ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე (19 იანვარი, 2001 წ. )


ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე
სიონის საკათედრო ტაძარი, 19 იანვარი, 2001 წ.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს ბედნიერი დღეა, ნათლისღება ანუ განცხადება უფლისა. ეს არის დღე, როცა ყოვლადწმიდა სამება გამოეცხადა კაცობრიობას: ძე ღვთისა ჩადგა იორდანეში და ნათელს იღებდა, სულიწმიდა სახითა ტრედისათა გარდამოვიდოდა მაცხოვარსა ზედა და ისმოდა ხმა მამისა – „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. ამ დღეს ამიტომაც ეწოდება წმიდა სამების განცხადების დღე.
წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი 50-ე ფსალმუნში ამბობს: „მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე“. ჩვენ დღეს ბედნიერები ვართ, რადგან უფალმა ზეციდან გვასხურა. შემთხვევითი არ არის, რომ წვიმა წამოვიდა, ე.ი. მოხდა ღვთის ხელით სხურება. მადლობა ღმერთს, რომ ყველამ მივიღეთ იგი.
ჩვენ დღეს ვაკურთხეთ წყალი, რომელსაც ეწოდება დიდი აიაზმა. აიაზმა – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „სიწმინდეს“, რის გამოც, ჩვენ მას უნდა გავუფრთხილდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს წყალი არის დიდი სიწმინდე. მთელი წლის განმავლობაში ეკლესიასა და სახლში უნდა გვედგას და ყოველდღე ვღებულობდეს მას. დღეს, სახლში რომ მიბრძანდებით, ასხურეთ ამ წყლით თქვენი ეზო, სახლ-კარი, ყოველი კუთხე, ოჯახის წევრები. ამ წყალთან ერთად თქვენზე გადმოდის მადლი სულისა წმიდისა. ეს წყალი მთელი წლის განმავლობაში უნდა გეყოთ. გახსოვდეთ იგი განსაკუთრებული სიწმინდეა. მაგრამ როცა შემოგაკლდებათ, ჩვეულებრივი წყალი დაუმატეთ; ის ისევ წმიდა დარჩება.
ნაკურთხი წყალი – ეს უდიდესი სიწმიდეა, რომელიც ადასტურებს, რომ ღვთის ხელი, ღვთის მადლი და წყალობა ჩვენთან არის. თქვენ ალბათ გსმენიათ, ანდა გამოგიცდიათ, რომ ჩვეულებრივი წყალი რამდენიმე დღეში კარგავს თავის გემოს, ფუჭდება, მაგრამ ნაკურთხი წყალი შეიძლება ათეული წლების განმავლობაში, საუკუნის განმავლობაშიც გვქონდეს შენახეული, მაგრამ იგივე თვისებები გააჩნდეს, რაც ახლადჩამოსხმულს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურეს იმას, რომ ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს!
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სულისა წმიდისა იყოს თქვენზე და სრულიად საქართველოზე. ამინ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.

T