ფიცარზე უწერიათ, რადგან პირველი მინიშნება სიკეთეზე გულიდან გამოდის. შეგხვდა გაჭირვებული – გულიდან გამოდის თანაგრძნობა, რომელიც განგვაწყობს მისი ხვედრის შესამსუბუქებლად; ხედავს ვინმე მჩაგვრელს – გულიდან გამოდის მის მიმართ უკმაყოფილება და დაჩაგრულის დაცვის სურვილი; მიიღო ვინმემ მოწყალება – გული ივსება მადლიერებით კეთილმოქმედის მიმართ; მოვიდა ფიქრი ღმერთის შესახებ – გულში იგრძნობა მისდამი კეთილკრძალული თაყვანისცემა და ერთგულება, თუნდაც არ ჰქონდეს ადამიანს უფალზე სწორი წარმოდგენა. ყველა კანონიერი საქმე ამგვარად წარმოადგენს გულზე დაწერილს წარმართებთანაც, მაგრამ საიდან ჩაინერგა ის გულში? გული კანონიერი შეგონების წარმომქმნელია თუ მხოლოდ მისი გამტარი? თავად არის კანონიერი საქმის დასაბამი თუ მხოლოდ ავლენს, მიუთითებს კანონიერ საქმეზე? ნუთუ სხვა ადგილიდან იღებს შეგონებებს, თვითონ კი მხოლოდ მათ განმარტებას ემსახურება? საქმე ისაა, რომ გულის სიღრმეში, სულში, დევს ღმერთის შიშით განცხოველებული სინდისი. იგი, როგორც კი ამის შემთხვევა მიეცემა, თავისი თითით წერს გულში კანონიერ საქმეს: როგორ უნდა მოიქცეს. ზოგჯერ ეს არის – დაეხმარე, ზოგჯერ – დაიცავი, ზოგჯერ – ხელი არ ახლო, ეს სხვისია, და ა.შ. კანონიერი საქმენი იწერება გულის ფიცარზე და ამას გრძნობა ამოწმებს, რომელიც მოქმედების გვარობაზე მიუთითებს. მაგრამ ყველაფერი ამით მთავრდება? – არა. საქმით უნდა მიხვიდე იქამდე, რასაც გული გკარნახობს. ეს შემდეგნაირად ვითარდება. გულის გრძნობა გამოისახება ცნობიერებაში; ცნობიერების სხივი ეფინება სინდისს და იწვევს ვალდებულებას, მოიქცე ასე თუ ისე. გული მხოლოდ თანაუგრძნობს კანონიერ საქმეს, როგორც ამას სინდისი შთააგონებს; სინდისი კი, როდესაც მას ცნობიერება საქმით მიმართავს, უკვე თავად აკისრებს ცნობიერებას ზნეობრივ ვალდებულებას – მოიქცეს ამგვარად და არა სხვანაირად. სწორედ ამას ნიშნავს: „მოწმობს მათი სინდისი“. ვის წინაშე მოწმობს? – გულის გრძნობების წინაშე. სინდისი ეუბნება ცნობიერებას ანუ ადამიანის პიროვნებას: დიახ, დიახ, ისე უნდა მოიქცე, როგორც გული გკარნახობს.
შინაგანი რჯულმდებლობა ყოველთვის ამით სრულდება. კანონიერი საქმე მითითებულია და სავალდებულოდ არის აღიარებული. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ უშინაგანეს უმაღლეს პალატაში, სადაც რამე კანონიერს არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება. იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება საქმით აღსრულდეს, მან უნდა გაიაროს ქვედა პალატა – სამშვინველი მისი მოთხოვნილებებით, ჩვევებით და წესად მიღებული გარეგანი ურთიერთობებით. აქ შემოდის ყველა კანონიერი საქმე, და როგორც კი შემოდის, მაშინვე საწინააღმდეგო აზრების კვალს აწყდება. სინდისი იცავს თავის საქმეს. ადამიანს ეწყება შინაგანი ბრძოლა: ერთი აზრი უარყოფს შემოთავაზებულ საქმეს და იწუნებს, მეორე აზრი იცავს მას და ამართლებს (ასრულებს ადვოკატის ფუნქციას). სწორედ ამას ნიშნავს: „ბრალმდებელი“ და „გამამართლებელი“ აზრები. რომელი მხარეც აჯობებს და დაძლევს, საქმეც იმისდა მიხედვით დასრულდება: კანონიერი საქმე, „უმაღლეს პალატაში“ დაკანონებული, ან აღსრულდება სინამდვილეში, ან – არა. ვინ არის ამ გადაწყვეტილების მიმღები? მოქმედი ადამიანის თავისუფალი პიროვნება. ვერავინ იტყვის, ესა თუ ის პირი თუ რატომ იხრება ამა თუ იმ მხარეს, მის გადაწყვეტილებას ვერანაირად ვერ დააყენებ რაიმე კანონის ქვეშ, რომ მისი მიხედვით შეიძლებოდეს მიღებული გადაწყვეტილების წინასწარცოდნა, რადგან პიროვნებამ, სრულიად ერთნაირ პირობებში, შეიძლება მიიღოს ხან ისეთი, ხან ასეთი გადაწყვეტილება.
