კრეტის კრების დოკუმენტი: „მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს”



მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს
1. მარხვა არის საღვთო მცნება (შეს. 2, 16-17). წმ. ბასილი დიდის თხზულებათა მიხედვით, „მარხვა და კაცობრიობა თანაასაკოვანი არიან, რადგან იგი უკვე სამოთხეშივე დაწესდა” (მარხვის შესახებ 1,3PG 31, 168 A); ეს არის უდიდესი სულიერი ღვაწლის სახეობა და მართლმადიდებლური ასკეტური იდეალის უდიდებულესი გამოხატულება. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ურყევად ხელმძღვანელობს მოციქულთა სწავლებებით, კრებების კანონებითა და წმიდა მამათა საყოველთაო გარდამოცემით, ყოველთვის ქადაგებდა მარხვის უდიდეს ღირებულებებზე, რომ მარხვა აუცილებელია ადამიანის სულიერი ცხოვრებისათვის და მისი ცხონებისათვის. საღვთისმსახურო საწელიწადო ციკლში წარმოჩენილია წმიდა მამათა ყველა გარდამოცემა მარხვის შესახებ, მოძღვრება ადამიანის ხანგრძლივ და დაუცხრომელ მღვიძარებაზე და როგორ უნდა წარემატებოდეს იგი სულიერ ღვაწლში. ამიტომაც „მარხვანში” ხოტბა ეძღვნება მას, როგორც მრავალნათელ მადლს, როგორც დაუძლეველ იარაღს, როგორც სულიერი ღვაწლის საფუძველს, როგორც სათნოებათა მშვენიერ ბილიკს, როგორც სულის საკვებს, როგორც ყოველგვარი სიბრძნისმოყვარეობის წყაროს, როგორც უხრწნელად მყოფობის და ანგელოზთა თანასწორი მოქალაქეობის მიბაძვას, როგორც დედას ყოველგვარი სიკეთისა და სათნოებისა.
2. როგორც უძველესი დადგენილება, პასუხები მარხვის შესახებ უკვე არის ძველ აღთქმაში (II რჯ. 9,18; ის. 58, 4-10; იოელ. 2,15; იონა. 3, 5-7), ახალი აღთქმით კი დასტურდება. უფალმა, საზოგადოებაში გაცხადებული მოღვაწეობის დაწყებამდე (ლკ. 4,1-2), თავად იმარხულა ორმოცი დღე და მოგვცა მარხვითი ღვაწლის გზამკვლევი წეს-სახე (მთ. 6, 16-18). ზოგადად, ახალ აღთქმაში მარხვა წარმოდგენილია, როგორც სინანულის, თავშეკავებისა და სულიერი ზრდის საშუალება (მკ. 1,6; საქმე. 13,2; 14,23; რომ. 14,21). ეკლესია სამოციქულო ეპოქიდან ქადაგებს მარხვის უდიდეს მნიშვნელობაზე და მარხვის დღეებად ოთხშაბათი და პარასკევი განსაზღვრა (დიდაქე8,1), ისევე, როგორც აღდგომის წინა მარხვა (ირინეოს ლიონელის სიტყვა, ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია 5,24, PG 20, 497B-508 A-B). რა თქმა უნდა, საეკლესიო პრაქტიკაში არსებობდა საუკუნეების განმავლობაში დადასტურებული სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არა მხოლოდ პასექის წინარე მარხვასთან (წმ. დიონისე ალექსანდრიელი, ეპისტოლე ვასილიდესადმი, PG 10, 1277), არამედ დანარჩენი მარხვების რაოდენობასა და ხანგრძლივობასთან მიმართებით, რომლებიც ჩამოყალიბდა მრავალი ფაქტორის ზეგავლენით, უპირველესად კი – ლიტურგიკული და სამონოზვნო ტრადიციით; იმ განზრახვით, რომ ყველაფერ სხვასთან ერთად, შესაფერისად მომზადებულიყვნენ დიდი დღესასწაულებისათვის.
