ლაზარეს შაბათს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

18(31) მარტი, 2018
ლაზარეს შაბათი. მკვდრეთით აღდგინება მართლისა ლაზარესი.
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ.
წირვაზე – ებრ. 12:28-13:8; ინ. 11:1-45.




წმინდა პავლე მოციქულის
ეპისტოლე ებრაელთა მიმართ – 12:28-13:8




28
ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვიღებთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.
28
ამისთჳსცა სასუფეველი შეუძრველი დავიპყრათ; მაქუს ჩუენ მადლი, რომლითა ვჰმსახურებთ სათნოდ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებითა,


29
რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.
29
რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს.







1
ძმური სიყვარული ეგოს.
1
ძმათმოყუარებაჲ ეგენ.


2
სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია.
2
სტუმრისმოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს.


3
გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ.
3
მოიჴსენენით კრულებანი იგი, ვითარცა მათთანავე კრულთა, და ძჳრ-ხილულნი იგი, რამეთუ თქუენცა ჴორცნივე გასხენ.


4
ყველას ცოლქმრობა პატიოსანი, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს.
4
პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან


5
ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.
5
ვერცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს; რამეთუ თავად მან თქუა: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ.


6
ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“
6
ვინაჲცა საკადრებელ არს ჩუენდა თქუმად: უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?


7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.
7
მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა.


8
იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
8
იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.



12:28.შეუძვრელ სასუფეველს რომ ვიღებთ, – ამბობს იგი. თუკი სამოთხე, რომელიც შეუძვრელია (წარუვალია), მართლებისთვის არის აღთქმული, მაშინ, შესაბამისად, ქვეყანაც წარუვალია, რათა მის განადგურებასთან ერთად წარუვალი სამოთხეც არ განადგურდეს; მართალია, ქვეყანა წარუვალია, მაგრამ განადგურებას დაექვემდებარა ყველაფერი, რაც მან აღმოაცენა მცნების დარღვევის შემდეგ, და თუ ეს ასე იქნება, მაშინ, შესაბამისად, არც ცანი გადავლენ, თუმცა არც უცვალებელნი დარჩებიან დღენი და ღამენი და ზაფხულისა და ზამთრის დრონი. ამიტომ მყარად ვიპყრათ მადლი, რომლითაც ვმსახურობთ, და დავიცვათ სწორედ მადლის სახარება, რათა მისი საშუალებით ვიღვაწოთ ღვთისათვის სათნოდ.
ღირსი ეფრემ ასური

12:29.რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი ხორციელი ვნების ყოველგვარი განხურვებისა და აღძვრისა, ყოველგვარი ბოროტი ჩვევისა, გასასტიკებისა და დაბნელებისა, – შინაგანისა თუ გარეგანისა, ხილულისა თუ გაფიქრებულისა.
ღირსი იოანე სინელი
13:1.ამგვარად, ძმანო, ადრეც მითქვამს თქვენთვის, ახლაც გეუბნებით და რომ შემეძლოს, არასდროს დავდუმდებოდი ამის შესახებ: დაე, ხან ერთი საქმე გქონდეთ, ხან მეორე, – დროის, ჟამისა და დღის მიხედვით. განა ყოველთვის უნდა ილაპარაკო ანდა დუმდე? განა ყოველთვის უნდა მარხულობდე ანდა გაჭირვებულს პურს უბოძებდე? განა ყოველთვის უნდა აცმევდე შიშველს ანდა ავადმყოფის მოსანახულებლად მიდიოდე? განა ყოველთვის უნდა არიგებდე მოჩხუბრებს ანდა გარდაცვლილებს ასაფლავებდე? – ზოგჯერ ერთია საჭირო, ზოგჯერ – მეორე. ეს საქმეები იწყება და დასრულდება, მაგრამ ვინც ამ საქმეებს გიბრძანებს, მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული. სიყვარულის საქმენი დაე, დროის მიხედვით დასრულდეს, მაგრამ სიყვარული ჩვენ შორის არასდროს შეწყდეს, არამედ როგორც წერია: ძმური სიყვარული ეგოს.
ნეტარი ავგუსტინე იპონიელი




