„სამწუხაროა ის, რომ გულისტკივილს ვიღებთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომლებზეც ვზრუნავთ…“ (პატრიარქის ქადაგება შენდობის კვირას. 26.02.2017)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენი“
მრავალი სასწაული ჰქმნა უფალმა ქვეყანასა ზედა, რომელიც ხელს გვიწყობს სასუფევლისკენ სვლაში. ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც გზას გვიჩვენებს, ეს არის შენდობის კვირიაკე: თქვენ იცით, შენდობის კვირიაკე დაწესებულია პირველ საუკუნეებში, იორდანეს უდაბნოებში. დიდი მარხვის დაწყების წინ ბერები ღებულობდნენ ლოცვა-კურთხევას და შენდობას ერთმანეთისგან და მიდიოდნენ უდაბნოში. მიდიოდნენ აღდგომის საგალობლების გალობით იმიტომ, რომ არ იცოდნენ, ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ არა. ეს პირველი საუკუნეებიდან დღემდე მოდის და ჩვენც ვასრულებთ ამ შენდობის წესს.
საკვირველია, ადამიანი როგორ იტევს თავის თავში ამდენ სიკეთეს და ამდენ ბოროტებას, ამდენ სიხარულს და ამდენ მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება და მუდამ დაითრგუნება ბოროტება. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ვხედავთ და გულისტკივილს ვიღებთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელებზეც ვზრუნავთ.
მადლობა ღმერთს, რომ გვაძლევს მოთმინებას. ადამიანი ბუნებით კეთილია, იგი ხატია ღვთისა, მაგრამ ადამაინში არის დიდი ბრძოლა. მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს, ხშირ შემთხვევაში თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ სიცოცხლის მანძილზე ადამიანი ირჩევს, თუ საიღ დადგეს, – მარჯვნივ თუ მარცხნივ. თუ ბოროტია ადამიანი, ის დგება მარცხენა მხარეს, თუ კეთილია – მარჯვენას. ბოროტი ადამიანი, რომც დააყენოს უფალმა მარჯვენა მხარეს, ის ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას.
ასე რომ, ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი.
საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი. ღვთისმშობელი გვეწევა ჩვენ და მომავალშიც შეგვეწევა. არ უნდა გაგვიცრუვდეს იმედი – იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა და მომავლისა.
დიდი მარხვის წინ, ჩვენ განსაკუთრებით ვუღრმავდებით ჩვენს გულს, გონებასა და სულს და ვხედავთ, რომ მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია. ან როგორ ვიტანთ ამდენ ცოდვას, ამდენ განსაცდელს?! მაგრამ ღმერთი გვაძლევს იმედსა და მოთმინებას. მე შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალა, მადლი, სიყვარული და სიხარული, რომ განსაცდელის დროს არ დავეცეთ მიწაზე, უფალი მოვიდეს და გვიშველოს ჩვენს წინსვლაში.
იწყება დიდი მარხვა. ანდრია კრიტელის კანონის პირველი სიტყვები ასეთია: „საით ვიწყო მე გლოვად“. ე.ი. წმ. ანდრია ამბობს: საიდან ვიწყო მე მონანიება, გლოვა, გარშემო ცოდვებით ვარ მოცული!
ამ დროს უფალი გვაძლევეს მადლს სულისა წმინდისა. სული წმინდა არის უძლურთა მკურნალი და იგი შეგვეწევა ჩვენ.
არ შეგეშინდეთ, ღმერთი ჩვენთან არის. ღმერთი შეგვეწევა. ბოროტი დაითრგუნება!
დღევანდელ დღეს ჩვენ შევყურებთ ცას, შევყურებთ ღმერთს და ვთხოვთ უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი ნებსითნი და უნებლიეთნი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მატარებელნი ბოროტისა, უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისგან, უნდა განვიწმინდოთ ცოდვებისგან.
დღეს, როცა მადლი ღვთისა უხვად გადმოდის ჩვენს ზედა, შევთხოვთ უფალს, რომ შეგვინდოს ცოდვანი ჩვენნი. მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ აღავლინეთ თქვენი ლოცვა ღვთის წინაშე და შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
ღმერთმა შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი და იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!