აი, ეს არის ზნეობრივი საქმიანობის მთელი მიმდინარეობა. აქედან ჩანს, რომ ზნეობრივი კანონი ადამიანს გულზე უწერია და გამყარებულია სინდისით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს კანონი ყოველთვის აუცილებლად შესრულდება, რადგან მას მოწინაააღმდეგედ ისეთი ზრახვები ხვდება, რომელთან ბრძოლაშიც ყოველთვის ვერ იმარჯვებს. შესრულების ან შეუსრულებლობის მიზეზი თავისუფალი ადამიანია, ვინც საკუთარი საქმეებისთვის პასუხს აგებს იმ დღეს, როცა უფალი განსჯის „კაცთა ფარულ საქმეებს“ (მუხ. 16), რადგან საქმის შესრულება-არშესრულებაზე გადაწყვეტილების მიღება ადამიანის მიერ ფარულად ხდება და, საკუთრივ, სწორედ ამ გადაწყვეტილების ბრალიანობა განიხილება სამსჯავროზე.
ჩვენ ვთვლით, რომ მე-14 და მე-15 მუხლები ერთგვარი განმარტებითაა დატვირთული, მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენი ძველი განმმარტებლები ასე არ ფიქრობენ, – ისინი აქაც თანმიმდევრულ სიტყვას ხედავენ. ჩვენს მოსაზრებას ამყარებს ის, რომ სხვაგვარად უმწყობროდ იქნება ჩართული შემდგომი, მე-16 მუხლი: საიმდღისოდ, როცა ღმერთი განსჯის. მაგრამ ისინი (ძველი განმმარტებლები) ამ სიტყვებს უერთებენ უშუალოდ წინა სიტყვებს, და როცა განმარტავენ, ამ ადგილს ასე ამოწერენ ხოლმე: და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს, საიმდღისოდ, როცა ღმერთი განსჯის და სხვ.
ზემოთ მოციქულმა აჩვენა, რომ სამსჯავროზე ყველა გასამართლდება იმ კანონის მიხედვით, რომელსაც თითოეული ექვემდებარებოდა. შემდეგ კი განმარტა, რომ წარმართებსაც აქვთ თავიანთი კანონი, გულზე რომ უწერიათ და სინდისით არის გამყარებული. ახლა კი ლაპარაკობს, თუ როგორ წარიმართება თვით სამსჯავრო, კერძოდ: იქ მოწმეები არ იქნებიან საჭირო; თითოეული თავის აზრში გამოუტანს საკუთარ თავს ან გამამართლებელ ან გამამტყუნებელ განაჩენს. ყველა დაინახავს თავის კანონსა და თავის საქმეებს, შეადარებს ერთმანეთს და გადაწყვეტს: დამნაშავეა თუ არა. წმინდა ოქროპირი ამბობს: „სიტყვას: ბრალს სდებენ (და სხვა) – მოციქული მთელი კაცობრიობის მიმართ იყენებს. სამსჯავროს დღეს ჩვენი საკუთარი აზრები წარმოგვიდგებიან, რომლებიც ხან დაგვადანაშაულებენ, ხან გაგვამართლებენ, და ადამიანს იმ სამსჯავროზე სხვა ბრალმდებელი აღარ დასჭირდება“. მსგავსადვე მსჯელობენ თეოფილაქტე და ამბროსიასტე. ეკუმენიოსს გარდა საკუთარი მოსაზრებისა, მოჰყავს ნეტარი ფოტიოსის განმარტებაც. თეოდორიტე ამასთან ერთად იმასაც ხსნის, თუ როგორ აღსდგებიან ბრალმდებელი აზრები და შემდეგი მაგალითი მოჰყავს: „ვფიქრობ, ზედმეტი არ იქნება, რომ ეს რამე მაგალითით განვმარტოთ. როდესაც საოცარი იოსები საქმით ასრულებდა თავის ჩანაფიქრს ბენიამენთან მიმართებით და მის მონად აყვანას ცდილობდა, რომელმაც თითქოს თასი მოიპარა, და ამით, როგორც ცეცხლით, ძმების განწყობას გამოსცდიდა, მაშინ აშკარად გაცხადდა სინდისის მოწმობის ძალა. რამეთუ მაშინ, სწორედ მაშინ, ნაკლებად დაიწყეს ძმებმა ფიქრი იმ უბედურებაზე, რომელშიც იმწუთას აღმოჩნდნენ, რადგან გაახსენდათ ოცდაორი წლის წინათ ჩადენილი დანაშაული. ზოგიერთმა თქვა: ჩვენი უმცროსი ძმის სისხლი მოგვეკითხება ჩვენ, ხოლო რუბენმა თავის გასამართლებლად მათთვის მიცემული რჩევა-შეგონება გაიხსენა. მსგავსადვე უნდა წარმოვიდგინოთ მომავალი სამსჯავრო, გვახსოვდეს, რომ კანონს გარეთ მცხოვრებთა სინდისიც ხან თავს გაიმართლებს, – საბაბად უმეცრებას დაასახელებს, – ხანაც დაეთანხმება ბრალდებას და გამოტანილი განაჩენის სამართლიანობას აღიარებს“.
ეს განმარტება არ ეწინააღმდეგება წინა განმარტებას და არ აუქმებს მას, არამედ ერთი და იმავე სამსჯავროს მეორე მომენტზე მიუთითებს: ერთი ვლინდება ამ ცხოვრებაში, მეორე – შემდგომ ცხოვრებაში დადგება. თუმცა არსებითად ისინი ე??