13:2.სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია.
არ უთქვამს: „სტუმართმოყვარენი იყავით“, – რადგან ასეთები ისედაც იყვნენ, – არამედ: „სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ“, იმიტომ, რომ ეს შეიძლება მწუხარების ჟამს მოხდეს. შემდეგ ისეთ რამეს ეუბნება, რასაც ისინი განსაკუთრებით უნდა გაემხნევებინა: ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია. ხედავ, როგორი პატივია, როგორი სარგებელია! რას ნიშნავს: „არც კი სცოდნია“? აბრაამმა იმით დაიმსახურა დიდი ჯილდო, რომ ანგელოზებს უმასპინძლა, თუმცა არ იცოდა, ვინ იყვნენ მისი სტუმრები (დაბ. 18:2-8, 10, 18-19); რომ სცოდნოდა, მაშინ სრულებითაც არ იქნებოდა მისი საქციელი გასაკვირი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ აქ ლოთი იგულისხმება (დაბ. 19:2-3).
წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი

13:3.გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები. ვინც ვინმესთან რამით არის დაკავშირებული, მას მისი დავიწყება თუნდაც რომ სურდეს, მაინც ვერ დაივიწყებს.
დაიტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ. იტანჯებოდეთ ან პატიმრობით, ან შიმშილით, ან სხვა რამ უბედურებით. ვინც ფიქრობს, რომ თავადაც ხორციელია, ის აუცილებლად დაეხმარება და ანუგეშებს სატანჯველში ჩაცვენილთ, –ერთი მხრივ, თანაგრძნობის მიზეზით, მეორე მხრივ, იმის შიშით, რომ მასაც არ მოეწიოს თავს იგივე საკუთარი გულგრილობისა და უსიყვარულობის გამო.
13:4.ყველას ცოლქმრობა პატიოსანი, სარეცელი კი უმწიკვლო იყოს. შეხედე, როგორ ხშირად საუბრობს უმწიკვლობაზე. ზემოთ, როდესაც წმინდა ქორწინება ახსენა (ებრ. 12:4), ლაპარაკობდა უმწიკვლობაზე და შემდეგ – კვლავ მრუშებსა და მეძავებზე. არ შეიძლება, ერთ შემთხვევაში, იყო პატიოსანი და მეორეში – არა, ყველგან და ყველაფერში სრული პატიოსნება გმართებს. აი, რატომაც ეწოდება ქორწინებას პატიოსანი – ის უმწიკვლოებით არის დაცული. სწორედ ამის გამო არიან შესარცხვენნი მწვალებლები, ქორწინებას რომ ცილს სწამებენ.
მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს. აქაც სასჯელის მუქარა ერთვის მრუშობის აკრძალვას: ასეთს ღმერთი განიკითხავს; და ეს ბუნებრივია, რადგან თუკი ქორწინება დაშვებულია, ე. ი. მემრუშენი და მეძავნი სასჯელს სამართლიანად იმსახურებენ.


13:5.ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი. უფალს არ უთქვამს, არაფერი მოიხვეჭოთ, არამედ ბრძანა: ნუ იქნებით მონები, თავისუფალი დამოკიდებულება იქონიეთ თქვენს ქონებასთან. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა დამწუხრდე, თუკი შენი ქონების ნაწილს დაკარგავ, როგორც ზემოთ თქვა: „თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით“ (ებრ. 10:34) და, საერთოდ, რადგანაც ქონების დაკარგვის შემდეგ ზოგიერთი ცდილობს, კვლავ მოიპოვოს იგი, ამიტომ სხვათა დახმარების აუცლებლობიდან გამომდინარე ამბობს: ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, და განაგრძობს:
დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ. უფალი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო იმას, რომ არ იყო ვერცხლისმოყვარე: რაც გვაქვს, იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, არ უნდავ ისწრაფოთ ყოფითი ცხოვრებისათვის საჭიროსა და აუცილებელზე მეტის მოპოვებისკენ, რადგან ვინც იმაზე მეტს ეძებს, ვიდრე სჭირდება, ის, ცხადია, ვერცხლისმოყვარეა. ნუ დაგვავიწყდება, რომ უფალმა თავად გვითხრა: „არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ“ (ნავ. 1:5; დაბ. 28:15).ზოგს შეიძლება ეთქვა: რა ვქნათ, თუ ეს აუცილებელიც არა გვაქვს? მოციქული მათ უპასუხებს, რომ ასეთი რამ არასოდეს მოხდება, ვინაიდან ღმერთი ესაიას ბაგეებით გვეუბნება: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ“ (ეს. 43:2). რა თქმა უნდა, უტყუარია მისი სიტყვები. სავარაოდოდ, იუდეველთაგან მოქცეულები კი ეუბნებოდნენ მას: დღეს რითი დავკმაყოფილდეთ, გაგვძარცვეს, აღარაფერი დაგვრჩა? ის კი მიუგებდა: იმითაც შეიძლება დაკმაყოფილება, რაც დაგრჩათ, თუნდაც ცოტა იყოს, რადგან ღმერთმა გითხრა: არ მიგატოვებ, ანუ იქამდე არ მიგიყვან, რომ სულ აღარაფერი გაგაჩნდეს. შეიძლება მოციქულს ასე ესმოდა აუცილებელ სახმართან დაკავშირებით, მაგრამ შენ ისე გაიგე, რომ ეს ნათქვამი ყველანაირ საქმეს უკავშირდება.
13:6.ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი“. რადგანაც აღთქმა იმისა, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს, თავად უფალი ღმერთისგან მოდის, ამიტომ ის უტყუარია, უეჭველია.
ამრიგად, კიდევ ერთხელ ვთქვათ დაბეჯითებით, რომ ჩვენი ქონების დამტაცებლები სრულებითაც ვერ გვაჭირვებენ.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

