წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხოვრება

ნეტარი მღვდელმთავარი საკვირველთმოქმედი წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი
(+დაახლ. 348)
წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე III საუკუნის დასასრულს დაიბადა. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლშვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე კაცობრივი ამაოდბრძნობის უძლურება: „მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისგან შეჰქმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა რა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა ადამიანთა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა“. მღვდელმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: „სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ასევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, მაშინ ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი მეტყველებდა“.სიცოცხლის ბოლომდე წმინდა სპირიდონის თავსაბურავი იყო უბრალო, ფინიკის რტოებისგან დაწნული მწყემსის ქუდი, რომელიც ბავშვის ქუდის მაგვარია. მონაზვნების კუნკულბარტყული აქედან მოდის.
წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისათანა“. კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალენ“. ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა.
წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი მას პატრიარქ აბრაამს ადარებდა სტუმართმოყვარეობით.
საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იმისათვის, რომ წმინდა სპირიდონს დაეცვა და თვალსაჩინოდ ეჩვენებინა წმიდა სამების შესახებ სწორი სწავლება, აგური აიღო და ხელი მაგრად მოუჭირა, რის შედეგადაც ხელს ზემოთ ცეცხლის ალი ავარდა, ქვემოთ წყალი ჩამოიღვარა, ხოლო მის კურთხეულ ხელში კი თიხა დარჩა. ამასთანავე წმინდა სპირიდონმა განმარტა, რომ, როგორც აგურში თანამყოფობენ ცეცხლი, წყალი და თიხა, ასევე თანამყოფობენ წმინდა სამებაში მამა, ძე და სულიწმიდა.
წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული, კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.