ასე რომ, მარხვისა და ღვთისმსახურების მჭიდრო კავშირი განსაზღვრავს მარხვის საზომსა და დანიშნულებას და წარმოაჩენს მარხვის სულიერ ხასიათს. შესაბამისად, ყოველი მორწმუნე მოწოდებულია, რომ თითოეულმა იმოქმედოს თავისი შესაძლებლობისა და ძალისამებრ, თუმცა, არა ისე, რომ თავისუფლებით უგულებელყოს ეს წმინდა დადგენილება: გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი. თუ კი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები” (მათე 11,29). „თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს, ის ქმენ. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე” (დიდაქე 6. 1-3).
3. ჭეშმარიტი მარხვა თანაშერწყმულია მოუკლებელ ლოცვასთან და გულწრფელ სინანულთან. „სინანული მარხვის გარეშე უქმია” (წმ. ბასილი დიდი, მარხვის შესახებ 1,3PG 31-168 A); ასევე, მარხვაც კეთილი საქმეების გარეშე მკვდარია, განსაკუთრებით, თანამედროვე ეპოქაში, როდესაც სიკეთის უთანასწორო და უსამართლო გადანაწილება მთელ ერებს არსობის პურის გარეშეც კი ტოვებს: „ძმანო, ხორციელად მარხვისას, სულიერადაც ვიმარხულოთ: „არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე – იტყვის უფალი, არამედ განხსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღვიენ გულარძნილებანი მძლავრებით თანაცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი წერილი უსამართლოი განხეთქე. განუტეხე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახლად შენდა….“ (დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ოთხშაბათს, მწუხრსა ზედა; ის. 58, 6-7). მარხვა უბრალოდ არ სრულდება მხოლოდ წეს-განგებით განსაზღვრული საკვებისაგან თავშეკავებით: „ასე რომ, შესაქები მარხვისათვის, არ კმარა მხოლოდ საჭმელისაგან თვითშეზღუდვა; არამედ ვიმარხულოთ ღვთისათვის მისაღები და სათნო მარხვით. ჭეშმარიტი მარხვა ბოროტებისაგან ჩამოშორებაა, ენის მოთოკვა, მრისხანების მოცილება, მოკვეთა ვნებების, ბოროტსი ტყვაობის, ცრუ აღთქმა-ფიცობის, – ამათი უკმარობაა ჭეშმარიტი მარხვა, ამდაგვარი მარხვაა მშვენიერი” (წმ. ბასილი დიდი. მარხვის შესახებ 2,7 PG 31, 196 D). მარხვისას საკმარისი არ არის მხოლოდ საკვების განსაზღვრულ სახეობებს დასჯერდე, არამედ მიღებული საჭმლის რაოდენობაც წარმოადგენს სულიერი ღვაწლის საგრძნობლად მნიშვნელოვან ნაწილს: „მარხვა, სიტყვასიტყვით, საკვებისაგან თავშეკავებაა; საკვებისაგან, რომელიც ჩვენ არც მართალს გვხდის და არც არამართლს. საიდუმლოებრივი თვალსაზრისით კი სიმბოლურად აცხადებს, რომ, როგორც საკვებითაა ყოველგვარი სიცოცხლე, ხოლო უჭმელობისაგან – სიკვდილი, ასევე ჩვენც გვმართებს ამ სოფლიურისაგან მარხვა, რათა მოვკვდეთ ამ სოფლისათვის, და შემდგომად ამისა, საღვთო საკვების ზიარებით, ღმერთით ვიცოცხლოთ” (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ეკლოგი. PG 9, 704-705). ამრიგად, ჭეშმარიტი მარხვა ყველა მორწმუნის ქრისტესმიერ ცხოვრებას განეკუთვნება და გვირგვინდება ღვთისმსახურებაში მათი თანამონაწილეობით, განსაკუთრებით, საღვთო წმინდა ევქარისტიის საიდუმლოში.
