პატრიარქი დემოგრაფიული ფორუმის მონაწილეებს შეხვდა

“ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო” – ამ წინადადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ემიგრანტებს. მისმა უწმინდესობამ ეს განცხადება გააკეთა საპატრიარქოში გამართულ დემოგრაფიული ფორუმის დამფუძნებლებთან შეხვედრაზე და ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა:
„ჩემო ძვირფასო სულიერო შვილებო, უცხოეთში მცხოვრებნო, გულითადად მოგესალმებით და მინდა ერთი შემთხვევა გავიხსენო: ერთმა ქართველმა უცხოეთში ასე მომმართა: ისე მიყვარხარ, როგორც საქართველოო. მეც მინდა, გავიმეორო ეს სიტყვები, ოღონდ თქვენს მიმართ: ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო.
ჩვენ გელოდებით სამშობლოში, თქვენ ჩვენთვის დიდი საუნჯე ბრძანდებით, სულიერი საუნჯე, ეროვნული საუნჯე.
გულითადად მივესალმები მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მიტროპოლიტ აბრაამს და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებს. ჩანს, რომ კარგად მუშაობთ ჩვენს ქართველებთან. დალოცვილი იყავით და გახარებული, ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ილია II-მ საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, პრობლემა აქტუალური და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.
„დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ დემოგრაფიული პრობლემა. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, მარტო თეორიულად ამისი განხილვა არ კმარა და, ალბათ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა გამოინახოს ასეთი მოქმედი ნაბიჯები“, –ბრძანა მისმა უწმინდესობამ.
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ, წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ინიციატივით გაკეთდა დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად. მაგ.: მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი დედების მხარდაჭერა, მესამე და მომდევნო შვილზე ორი წლის განმავლობაში ფულადი დახმარების გაცემა… აღინიშნა ისიც, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობს მრავალშვილიანი დედების სტატუსის განსაზღვრაზე და შესაბამისი ფინანსური პაკეტის მოძიებაზე.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვაჟა ლორთქიფანიძემ, ცნობილმა ექიმმა, დავით გაგუამ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და სხვებმა.
შეხვედრას უძღვებოდა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, თამარ ჩიბურდანიძე. მან ტელეხიდით ქართველი ემიგრანტები ჩართო ესპანეთიდან და შვედეთიდან. ბარსელონადან კათოლიკოს-პატრიარქს და ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი) და მისი საკვირაო სკოლის პატარა ქართველები. შვედეთიდან კი _ ლელა კუხიანიძის ანსამბლი „ნერგები“.
ამ შეკრებას ესწრებოდნენ: კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, _ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, პედაგოგები, მრავალშვილილიან დედათა გაერთიანების წარმომადგენლები, ფერეიდნელი ქართველები და სხვანი.