ქადაგება სამადლობელ პარაკლისზე (22 იანვარი, 2001 წ.)


ქადაგება სამადლობელ პარაკლისზე
სიონის საკათედრო ტაძარი, 22 იანვარი, 2001 წ.
ჩვენთან არს ღმერთი!
ქართველი ერის სახელით დღეს მადლობას შევსწირავთ უფალს იმ დიდი მფარველობისა და წყალობისათვის, რომელიც გარდამოავლინა ჩვენზე. ერისა და ქვეყნის ცხოვრებაში არის თარიღები, რომელნიც განსაკუთრებით აღინიშნება. განვლო ქრისტიანობის 2000 წელმა. საქართველომ სათანადოდ აღნიშნა ეს დიდებული თარიღი. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო და საეკლესი დელეგაციები ჩავიდნენ იერუსალიმში, თაყვანი ვეცით უფლისა ჩვენისა შობის ადგილს – ბეთლებს, მაცხოვრის საფლავს. პირველი ლოცვა, რომელიც ჩვენ იქ აღვავლინეთ, იყო მადლიერების გამომხატველი იმ დიდი წყალობისა და კურთხევისათვის, რომელიც მივიღეთ განვლილი 2000 წილს მანძილზე. წმიდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე სათნო და ყველაზე ძლიერი ლოცვა – სამადლობელი ლოცვაა. დღესაც ჩვენ, ჩვენი ქვეყნისა და ერის სახელით მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.
უმადურნი არ უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ დიდი წყალობა დაგვაბერტყა უფალმა. შემთხვევითი არ იყო, რომ საქართველოში ჩამოტანილი იქნა კვართი უფლისა; საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა; საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა; ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო კრებაზე მონაწილეობას ღებულობს ეპისკოპოსი საქართველოდან, IV საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობა საქართველოში უკვე სახელმწიფოებრივი რელიგიაა. და ასე ძლიერდება ერი ეკლესიასთან ერთად. და ისინი იყვნენ განუყოფელნი ამ 2000 წლის მანძილზე. ერის ბედნიერება ნიშნავდა იმას, რომ ეკლესიაც ბედნიერი იყო და პირიქით, ეკლესიის ძლიერება ნიშნავდა ერის ძლიერებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რმო ერი და ეკლესია ერთია, განუყოფელია. ვწუხვართ, რომ გამოვიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი ურწმუნოებისა. სამწუხაროა ისიც, რომ ზოგიერთი ჩვენთაგანი დღესაც არ განთავისუფლებულა იმ იდეისგან, რომ ხელოვნურად იყოს გაყოფილი ერი და ეკლესია.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და ეკლესია. ამინ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.