4. უფლის ორმოცდღიანი მარხვა მორწმუნეებისათვის მარხვის ნიმუშს წარმოადგენს, რაც უფლის მორჩილებაში თანამონაწილეობას აღძრავს, რათა ამით: „რაც დაუცველობით დავკარგეთ, დაცვით მოვიპოვოთ“ (წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი, 45-ე ჰომილია მაცხოვრის აღდგომის შესახებ, 28PG 36, 661ჩ). მარხვის სულიერი მახასიათებლების ქრისტე ცენტრული გაგება, განსაკუთრებით, წმინდა ორმოცდღიან მარხვისა, რომელიც თვისობრივ კავშირშია მამათა გადმოცემასთან, ნიშანდობლივად თავმოყრილია წმ. გრიგოლი პალამასთან: „თუ ასე იმარხულებ, არა მხოლოდ თანაევნები და თანამოკვდები, არამედ თანააღსდგები და თანაიმეფებ ქრისტეს თანმარადიულ საუკუნეში: რადგან თანაშერწყმული, ასეთი, მისი სიკვდილის მსგავსი სახის მარხვით, მისი აღდგომის მოზიარეც იქნები და მასში ცხოვრების მემკვიდრეც” (წმ. გრიგოლ პალამა, ჰომილია 13, დიდი მარხვის მეხუთე კვირა. PG 151, 161AB).
5. მართლმადიდებლური გადმოცემით, საზომი სულიერი სრულყოფილებისა არის „საზომი ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა” (ეფ. 4,13) და თითოეული თანამდებია, თუ სურვილი აქვს, მას მიაღწიოს, მსგავსად იღვაწოს და ამაღლდეს. სწორედ ამიტომაც წვრთნასა და სულიერ მოღვაწეობას არა აქვს სასრული ამ ცხოვრებაში, ისევე, როგორც სრულყოფილთა სრულყოფილებას. ყველა მოწოდებულია, ვისთვისაც რამდენადაა შესაძლებელი, საკუთარი ძალისაებრ დააკმაყოფილოს მართლმადიდებლური სიმაღლის საზომის მოთხოვნები მადლისმიერად განღმრთობის მიზნით. და ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ასრულებენ მათდამი განჩინებულს, არასოდეს ქედმაღლობენ, არამედ აღიარებენ, რომ: „მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა – გუედვა ყოფად, ვყავთ.“ (ლკ. 17,10). ყველა – სულიერი ცხოვრების მართლმადიდებლური აღქმით – ვალდებულია არ მიატოვოს მარხვის კეთილშობილური ღვაწლი, არამედ, დატევების შემთხვევაში, თვითყვედრებითა და თავისი მდგომარეობის თავმდაბლური შეგნებით შეუვრდეს ღვთის მოწყალებას, რამდენადაც მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრება მიუღწევადია მარხვის სულიერი ღვაწლის გარეშე.
6. მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც მოსიყვარულე დედამ, ცხონების სარგებლისათვის განსაზღვრა და დაადგინა მარხვის დღეები, როგორც ღვთივმომადლებული, ახალი ცხოვრების, ქრისტეში მორწმუნთა ყოველგვარი უცხო თავდასხმისაგან დამცავი „საცონი“ (მათე 23,5*). წმიდა მამათა კვალობაზე, როგორც თავდაპირველად, წმინდა სამოციქულო განსაზღვრებების, კრებათა დადგენილებების და წმიდა გარდამოცემების დამცელი, იგი ყოველთვის გვთავაზობს წმიდა მარხვებს, როგორც საუკეთესო საწვრთნელ ბილიკს სულიერი სრულყოფისა და მორწმუნეთა ცხონებისათვის, და ქადაგებს ეკლესიის მიერ დაწესებული საწელიწადო მარხვების დაცვის აუცილებლობას; ესენია: წმიდა ორმეოცისა (სააღდგომო დიდი მარხვა) და ოთხშაბათ-პარასკევის, რომელნიც დამოწმებულია წმიდა დადგენილებებით; ისევე, როგორც ქრისტეშობის, წმიდათა მოციქულთა, ღვთისმშობლის მიძინების მარხვები; ერთდღიანები: ნათლისღების წინა დღის, ჯვართამაღლების და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის. ამასთანავე, არსებობს მარხვების ხვადასხვა სამწყემსო საჭიროებისათვის კერძო ჯერზე განსაზღვრული, ანდა მორწმუნეთაგან არჩევით დაცული.