13:7-8. ორი მთავარი დღეა ყველა დღეთა შორის, ორი მთავარი დრო და ვადა იცის წმინდა წერილმა – გუშინ და დღეს, რომელთა შესახებაც ამბობს: ჰბაძავდეთ მათ რწმენას. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. პირველი მათგანი აღთქმის დღეა, მეორე – აღთქმულის აღსრულების.
ღირსი ამბროსი მედიოლანელი





წმინდა სახარება წმინდა იოანე მახარებელისაგან საკითხავი – 11:1-45




1
ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის – მართას სოფლელი.
1
იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა.


2
ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო.
2
ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო.


3
დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის.
3
მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს.


4
ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ ღვთის დიდებისთვის არის, რათა იდიდოს ძე ღვთისა ამით.
4
ხოლო ვითარცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან.


5
უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე.
5
უყუარდაიესუსმართადადაჲმისიდალაზარე.


6
როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაციყო.
6
ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაც აიყო, ორ დღე.


7
ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში.
7
მერმე ამისა შემდგომადჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად.


8
მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ?
8
ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?


9
იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამქვეყნის ნათელსა ხედავს.
9
ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს.


10
ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში.
10
და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა.


11
ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენ მამეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას.
11
ესე თქუა და ამისა შემდგომადჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი.


12
ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება.
12
ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს.


13
მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას.
13
ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა.


14
მაშინი ესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა.
14
მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა.


15
და მიხარია თქვენ გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან.
15
და მე მიხარის თქუენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა.


16
ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ.
16
ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენც ამის თანა.


17
როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა.
17
და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა.


18
ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე.
18
ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარა თხუთმეტ ოდენ უტევენ.


19
ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი.
19
და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს.


20
მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა.
20
ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა.


21
და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.
21
ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.


22
მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი.
22
არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან.


23
უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა.
23
ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი.


24
მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას.
24
ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.


25
უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.
25
ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე.


26
ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?
26
და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე?


27
მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.
27
ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.


28
ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას – მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო.
28
და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ.


29
ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია.
29
ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა.


30
რადგანაც იესო ჯერ იდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა.
30
რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა.


31
როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო.
31
ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა.


32
მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.
32
ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.


33
როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა:
33
ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით,


34
სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე.
34
და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე.


35
მაშინ აცრემლდა იესო.
35
და ცრემლოოდა იესუცა.


36
იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი.
36
იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი!


37
ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო?
37
ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?


38
ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ.
38
ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას.


39
იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ.
39
ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს.


40
უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი.
40
ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?


41
და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.
41
აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი.


42
მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.
42
და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.


43
ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!
43
და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!


44
და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს.
44
და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.


45
მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი.
45
მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.




1. იოანეს სახარების მე-11-12 თავებში საუბარია იმ ფაქტების შესახებ, რომლებითაც ქრისტე საკუთარ თავზე მოწმობს, როგორც სიკვდილის დამთრგუნველსა და ისრაელის აღთქმულ მეფეზე. აქამდე უფალი უპირატესად სიტყვებით მოაქცევდა იუდეველებს სარწმუნოების გზაზე, ახლა კი, რადგან სიტყვები არასაკმარისი აღმოჩნდა, ამას ახლა უჩვეულო საქმებით აკეთებს, კერძოდ, ლაზარეს აღდგინებითა და იერუსალიმში თავისი საზეიმო შესვლით.

