100 000 მოწამის შესახებ

თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყანას. როგორც ჟამთააღმწერელი აღნიშნავს, ამის მიზეზი იყო ის, რომ „დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოებაჲ, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვაჲ, შური, სიძვანი, უწესობანი“.
ამიტომ ღმერთმა „გულისწყრომით გვამხილა და რისხვით გვსწავლა“. ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულიანად აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს ქვეყანას თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ლაშქარი ჯაყელთა საოცარი თავდადების მიუხედავად გარნისთან გამართულ ომში ღალატის გამო მაინც დამარცხდა. ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა, რომ დედოფალი რუსუდანი მისი თანამეცხედრე გამხდარიყო და მონღოლების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანს ხვარაზმელებთან ერთად ებრძოლათ, თუ არადა მოაოხრებდა საქართველოს. მისმა უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს. მან კი სანაცვლოდ ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.
ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.„ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა განსაცდელთა აღწერა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ – კითხულობს ჟამთააღმწერელი და გულდათუთქული მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების მაშინდელ საშინელ სისხლიან დღეებზე, – „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის“… სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, შვილს დედას აკვლავდნენ. „ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი “. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.
ჯალალედინის ბრძანებით ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხყვეს, სიწმინდეები შეაგინეს, ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები „ეკლესიათა შინა ხატთა და ჯუართავე თანა“ შემუსრეს, მონაზვნები და მორჩილები დაატყვევეს და წამებით მოკლეს, ქალწულები შეურაცხყვეს. მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა „უკეთური იგი სული მისი“ და „განზრახვითა ეშმაკისაითა“ მოიგონა სხვა სიბოროტეც: სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა, ზედ თავისი „ბილწი საჯდომელი“ დააშენებინა და გრძელი ასასვლელი ხიდიც გაადებინა. ესეც არ იკმარა და ყველა ცოცხლად დარჩენილი დატყვევებულის გამაჰმადიანება განიზრახა. ამ მიზნით სიონის ტაძრიდან მოატანინა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე „პირაღმართ“ დაადებინა და ტყვეებს ფეხის დადგმით პატიოსანთა ხატთა შეურაწყოფა და სჯულის დატევება უბრძანა.
ჯალალედინის ხელქვეითებმა ურიცხვი ქრისტიანი ხიდის თავში დააყენეს და გამოუცხადეს: ვინც შეასრულებს სულთნის ბრძანებას, გათავისუფლდება და დასაჩუქრდება, ხოლო ვინც ეურჩება, თავის მოკვეთით დაისჯება. მაშინ ზოგიერთმა სულმოკლე ქრისტიანმა სიკვდილის შიშით ღმერთი დაივიწყა და ქრისტეს განუდგა. მაგრამ დიდმა უმრავლესობამ მხნედ მიუგო მტარვალთ:
„თუმცა შერცხვენილნი და დამდაბლებულები ვართ ჩვენი ცოდვების გამო, გულით შევსწირავთ თავს ღმრთს მოტევებისათვის ცოდვათა ჩუენთასა, რომელნიც ვქმენით ქალაქსა ამას შინა,და როგორც შევაგინეთ ჩვენი ქალაქი თავისი სიწმიდეებით, ასევე უნდა განსწმინდოს იგი ღმერთმან ჩვენი სისხლით. არ უარვჰყოფთ ჩვენ ქრისტეს, ჩვენს შემოქმედსა და უფალს, არამედ ყოველნი მისი სახელისათვის მოვკვდებით.”
ოჯახის წევრები, ნაცნობ-მეგობრები და მეზობლები ერთმანეთს ამხნევებდნენ: „ერთად ღირს ვიქმნეთ შესლვად სიწმიდესა მას შინა, სადა იგი წინა-მორბედად ჩუენთვის შევიდა იესუ, ღმერთ-კაცი იგი, მღდელი და მეფეჲ“.
ხვარაზმელები ხიდის მოაჯირის გასწვრივ გაშიშვლებული მახვილებით ხელში ჩამწკრივდნენ, ხოლო დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ ხიდზე და ქრისტეს უარყოფის ნიშნად ჯერ უნდა დაენერწყვათ და მერე ფეხი დაედგათ ხატებზე, იმ ხატებზე, რომლებსაც მთელი თავისი ცხოვრება მოკრძალებული ამბორით თაყვანისსცემდნენ და რომელთა წინ ბავშვობიდან მხურვალედ ლოცულობდნენ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, წმინდა ხატები კი არ შეურაცხ-ყო, არამედ მდაბლად თაყუანი-სცა და სიკვდილის წინ უფალს სული შეავედრა.
უსჯულო ჯალალედინი დასცქეროდა, როგორ დაუნდობელად ჩეხდნენ მისი მებრძოლები ქრისტეანებს, ზოგი მახვილით, ზოგიც ხმლით, ზოგიც შუბითა და დანით, და ხიდიდან ყრიდნენ მკვდრებსა და დაჭრილებს. ხატები წამებულთა სისხლით დაიფარა, ხოლო მტკვარი გვამებით ისე ამოივსო, რომ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასლვა ფეხის დაუსველებლად შეიძლებოდა.
ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს, მაგრამ ამავე დროს ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს და მის დედაქალაქ – თბილისს.
რომელ ერს ჰყავს ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის თავდადებული ერთდროულად ასი ათასი მოწამე? განა მრავალია ისეთი ქალაქი, ერთ დღეში ასი ათასი წმინდანი შემატოს ზეციური იერუსალიმის წმინდანთა საკრებულოს? „აჰა, მადლი ქრისტესი განსაცვიფრებელი, აჰა, სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი სამაგალითო, აჰა, ერთობაჲ ერისა სანატრელი“…
ვინ იყვნენ ისინი – ასი ათასი მოწამენი? – „სახელები მათი აღიწერა ცათა შინა – დიდ-დიდნი თავადნი და აზნაურნი, სრულიად კრებული სამღვდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი, მხედართმთავარნი და მხედარნი. ყრმანი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი;
ეს მოწამენი სულიერი ლაშქარია საქართველოსი და ისინი უფრო მეტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიდრე ჩვენ – აქ, დედამიწაზე.
„ასი ათასი მოწამის ლოცვით და სხვა ქართველ წმინდანთა ლოცვით გადარჩა დღემდე ჩვენი ქვეყანა და გადარჩება მომავალშიც, ამინ!
ჩვენ მათი შთამომავალნი ვართ, მათი გენის მატარებელნი, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და სიტყვით და საქმით, ძალისამებრ ჩვენისა, ვიაროთ ღვთის გზით.