ბოლნისის ეპარქია

ბოლნისის ეპარქია
ეპარქიის მმართველი
ბოლნისის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქს – ბოლნისს და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარნეულისა და ჰუჯაბის, დასავლეთიდან – დმანისისა და ლორე-ტაშირის, ჩრდილოეთიდან – მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიები, ხოლო სამხრეთი საზღვარი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა.
ქვემო ქართლის ტერიტორია მდინარე მტკვრის დინების ქვემო მარჯვენა სანაპიროზე ვრცელდება და ბუნებრივად არის შემოსაზღვრული თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. ისტორიული ვითარების შესაბამისად ქვემო ქართლის ადმინისტრაციული საზღვრები ხშირად იცვლებოდა. მისი ცვალებადობა საქართველოს სახელმწიფოებრივ სიმტკიცეს შეესაბამებოდა. ძველ წყაროებში შემონახულია ამ მხარის სხვადასხვა სახელწოდება, რომელთაგან ზოგი ფიზიკურ-გეოგრაფიული ცნებაა, ზოგი ეთნიკურ-გეოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული თუ სხვა: „ქვედა სოფელი“, „ქვემო ქვეყანა“, „გოგარენე-გუგარქი“, „ქართლი“, „ქვემო ქართლი“, „სომხითი“, „გარდაბნისა და გაჩიანის საერისთავონი“, „ტაშირ-ძორაგეტის სამეფო“, „გაგისა და ლორეს სანაპირო საერისთა-ვოები“, „სომხით-საბარათიანო“, „მეწინავე სადროშო“ და სხვა.
ეპარქიის ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო გზა გადიოდა, რომლის გასწვრივაც უძველესი დროიდან დაწინაურებული და, ამავდროულად, თვითმყოფადი კულტურით გამორჩეული ინტენსიური დასახლებები არსებობდა. ქვემო ქართლი ოდითგანვე ქვეყნის ძლიერების მტკიცე დასაყრდენად მოიაზრებოდა. ამიტომაც მას ქართველი მეფეები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. მეფე ფარნავაზმა (ქრისტეს შობამდე IV-III სს.) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ორი მძლავრი – სამშვილდისა და გარდაბნის, იგივე ხუნანის საერისთავო დააფუძნა. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის დროს 12 საეპისკოპოსოთაგან ოთხის ქვემო ქართლში დაარსება რეგიონის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს: „და დასუა ეპის-კოპოსად…. ერთი მანგლისს, ერთი ბოლნისს, ერთი რუსთავს, ერთი აგარაკს, რომელ არს ხუნანს გამართებით…“.
VII-VIII საუკუნეებიდან ქართლში არაბთა დამკვიდრების შემდეგ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კუთხეც მათი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. მოგვიანებით ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა კლდეკარის საერისთავო და ტაშირ-ძორაგეტის სამეფო.
როგორც ცნობილია, მცირე ხნით ქვეყნის ძნელბედობის გამო, ქვემო ქართლის გარკვეული ნაწილი მცირე ხნით სომხებს ჰქონდათ მიტაცებული. იმ დროისათვის ლორე-ტაშირის მეფეთა საჯდომი ციხე-სიმაგრე სამშვილდე იყო. XI ს-ის მეორე ნახევრიდან ქვემო ქართლში სომეხ ბაგრატიონთა ბატონობას ბოლო მოეღო. დავით აღმაშენებლის მეფობის დროიდან ქვემო ქართლის სამხრეთი მხარე კვლავ საქართველოს განუყოფელი ნაწილია. XII-XIII საუკუნეებში აქ გაგისა და ლორეს ქართული სანაპირო საერისთავოები არსებობდა.
უძველესი და უმდიდრესი წარსულის მქონე მხარეში ეკლესია IV საუკუნეში დაფუძნდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV ს-ის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს. ტაძრის ასომთავრული წარწერა მთელს კავკასიაში ქრისტიანული ხანის უძველესი თარიღიანი წერილობითი ძეგლია. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისში სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. ვახუშტის ცნობით: „სარკინეთის ხევის დასავლეთით… არს მცირე ქალაქი ბოლნისი. მას ზემოთ ეკლესია დიდი, უგუმბათო ბოლნისისა, რომელი აღაშენა მეფემან ფარსმან და გორგასალ დასუა ეპისკოპოზი“.
პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ამდენად, ბოლნისის დამოუკიდებელი და ძალზედ განვრცობილი ეპარქია V ს-ში ჩამოყალიბდა.
ბოლნისის სამღვდელმთავრო ტერიტორია ძალიან მდიდარია V-XVIII საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლებით: ბოლნისის სიონი (V ს.); აკაურთის ეკლესია (V-VI სს); ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკა (VI ს.); აკვანება (VI-VII სს.); ტანძიის წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები; წუღრუღაშენი (XIII ს); კაზრეთის სამონასტრო კომპლექსი; სათხე; კაკლიანის ღვთისმშობლის ეკლესიები და სხვ. მართალია, უძველეს ტაძრებს რესტავრაციისა და გადაკეთების კვალი ემჩნევა, მაგრამ მათი ძველი დიდებულება დროის მდინარების მიუხედავად კვლავ შენარჩუნებულია.
ამ კუთხეში ადრიდანვე ფართოდ იყო გაშლილი მწიგნობრული საქმიანობაც. მრავალთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი მწერალი და მქადაგებელი იოანე ბოლნელი, რომელიც, „იყო გამოცდილი საფილოსოფოსოთა სწავლათა შინა, და აღძრცვილი ღვთისმეტყველი, და წერილთა მაღალთა ენათა ზედა დამთხზველი“. ანტონ კათოლიკოსი მას ბრძენ ფილოსოფოსს უწოდებდა. მწიგნობრობითა და აღმშენებლობითი საქმიანობით ცნობილი მღვდელმთავრები იყვნენ იოსებ რევიშვილი (XVII ს. II ნახ.) და მაქსიმე მაჭუტაძე (XVIII ს ბოლოს), გარეჯის ცნობილი წინამძღვრის ონოფრეს ძმა. ეპარქიის მრავალრიცხოვან ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავებიც არსებობდა, რომელთა დიდი უმრავლესობა ნელ-ნელა დაიკარგა და განადგურდა.
1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, მრავალმხრივ საინტერესო ისტორიული წარსულის ეპარქიაში ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება ძალზე ნელა, მხოლოდ 70-80-იან წლებში დაიწყო. ძველი ბოლნისის ეპარქია, აგარაკ-წალკის საერთო სახელწოდებით არსებულ ქვემო ქართლის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისის ცალკე ეპარქიად გამოყოფა 1995 წელს წმიდა სინოდის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. იმ დროიდან მას ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის მწყემსმთავრად, მანამდე აგარაკ-წალკელი მთავარეპისკოპოსი თადეოზი იქნა დადგენილი.
2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ბოლნისისა და დმანისის ეპარქია გაიყო და მის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა: ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია. კრებამ ბოლნელ მღვდელმთავრად მთავარეპისკოპოსი თადეოზი დაადგინა. ამის შემდეგ ბოლნისის ეპარქიას მცირე ხნით, 2005-2006 წწ. ეპისკოპოსი იეგუდიულ ტაბატაძე მწყსიდა, ხოლო 2006 წლის დეკემბრიდან მართავს მთავარეპისკოპოსი ეფრემი.
ბოლნისის ეპარქია საქართველოს სხვა კუთხეებისაგან განსხვავებით განსაკუთრებული ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც, თავის მხრივ, მართლმადიდებელი მრევლის ნაკლებობას იწვევს. მიუხედავად ამისა, ეპარქიაში ასამდე ისტორიული ეკლესია-მონასტერია(მათი დიდი ნაწილი საგრძნობლად დაზიანებულია). დღესდღეობით, ბოლნისის ეპარქიაში ორ ათეულამდე მოქმედი ტაძარი და შესაბამისი რაოდენობის ღვთისმსახურია.
ბოლნისის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები:
ბოლნისის სიონი საკათედრო ტაძარი
ბოლნისის წმინდა გიორგის ეკლესია
ბოლნისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
რატევანის წმინდა გიორგის ეკლესია
კაზრეთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
ყორანთის ეკლესია (წმინდა გიორგისა და წმინდა ბარბარეს ტაძრებით)
თამარისის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესია
ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
წუღრუღაშენის წმინდა გიორგის ეკლესია.