მახარებელი იმიტომ მოიხსენიებს ლაზარეს სახელით, რომ მკითხველს ეს სახელი მაშინ, ყოველ შემთხვევაში, გაგონილი ჰქონდა. ძველი ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, შემდგომში ლაზარე კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და კვიპროსის ეკლესიის ეპისკოპოსი იყო. ამ გადმოცემაში დაუჯერებელი არაფერია. აღდგენილ ლაზარეს, იმის გამო, რომ იუდეველებისგან საშიშროება ელოდა (ინ.12:10), შეეძლო, იერუსალიმთან ახლო მდებარე ბეთანია სხვა ქრისტიანებთან ერთად დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც იუდეველებმა დიაკონი სტეფანე მოკლეს და კუნძულ კვიპროსზე გაქცეულიყო (საქ. 11:19).
იოანე მახარებელი ბეთანიას წარმოგვიდგენს როგორც დაბას, სადაც მართა და მარიამი ცხოვრობდნენ, და არა – ლაზარეს საცხოვრებელ ადგილს; მისი აზრით, ლუკას სახარებიდან მკითხველმა უკვე იცოდა, ორივე და რომ ერთ დაბაში ცხოვრობდა, მაგრამ თვით დაბის დასახელება აქამდე არ იყო გაცხადებული (შდრ. ლკ. 10:38-42).

2. აქ ზუსტად ირკვევა, თუ ვინ იყო მარიამი – ლაზარეს და. რადგანაც მახარებელი მის შესახებ ისე ლაპარაკობს, რომ მისი ღვაწლი ცნობილი უნდა ყოფილიყო მკითხველისთვის, ამიტომ ცხადია ,ის აქ გულისხმობს მათესა და მარკოზ მახარებლების მონათხრობს იმ ქალის შესახებ, რომელმაც უფალს ფეხებზე მირონი სცხო (მთ.26:6-13; მრკ.14:3-9). პირველ ორ სახარებაში მარიამი არ არის სახელით მოხსენიებული, აქ კი მახარებელი ამ დანაკლისს ავსებს. გარდა ამისა, ინ.12:1-8-ში იგი აღწერს მარიამის ცხოვრებიდან ამ მოვლენას სახარებასთან ისტორიულ კავშირში.

3.დები არ სთხოვენ ქრისტეს, რომ იუდეაში მასთან მივიდეს: მათ იციან – იესოს საშიშროება ელოდება მტრებისგან, მაგრამ რაკი სასოებენ მის სასწაულებრივ ძალას, ამიტომ მოკრძალებით ატყობინებენ ძმის მძიმე ავადმყოფობის ამბავს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ უფალ სლაზარეს განკურნება შორი მანძილიდანაც ისე შეუძლია, როგორც კაპერნაუმელი ასისთავის მსახური განკურნა (მთ. 8:8 და ა.შ.).
4.უფალი თავის მოწაფეებსა და ბეთანიელ მაცნესთან საუბარში შენიშნავს, რომ ავადმყოფობა ლაზარეს მოევლინა არა სასიკვდილოდ (შდრ. 1 ინ. 5:16), არამედ იმისთვის, რომ მისი შედეგის – სიკვდილის და ძლევის გზით ღმერთი განდიდებულიყო (ღვთის დიდებისთვის არის), და განდიდებულიყო თავისი მხოლოდშობილი ძის მიერ (რათ აიდიდოს ძე ღვთისა – შდრ. ინ. 5:21-23; 7:18). თუმცა ჩვენ არ გაგვაჩნია საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ქრისტეს სიტყვები სწორედ ასეთი აზრით გაიგო ლაზარეს დების მიერ წარგზავნილმა: მის სიტყვებში ყველანი მხოლოდ ლაზარეს განკურნებაზე და არა მკვდრეთით ადგენაზე ხედავდნენ მინიშნებას.
ბიბლეისტი ალექსანდრე ლოპუხინი


როდესაც მახარებელი ამ ქალების სათნოებებზე საუბრობს, შენიშნავს, რომ სამართლიანად სარგებლობდნენ ისინი მაცხოვრის სიყვარულით. არც არაფერია იმაში გასაკვირი, თუა ვადმყოფობა და სიკვდილი იმათაც ეხებათ, ვინც ღმერთს უყვარს; ეს ხომ საერთო სატანჯველია, ბუნებითი უძლურების შედეგი, თუმცა განსაკუთრებული მადლი მაინც ეძლევათ მათ მწუხარების ადვილად გადასატანად.