7. თუმცა, ამავდროულად, დაწესებულ მარხვებში ეკლესიამ დაუშვა კაცთმოყვარეობითა და სამწყემსო განსჯით განსაზღვრული იკონომიაც. ამიტომაც გაითვალისწინა, რომ ხორციელი უძლურებისა და გადაუდებელი საჭიროებისათვის, ან მძიმე ჟამის გამო, შესაბამისად, საპასუხიმგებლო განსჯითა და სამწყემსო მზრუნველობით, საეკლესიო იკონომია ადგლობრივი ეკლესიების მმართველ ეპისკოპოსებთან შეთანხმდეს.
8. ფაქტია, რომ დღეს მრავალი მორწმუნე არ იცავს მარხვის ყველა დადგენილებას ან დაუდევრობით, ანდა არსებული ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე. წმიდა მარხვების დადგენილებების შემსუბუქებას, რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, ზოგადი თუ კერძო მიზეზებით განპირობებული, ეკლესია უნდა მოეპყრას სამოძღვრო მზრუნველობით, „რადგან ღმერთს არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მოქცევა და ცხოვრებ ამისი” (ეზ. 33,11). თუმცა, არც მარხვის ღირებულება უნდა დაკნინდეს. ამიტომ მათთვის, ვისაც სირთულეები აქვს არსებული მარხვების დადგენილებებთან მიმართებით, კერძო (სნეულება, სამხედრო სამსახური, შრომის პირობები და ა .შ.) ან ზოგად მიზეზთა გამო (ზოგ ქვეყანაში არსებული განსაკუთრებული კლიმატური პირობები, სოციალურ-ეკონომიური თავისებურებანი, მაგ., შეუძლებლობა სამარხვო საკვების მოძიებისა), დაიშვება, რომ ადგილობრივმა ეკლესიებმა განსაჯონ, რათა განსაზღვრონ კაცთმოყვარული იკონომია და შემწყალებლობის ზღვარი, თუ განსაკუთრებულ შემთხვევებში როგორ შეარბილონ მოცემული წმინდა მარხვების „სიმძიმე“. ზემოთქმულის ჩარჩოებში ყველაფრი უნდა იყოს გათვალისწინებული იმ მიზნით, რომ ერთი საზომითაც კი არ შესუსტდეს წმინდა სამარხვო დადგენილება. ეს კაცთმოყვარე შემწყალებლობაც ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს დიდი სიფრთხილით, უთუოდ მეტი ლმობიერებით იმ მარხვებისადმი, რომლებიც ეკლესიის ცხოვრებასა და გადმოცემაში ყოველთვის და ყოველნაირ შემთვევაში არ იყო ერთგვარი.
„კარგია ყოველდღიურად მარხვა, მაგრამ არამჭამელი მჭამელს ნუ განიკითხავს, რა დროსაც, ნუ მოეპყრობი რჯულმდებლობით, ნუ ძალადობით, ნურც იძულებულს გახდი შენზე რწმუნებულ სამწყსოს, პირიქით, უფრო მეტად შეაგონე და ლმობიერი მარილ-სიტყვით შეაზავე“ (წმ. იოანე დამასკელი, წმიდა მარხვების შესახებ 32, PG 95, 68B).
9. საღმრთო ზიარებამდე სამი ან მეტი დღით ადრე მარხვა უკავშირდება მორწმუნეთა ღვთისმოსაობას. ნიკოდიმოს მთაწმინდელის სიტყვების თანახმად, „საღმრთო კანონებით ზიარებამდე მარხვის დაცვა არ განისაზღვრება, მათ, ვისაც შეუძლია იმარხულოს ზიარებამდე მთელი კვირაც კი, კარგია” (VI მსოფლიო კრების მე-13 კანონის განმარტება, პიდალიონი, 191). თუმცა, ეკლესიის მორწმუნეთა ერთობა ვალდებულია დაიცვას წმინდა მარხვები და შუაღამიდან უზმობით განეწყოს ხშირი ზიარებისათვის, რაც არის ეკლესიის არსის უპირატესი გამოხატულება. ასევე მიღებულია მარხვა: სინანულის გამოსახატად, სულიერი აღთქმის აღსასრულებლად, განსაცდელის ჟამს, ღვთისაგან გამოთხოვისას – ლოცვებთან შეერთებული, ნათლობის წინ (მოსანათლად მოსული ზრდასრული ადამიანებისათვის), ხელდასხმის წინ, ეპიტიმიის დროს, მომლოცველობისას და სხვა მსგავს შემთხვევებში.