პატრიარქის ქადაგება (02.03.2017)

დღეს დამთავრდა ანდრია კრიტელის კანონი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მოგვეცა საშუალება ამ კანონის წაკითხვისა. კანონი ანდრია კრიტელის იწყება სიტყვები: „საიდან ვიწყო მე გლოვა, საიდან ვიწყო მე ტირილი“. ყოველი ადამიანი გარემოცულია ცოდვებითაც და სიკეთითაც. შენდობის კვირიაკეს მე გითხარით, რომ საოცარია ადამიანის ბუნება. როგორ იტევს იგი ამდენ სიკეთეს და ამდენ ბოროტებას და ეს სიკეთე და ბოროტება ადამიანში გვერდიგვერდ მყოფობს.
ანდრია კრიტელი ამბობს, რომ შევქმნათ სათნოებათა კეთილთა საქმეთა კიბე, რომლითაც ჩვენ უნდა ავიდეთ ზეცად. ყოველმა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში. ქმნის თუ არა ამ კიბეს. სად დგას იგი – მარჯვენა მხარეს თუ მარცხენა მხარეს. თვითონ ადამიანი ირჩევს მარჯვენასაც და მარცხენასაც და აი ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა დავარკვირდეთ ჩვენს თავს და გავარჩიოთ თუ სად არის მარჯვენა და სად, – მარცხენა.
როცა ადამიანი აკეთებს კეთილ საქმეს, როცა ლოცულობს, მარხულობს, უნდა ახსოვდეს, რომ ეს შურს ეშმაკს და შურით უყურებს მას. აი, ახლა ჩვენ აქ ვლოცულობთ, ვკითხულობთ ანდრია კრიტელის კანონს და ჩვენი მორწმუნე ადამიანები სადღაც ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს. შევთხოვთ უფალს, რომ „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, მადლი – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მადლი, რომელიც კურნავს ადამიანს, ის მადლი ღვთისა, რომლის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს. ამინ!