უფალმა გადადო თავისი მისვლა ლაზარესთან, რათა ავადმყოფი კი არ განეკურნა, არამედ მკვდარი აღედგინა, – რაც უფრო დიდ ძალას გამოაჩენდა, მით უფრო განდიდდებოდა.

სამართლიანად შეიძლება მარიამი ჩავთვალოთ მორწმუნედ წარმართთაგან, ხოლო მართა – წინადაცველთაგან. მკვდრეთით აღდგენილ ძმაში შეგვიძლია ცოდვილი დავინახოთ, რომელიც გარკვეული ცოდვების გამო ჯოჯოხეთში ჩადის, შემდეგი სიტყვების თანახმად: „მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს“ (ფს. 9:18). ამიტომ მოსეს რჯულის მიხედვით ცხოვრებისათვის, მიზანშეწონილად უთხრა მაცხოვარმა მართას: „მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ“(ლკ. 10:41-42). ანუ ცხონებისათვის რჯულის ბევრი განწესება კი არ არის საჭირო, არამედ ცოტა, რაც სიყვარულს ეხება, რომლებზეც დამოკიდებულია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი (მთ. 22:40).

წმინდა მღვდელმთავარი კირილე ალექსანდრიელი


ღვთაებრივი კადნიერება! – სული, რომელიც მზადაა იტვირთოს სატანჯველი და აღასრულოს ცხონების საიდუმლო!
8. ეს სულმოკლეობის სიტყვებია, უფრო კი – უვიცობის! რადგან მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეეპასუხებოდნენ და არ წარმოთქვამდნენ ისეთ სიტყვებს, რომლებმაც მათი სულის სისუსტე და სიმხდალე გამოამჟღავნეს. იმის გამო, რომ მტკიცე რწმენა არ ჰქონდათ, მათ მართლაც ჰქონდათ შიშის მიზეზი. ამიტომ საჭიროდ ჩათვალეს, ეთქვათ: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ?
ამ იგავით აღნიშნულია ვნების ჟამი, რომელიც მალე უნდა დამდგარიყო.

სიტყვაში „დღე“ იგულისხმე მადლი და ჭეშმარიტება, რომლის მეშვეობითაც სახარების მიმდევარი არ წაიფორხილებს იუდეური დაბრკოლების ქვაზე. ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს. ნათელი კი ქრისტეა, რომელმაც თქვა:„ნათელი მოვიდა ქვეყნად“ (ინ. 3:19), და კიდევ: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა“ (ინ. 8:12). აქ სახარების ქადაგებაც შეგიძლია იგულისხმო, ნათლისღების გზით აღორძინებაც და კეთილმსახური ცხოვრებაც, ნათქვამისამებრ: „ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე“ (მთ. 5:16).
წმინდა მღვდელმთავარი ანდრია კრიტელი

10.ლამპარი, რომელიც ზეთითაა სავსე და ფითილიც აქვს, ცეცხლი თუ არ მოუკიდე, მაინც ჩაბნელებული დარჩება. ასევეა სულიც – თითქოსდა შემკობილია ყველა სათნოებით, მაგრამ თუ სულიწმიდის მადლისა და ნათლის თანაზიარი არ გახდა, მაინც
ჩამქრალი და ჩაბნელებული იქნება და მისი საქმეები მყარად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან საჭიროა, რომ ისინი ნათლით გაცხადდეს (ეფ. 5:13). ამდენად, ვისაც სულის ლამპარი ჯერ კიდევ ჩამქრალი და ბნელი აქვს, მას საღმრთო ნათელი ესაჭიროება, რომელიც მასში ამ ლამპარს აანთებს და ასწავლის, გამოიკვლიოს საკუთარი საქმენი, ითხოვოს ცოდვათა შენდობა აღსარების გზით და ყოველ ჟამიერად გამოასწოროს ყოველივე ის, რასაც ცუდად და არასწორად გააკეთებს. როგორც შეუძლებელია, ფეხი არ წაიკრას მოსიარულემ, ისევე შეუძლებელია, არ შესცოდოს იმან, ვისაც ჯერ არ უხილავს ღვთაებრივი ნათელი, უფლის ბრძანებისამებრ: ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამქვეყნის ნათელსა ხედავს (მუხ. 9). ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში. როცა ამბობს: ნათელი არ არის მასში, ამით ის ღვთაებრივ და არანივთიერ ნათელზე მიუთითებს, რადგან არავის ძალუძს, მოიპოვოს და საკუთარ თავში იქონიოს გრძნობადი ნათელი.
ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი


იესო ქრისტემ თქვა: მეგობარი ჩვენი, რითაც აჩვენა, რომ ლაზარესთან წასვლა აუცილებელია; ხოლო სიტყებით: მივალ და გავაღვიძებ მას, უფალი აჩვენებს, თუ რაოდენ ადვილად შეუძლია ადამიანის მკვდრეთით აღდგინება. მოწაფეებს აქედან უნდა გაეგოთ, რომ იგი ლაზარეს სიკვდილსა და აღდგინებაზე საუბრობს.

12.მოწაფეებმა მაცხოვარს უთხრეს: მომჯობინდება, – ისინი ცდილობენ, გადააფიქრებინონ უფალს ლაზარესთან წასვლა, ვინაიდან მათ ისევ ეშინოდათ.
13.რატომ გაიარა იესო ქრისტემ 15 სტადია (დაახლოებით ორ-ნახევარი ვერსი), – ნუთუ მხოლოდ იმისათვის, რომ ლაზარე გაეღვიძებინა? თუმცა მოწაფეებს შეეძლოთ მის სიტყვებში რომელიმე იგავი ევარაუდათ, რომლებიც მას მრავლად ჰქონდა მონათხრობი.
14-15. ლაზარეს სიკვდილის გამო კი არა, თქვენ გამო მიხარია, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; როცა აღმდგარ ლაზარეს დაინახავთ .იქ რომ ვყოფილიყავი, ან ლაზარე არ მოკვდებოდა, ან ეს სასწაული დიდად არ მოგეჩვენებოდათ, ანაც საეჭვო გახდებოდა, როგორც ზემოთაა ნათქვამი.
მაგრამ მივიდეთ მასთან, ვინმეს რომ არ ეგონოს, თითქოს მეგობრები არ გვიყვარს– ამას იესო ქრისტე ამბობს, როგორც ადამიანი.
16-18.თითქოს თომას სიტყვები მის სიმამაცეზე მიუთითებს, მაგრამ სინამდვილეში–სიმხდალეზე, და მისი რწმენის მერყეობას ავლენს. მას არ სჯეროდა, რომ მოწაფეები არ დაბრკოლდებოდნენ, რადგან ვარაუდობდა, რომ ყველა მათგან იმ ოძღვართან ერთად მოკვდებოდა. იესო ქრისტეს არ უსაყვედურებია მისთვის, – გაითვალისწინა ადამიანური უძლურება.
ლაზარე იმ დღეს და მას შემდეგ მოკვდა, რაც მისმა დებმა, მართამ და მარიამმა იესოსთან შეტყობინება გააგზავნეს მისი ავადმყოფობის შესახებ. იესო კი ორი დღე იმავე ადგილზე დარჩა, სადაც ეს შეტყობინება მიიღო. მესამე დღეს კი მოწაფეებს უთხრა: ლაზარე მოკვდა. მეოთხე დღეს კი მივიდა, რადგან ელოდებოდა, სანამ ცხედარი სუნს აუშვებდა; ეს იმიტომ, რომ ძლიერად გამოევლინა თავისი ძლიერება. დები უკვე აღარ აგზავნიდნენ იესო ქრისტესთან, რადგან არ ჰქონდა იმედი, რომ ძმა ცოცხალი დარჩებოდა.
19.როგორ დების სანუგეშებლად იუდეველები, როცა იცოდნენ რომ მათ ქრისტე უყვარდათ და მასთან მეგობრობდნენ? ან იმიტომ, რომ ეს ცნობილი ოჯახი იყო, ან სხვა რამ სათნოებათა გამო, ან ამ დიდი უბედურების მიზეზით. გარდა ამისა, მაინდამაინც ბოროტთა რიცხვს არ მიეკუთვნებონდენ ეს იუდეველები, რაც იქიდან ჩანს, რომ ბევრმა მათგანმა შემდგომში ქრისტე იწამა.
20.მარტო მართამ გაიგონა და თავის დას არ შეატყობინა, რადგან სანუგეშებლად მისულები შეიძლება შეშფოებულიყვნენ, მარიამიც რომ მასთან ერთად წსულიყო სახლიდან.
21-22.აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა, იმიტომ, რომ ღმერთს უყვარხარ, – შესთხოვდი და ღმერთიც შეგისმენდა. მართამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ იესო ქრისტე,